საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]

AutoSharing Option
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ძნელად თუ წარმოვიდგენდით, ეს ტურნირი ამდენ გაწბილებას, ამდენ საფიქრალს თუ მოგვიტანდა, ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე ამდენად მძიმე რეალობას თუ დავინახავდით და ამდენი სადარდელი გაგვიჩნდებოდა.

დიდი და სრულიად რეალური ამბიციების მქონე გუნდმა ასტანაში მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვა (90 კილოგრამში ვალერი ლიპარტელიანმა და მძიმეში - ადამ ოქრუაშვილმა), რასაც გუნდურში ჩაროზად ამავე სინჯის კიდევ ერთი ჯილდო დაუმატეს.


ოღონდ ეს ბევრს არაფერს ცვლის, პირადში იმდენად ცუდი ჭიდაობის ხარისხი იყო, იმდენი რეგრესი და სიმპტომური შეცდომა
ვიხილეთ...

არადა, საოლიმპიადოდ მთავარი სწორედ პირადი პირველობაა, თორემ იქ გუნდური არ ტარდება. ჩვენები გუნდურში ყოველთვის კარგად გამოდიან, თუმცა ამჯერად იმდენად ცუდად იყვნენ მომზადებულები (ყოველ შემთხვევაში, ცუდად ჭიდაობდნენ), იქაც კი ბევრზე ბევრი ნაკლი გამოაჩნდათ და სულაც ვერ გამოიყურებოდნენ შთამბეჭდავად, თუმცა რამდენიმე ცოტა გამოცოცხლებული კი ჩანდა.

აშკარაა, გუნდი სეზონის მთავარ შეჯიბრებას ვერ შეხვდა ფორმის პიკში და თუნდაც ევროპულ თამაშებზე ნაჩვენებ დონეს გვარიანად ჩამორჩებოდა. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ესეც ერთ-ერთი სიმპტომური ხარვეზია - ევროპაზე კარგად გამოდიან, მსოფლიოზე კი ჩამორჩებიან იმ დონეს. ეს რეალობა იგრძნობოდა შარშანაც კი, როცა მსოფლიოზე ოქრო-ბრინჯაო მოვიპოვეთ და შარშანწინაც, როცა ორი ფინალისტი გვყავდა - ლიდერებმა მაშინაც ევროპაზე შედარებით უფრო სუსტად იჭიდავეს.

აქ ლაპარაკი არაა იმაზე, რომ მსოფლიო ევროპაზე ბევრად ძლიერი შეჯიბრებაა და იქ უფრო გაუჭირდებათ - ეს გასაგებია, მაგრამ საუბარი იმაზეა, რომ ცალკეული ფალავნები მსოფლიოზე უფრო ცუდად გამოიყურებიან. არადა, პირიქით უნდა იყოს.

ამ პრობლემაზე წინა წლებშიც ვწერდით, ევროპიდან მსოფლიომდე ნაკრების მზადება უნდა იყოს აღმავალი დინამიკის, ევროპა უნდა გამოვიყენოთ მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპადო. ვწერდით იმასაც, რომ წინა წლებში მსოფლიოზე წაგებები რაც გვქონდა, უფრო ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის პრობლემებიდან გამომდინარე, გუნდი კი ფორმის პიკს ასე დაშორებული არ ყოფილა.

რატომ მოხდა ამჯერად ასე, რა გვიშლის ხელს ამაში? გუნდი ვერც ბაქოში იყო ფორმის პიკზე და მზადების იმ ეტაპზე არც უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინდელი ჭიდაობის ხარისხი ბატონია ახლანდელთან შედარებით! ამჯერად ნაკრები თითქოს გადაღლილი იყო, მოშვებული, უმოტივაციოდ დარჩენილი, რამდენიმე ლიდერის ჭიდაობა კი კრიტიკას ვერ უძლებს...

საინტერესოა, სად დაუშვა გუნდმა შეცდომა, სად გამოეპარა პიკის მომენტი და რატომ ვერ იყო თუნდაც ბაქოს მსგავს ფორმაში?

ამაზე ზუსტი პასუხი სამწვრთნელო შტაბს ეცოდინება, ჩვენ კი რამდენიმე ვარაუდს გავბედავთ....

მაგალითად, ზედმეტი ხომ არ იყო ბოლო ერთობლივი შეკრება იაპონიაში და, საერთოდ, დასაშვებზე ხშირად ხომ არ დავდივართ იქ? ერთობლივი შეკრებების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ იყო კი საჭირო მსოფლიოსთვის იქ წასვლა? იქ ხომ გუნდი მნიშვნელოვნად დაზარალდა ტრავმებით...

ამიერიდან, როცა ნაკრებს სავარჯიშო ბაზა ექნება, იმედია, უცხოეთში ასე ხშირად აღარ ივლიან და შინ ჩაატარებენ ერთობლივ ვარჯიშებს. ამით იმათაც დიდ სამსახურს გაუწევენ, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება, თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში.

მწვრთნელებსაც და ცალკეულ სპორტსმენებსაც დადებითი აზრი აქვთ იაპონურ შეკრებებზე და ვიმეორებთ - დოზირებულად ეს ჩვენც საჭიროდ მიგვაჩნია, მაგრამ საკითხავია, ხომ არ ვამეტებთ? თან, ვიღებთ კი მაქსიმუმს ამ შეკრებებიდან? ყოველ შემთხვევაში, მე ვერ დავინახე, რომ "იაპონური" ილეთებიდან რამე გვისწავლია. პირიქით - ჩავლებებში საშინლად დაგვჩაგრეს. ამის პარალელურად, მასპინძლებს კი ვაძლევთ მშვენიერ საშუალებას, გაშიფრონ ჩვენი ლიდერები.

თან იმავე ჩავლების, ჩოქბჯენში ჭიდაობის, ფიზიკური მომზადების ან სხვა კუთხით თუ რამეს გვაძლევს ეს ამდენი ერთობლივი შეკრება, იქნებ სჯობდეს, იმ ვიწრო სპეციალიზაციის მწვრთნელები აქ მოვიწვიოთ - ხანგრძლივად სამუშაოდ თუ არა, სემინარების ჩასატარებლად მაინც, რომ სხვებმაც დახვეწონ ესა თუ ის კომპონენტი, თორემ ნაკრები მხოლოდ ის 9-10 კაცი არაა, ვინც უცხოეთში დადის სავარჯიშოდ.

ვაჭიდაოთ თუ არა ტრავმირებულები?
ტრავმები ვახსენეთ და საკითხავია, ხომ არ ვრისკავთ ასეთების ტურნირზე გაყვანით? იქნებ ამის ბრალიცაა ეს გაჭიანურებული ტრავმიანობა, ანუ, როცა არ ვაცლით ბოლომდე მოშუშებას, რაც მთელი სეზონი გრძელდება გუნდში. მაგალითად, უშანგი მარგიანის (81) შემთხვევაში, თუმცა წლეულს ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანიც (90) გაჭიანურებულად იტკიებენ რაღაცას. ამირან პაპინაშვილსა (60) და სხვებსაც ჰქონდათ ხანგრძლივი ტრავმები.

გამაყუჩებლებით ჭიდაობაც დასაშვებია და ისიც კარგად გვესმის, ძნელია, ამ დონის ლიდერებს შეელიო, მაგრამ შედარებით უტიტულოების დასვენება ან შეცვლა ხომ არ აჯობებდა? მაგალითად, მარგიანის? მან გუნდურში ცოტა უკეთ კი იჭიდავა, მაგრამ პირადში ძალიან ცუდად გამოვიდა. იქნებ სჯობდა, მის ნაცვლად ვინმე სხვა წაეყვანათ თუნდაც გამოცდილების მისაღებად?

კარგით, ბატონო, 100 კილოგრამში სოლიდური არავინ გვყავს, არც ვაჟა მარგველაშვილი (66) წაიყვანეს (თუმცა მან გუნდურში არცთუ ურიგოდ იასპარეზა, მაგრამ მწვრთნელები ყველა შეხვედრაში მაინც არ ენდნენ), ლუხუმ ჩხვიმიანის (60) წაყვანა მაინც შეიძლებოდა, ვინც, ვფიქრობ, მეტ შანსს იმსახურებს.

ვერც ლევან მატიაშვილმა დაგვანახა რამე ღირებული, იმის მიუხედავად, რომ მის წაგებაში დამნაშავე მსაჯიც მგონია. მას წონა აქვს მომატებული და ბევრადაა დაშორებული ადრინდელ კონდიციებს, როცა მართლა ძლიერი მძიმეწონოსანი იყო.

შეკრებებზე ყველას ცხადად ეტყობა, ვინ როგორ ფორმაშია და კარგი იქნება, მწვრთნელები საკადრო გადაადგილებებს უფრო თამამად თუ მიმართავენ.

იქნებ აჯობებს, მეორე ჯგუფის ლიდერები დაასვენონ თუნდაც მთავარი შეჯიბრებებისგან და საფუძვლიანად, ბოლომდე უმკურნალონ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოირჩინონ ტრავმა?

მაგალითად, ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი (+100) ევროპულ თამაშებზე ხელის მცირე ტრავმის გამო არ ჩავიდა, რათა მსოფლიოსთვის კარგად მომზადებულიყო. მართალია, ამის მიზეზად არაოფიციალურად ფინანსური მოტივიც ახსენეს - გამოსვლის სანაცვლოდ ბლომად პრემია მოითხოვაო, მაგრამ ეს კულუარული ხმებია, ოფიციალურად კი ის მიზეზი დაასახელეს.

ამ დროს ჩვენ იგივე მარგიანი ბაქოშიც ტრავმით ვაჭიდავეთ და, ცხადია, ვერც შედეგი მივიღეთ. სხვები თუ ასვენებენ ლიდერებს, ჩვენც დავასვენოთ და ბოლომდე ვუმკურნალოთ.

მივხედოთ ფიზიკას
ასტანაში ფიზიკური მოუმზადებლობა გუნდის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად გამოჩნდა. არადა, ეს ის კომპონენტია, რასაც უნდა დაეშენოს დანარჩენი - ტექნიკა, ტაქტიკაც და ყველაფერი.

ოღონდ ჩვენებს მომზადება აკლდათ თუ პირიქით - დასვენება, ანუ გადაღლილები იყვნენ, ამაზე ჩემზე უფრო ზუსტი პასუხი მწვრთნელებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო თამამად შემიძლია იმის თქმა, რასაც შარშან და უფრო ადრე შეფარვით ვამბობდი - ეტყობა, გუნდს თანდათან "გამოუნელდა" პეტერ ზაიზენბახერის ძალისმიერი ვარჯიშები...

ავსტრიელმა ფიზმომზადების კუთხით საკმაოდ დიდი სამუშაო ჩაატარა და ბევრიც გაუკეთა ბიჭებს, მაგრამ ის არ იყო მწვრთნელი, იყო მხოლოდ ვიწრო სპეციალობის კადრი - ფიზმომზადების სპეციალისტი და ამიტომ ვერ ანაწილებდა ძალებს თანაბრად, ვერ ახერხებდა გუნდის პიკში მიყვანას...

ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი კი ამბობს, რომ უცხოეთიდან ფიზმომზადების მწვრთნელის ჩამოყვანა არაა აუცილებელი და ამ ხარვეზის აღმოფხვრას ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის პროგრამის დანერგვის შემდეგაც შეძლებენ ჩვენი მწვრთნელებიო, მაგრამ ადგილობრივები როდის იმ პროგრამას გაეცნობიან, როდის აუღებენ ალღოს და დანერგავენ ცხოვრებაში...

არადა, ოლიმპიადა კარს მოგვადგა და ვფიქრობ, ფედერაციამ დრო არ უნდა დაკარგოს, სასწრაფოდ მოიწვიოს ამ დარგის სპეციალისტები უცხოეთიდან. თუნდაც პერიოდულად მაინც - ვთქვათ, სეზონის მთავარი შეჯიბრებების წინ 1-2 თვით. ცხადია, აჯობებს, წლიდან წლამდე თუ იქნებიან აქ, მაგრამ ეს დამატებითი ხარჯია, ასე პერიოდულად მოწვევა კი არც იმდენად ძვირი დაჯდება და საერთო დონეს ცოტათი მაინც ავამაღლებთ.

ოღონდ ეს უნდა იყოს მხოლოდ ფიზმომზადების სპეციალისტი, რომელიც მთავარ მწვრთნელად არ უნდა მოგვევლინოს, როგორც ეს ზაიზენბახერის შემთხვევაში მოხდა.

ისე, საინტერესოა, ნაკრებში რატომ არსად ჩანს გია გუგავას ხელი, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობისას ფიზიკურ მომზადებაში მშვენიერ შედეგს მიაღწია.

გავიხსენოთ, როგორ გახდა ლაშა შავდათუაშვილი (73) 2011 წელს ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და რა დღეში ჩააგდო ფინალში სლოვენიელი ანდრაზ იერები - ისე მოღალა, ფეხზე ვერ იდგა, ხოლო თვითონ მეორედ რომ შეგეშვა ტატამზე შეუსვენებლად, დაღლა არ დაეტყობოდა, იმასაც ისე მოიგებდა.

არადა, მაშინ ზაიზენბახერი კორეა-იაპონიაში დაატარებდა გუნდს, გუგავა კი ვაკის პარკთან რომელიღაც კორპუსის კიბეებზე სირბილში ავარჯიშებდა თავის შეგირდებს და იქ მიაღწია იმ შედეგს.

(გაგრძელება ხვალინდელ ნომერში)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ სპორტის სახეობაშიც იგივე უნდა დავწერო,.. არა რის მასობრივი,,, მტელი რიგირ რეგიონების ჩამოთვლა შეიძლება სადაც სპროტის ეს სახეობა არა თუ განვიტარწებული ერთი მწვრთვნელიც კი არ ჰყავთ. როგორც ფეხბურთში აქაც მუქთახორებით არის სავსე ხელმზღვანელობა. წარსულში კარგი სპორტული კარიერა არ ნიშნავს რომ კარგი მენეჯერები არიან, ერთხელდასამუდამოდ ხომ უნდა გაიაზროს ვინმემ ეს!
Davit
13:22 02-09-2015
0
ფეხბურთს ნაღდად ვერ შეადარებ ძიუდოს, საკმაოდ ბევრი რაღაც კეთდება და ნამდვილად არ ეთქმის საყვედური ქევხიშვილს. უბრალოდ, ერთბაშად ხომ ვერ მოედება მთელ ქვეყანას... ნეტავ სხვა სახეობებში კეთდებოდეს იმდენი, რამდენიც ძიუდოში, ზოგ სახეობაში ჩანასახოვან დონეზეც რომ არ ვართ.
მწვრთნელებს რაც შეეხება-კვალიფიკაციის ამაღლება ნამდვილად არ აწყენდათ და მაგას ნამდვილად უნდა მიეხედოს.

ბექა ვერ გადავა 100კგ-ში, დაბალია მაგ წონისათვის. კრპალეკი, ფრეი და ასეთები 1,90მეტრის ფარგლებში არიან, ბექა 1,75-ზე მაღალი არ იქნება და გაუჭირდება მაგათთან ძალიან. ვარლამი მაღალია და უფრო აქვს შანსი, მაგრამ ამ 2 წელიწადში ეგ ნაღდად არ მოხერხდება, ახლა კატასტროფა იქნება მაგის წონის შეცვლა, ოლიმპიადაზე თეორიულ შანსსაც დაკარგავს...
franio
13:54 02-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული