საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [დასასრული]

AutoSharing Option
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ძნელად თუ წარმოვიდგენდით, ეს ტურნირი ამდენ გაწბილებას, ამდენ საფიქრალს თუ მოგვიტანდა, ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე ამდენად მძიმე რეალობას თუ დავინახავდით და ამდენი სადარდელი გაგვიჩნდებოდა. დიდმა და სრულიად რეალური ამბიციების მქონე გუნდმა ასტანაში მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვა (90 კილოგრამში ვალერი ლიპარტელიანმა და მძიმეში - ადამ ოქრუაშვილმა), რასაც გუნდურში ჩაროზად ამავე სინჯის კიდევ ერთი ჯილდო დაუმატეს.

ოღონდ ეს ბევრს არაფერს ცვლის, პირადში იმდენად ცუდი ჭიდაობის ხარისხი იყო, იმდენი რეგრესი და სიმპტომური შეცდომა ვიხილეთ...

დასასრული. იხილეთ დასაწყისი

პროგრესი თუ რეგრესი?
პროგრესი ვერც ცალკეულ სპორტსმენებს შევატყვეთ ადამ ოქრუაშვილის (+100) გარდა, რომელმაც წონა დაიკლო, მოძრაობაში უფრო თავისუფალი გახდა და ბრინჯაოსაც შესწვდა. ავთანდილ ჭრიკიშვილს ფეხიც სტკიოდა, მაგრამ მაინც არ გვგონია, მხოლოდ ამის ბრალი იყოს მისი ისეთი გამოსვლა.

დანარჩენებზე პროგრესს ვერ ვიტყვით: ამირან პაპინაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (73) შორს იყვნენ ბაქოს ფორმისგან; ლაშა შავდათუაშვილი (73) ისევ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა; ახალი თაობის წარმომადგენლები - მარგიანი და მატიაშვილი საშუალო დონის ფალავნებად მოგვევლინნენ; ჭრიკიშვილი ზედიზედ მესამედ დამარცხდა იაპონელ ტაკენორი ნაგასესთან და თან ის ასეთ ცუდ ფორმაში წლებია, აღარ გვინახავს; ლიპარტელიანიც ვერ იყო კარგ ფორმაში, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ამის კომპენსირებას ჭკუით და ინტელექტუალური ჭიდაობით მაინც ახერხებდა...

ფიზიკურად მთლად კარგად ვერც ბექა ღვინიაშვილი (90) გამოიყურებოდა, ოღონდ მასზე რეგრესის დასაბრალებლად ენა მაინც არ გვიბრუნდება, თუმცა არც პროგრესია, როგორღაც ერთ ადგილზე გაჩერდა - არა ახალი ილეთები, არა ახლებური ტაქტიკა, ახალი მიდგომა ლიდერებთან საჭიდაოდ...

გუნდის რამდენიმე წევრი სისტემატურად ავლენს ერთსა და იმავე შეცდომას, რაც ინდივიდუალური მუშაობის ნაკლებობის ბრალი გვგონია. საუბედუროდ, ინდივიდუალური მუშაობა გუნდში თითქმის არ იგრძნობა - ვერც ჩვენს ფალავნებს შევამჩნიე, რომ რაღაც ახალი ჰქონდათ ნასწავლი და ვერც ის, რომ მეტოქეები ჰყავდათ საგანგებოდ შესწავლილი და საწინააღმდეგოს უპირისპირებდნენ რამეს.

არადა, ვნახოთ, როგორ იჭიდავეს ჩვენ წინააღმდეგ სხვებმა! ნაგასე ჩემპიონატის დაწყებამდე აცხადებდა, რომ საგანგებოდ მოემზადა ჭრიკიშვილთან საჭიდაოდ და კარგად გამოჩნდა, როგორც მომზადებულა - ჩავლება არ ააღებინა, ხელი არ გაატოკებინა ჩვენებურს.

რუსმა კირილ დენისოვმაც (90) ტრადიციული გაშლილი ხელით აღებული ჩავლების, შორ დისტანციაზე დაჭერისა და გამოცერვების ნაცვლად შტურმი მოუწყო ღვინიაშვილს და ახალი ილეთებიც "გამოამზეურა" (ცოტა უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეციო გამბა მას კუბელი ეშლი გონსალესის წინააღმდეგ ამუშავებინებდა გარკვეულ ილეთებს). უკვე მერამდენე წელიწადია, ეს ერთი დენისოვი გვინადგურებს ნაკრების რჩეულ ფალავნებს, ჩვენ კი ვერა და ვერ მოვუძებნეთ გასაღები. ერთი პერიოდი თითქოს გადავჭერით ეს პრობლემა, როცა ლიპარტელიანმაც მოუგო და - ზვიად გოგოჭურმაც, მერე კი რუსებმა სიახლეებზე იმუშავეს და, ჩვენდა საუბედუროდ, ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ჩააყენეს...

არადა, როგორ იოლად დაამარცხა ის ფინალში კორეელმა გვაკმა... კორეელებსაც ბევრი აქვთ ნაშრომი ინდივიდუალურად და სხვებს თავი დავანებოთ, იმავე გვაკმა წონის ორი ლიდერი დაამარცხა - ლიპარტელიანი და დენისოვი...

საკითხავია, რატომ არ იგრძნობა ჩვენს ნაკრებში მწვრთნელთა ასეთი მიდგომა, როცა სამწვრთნელო შტაბი კიდევ უფრო გაიზარდა? ვფიქრობ, პრობლემას გადაჭრიდა კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტი, რასაც ფედერაცია ითხოვდა, მაგრამ მწვრთნელთა კორპუსის დიდი წინააღმდეგობით, ეს იდეა ჩავარდა. საინტერესოა, რა იყო მათთვის მიუღებელი შეთავაზებულ ვარიანტში - ცალკეული პერსონები თუ თავად სისტემა?

მიკერძოებული მსაჯობა?
ნაკრების წარუმატებლობაზე საუბრისას ოპონენტები აუცილებლად შემახსენებენ ორ ფაქტორს: ევროპის ჩაშლილ ჩემპიონატს, რამაც ევროპელებს გეგმები აგვირია, და მიკერძოებულ მსაჯობას.

აპრილში ევროპის ჩემპიონატის ჩაშლა მართლაც სერიოზული დარტყმა იყო, რადგან ნაკრების სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა, მსოფლიოსთვის მზადების ადრიანად გაწერილი გეგმა თავიდან დაეწერა. სწორედ ასე გაჩნდა მეორე იაპონური ერთობლივი შეკრება, რათა აპრილში გაჩენილი ერთთვიანი იძულებითი პაუზა როგორმე შეევსოთ.

გეგმები ყველა ევროპულ ქვეყანას აერია და ამან მართლაც იქონია გავლენა დანარჩენებზე. ისიც მართალია, რომ ამ მსოფლიოზე ევროპელები წარუმატებლად გამოვიდნენ, აზიელებმა გაიჯეჯილეს - ევროპამ მხოლოდ ერთი ოქრო ირგუნა 7-დან, მთლიანობაში კი 11 მედალი მოიპოვა, მაგრამ ვიმეორებთ - გუნდი ევროპულ თამაშებზე ბევრად უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე - ახლა. ეს კიდევ ერთხელ მიჩენს ეჭვს, რომ ხანმოკლე მოსამზადებელ პერიოდს უკეთ ვგეგმავთ, ვიდრე - ხანგრძლივს.

მსაჯთა ნებსითი თუ უნებლიე შეცდომების მხრივ ეს ჩემპიონატი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. ვფიქრობ, არბიტრებმა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა მართლაც დაუშვეს ჩვენი მისამართით, თუმცა ყველაზე საწყენად ოქრუაშვილის ნახევარფინალური პაექრობა მიაჩნია იაპონელ რიუ სიჩინოესთან, როცა ჩვენებური ზედმეტად გააფრთხილეს.

ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გაცილებით უკეთესი ხარისხის მედლის მოპოვების შანსი დავთმეთ, თორემ სხვა შეხვედრებში ასე გარანტირებულად არაფერი დაგვიკარგავს - ჩვენები იმდენად ცუდად ჭიდაობდნენ, კაცმა არ იცის, მოიგებდნენ თუ ვერა იმ პაექრობებს.

ოღონდ ოქრუაშვილის შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ჩვენებურს ცოტა მეტი ჟინი მოეთხოვებოდა.

დანარჩენი პაექრობებიდან საკამათო იყო, ვთქვათ, მატიაშვილის გაფრთხილებები კუბელთან, როცა ის ერთ ეპიზოდში 6-ჯერ ჩაწვა. ასევე გუნდურში ჭრიკიშვილის მოხსნა მონღოლთან - ვფიქრობთ, იქ არ იყო მტკივნეული შეტევა ხელზე...

სამწუხაროდ, სხვა შემთხვევების გახსენებაც შეიძლება, როცა ესენი უტევდნენ, მაგრამ მაინც ამათ აფრთხილებდნენ, თუმცა, ვიმეორებთ - ჩვენების ჭიდაობის ხარისხი ისეთი იყო, გარანტირებული არაფერი გვქონდა. მაგალითად, იმავე ჭრიკიშვილს რომ მოეგო, მონღოლეთს ვუგებდით, მაგრამ მოიგებდა კი? ან ამ ჭიდაობით ნახევარფინალში გავცდებოდით სამხრეთ კორეას? გამოდის, იქნებ ბრინჯაოზე მეტი მაინც ვერ მოგვეპოვებინა... ან იგივე მატიაშვილი მომდევნო შეხვედრებში მიაღწევდა წარმატებას?

ამიტომ ვამბობ, რომ მსაჯთა შეცდომების მიუხედავად, ბევრი არაფერი დაგვიკარგავს, რადგან ამ ტურნირზე დიდი შედეგებისთვის საჭიდაოდ მზად არ ვიყავით.

წესებზე საუბრისას ერთიც უნდა ვთქვა - ჩვენები იმდენად ხშირად ცდებოდნენ ერთსა და იმავე მარტივ სიტუაციებში, მომეჩვენა, რომ კარგად არ იცნობენ წესებს. 1-2 შემთხვევაში ასევე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენში სათანადოდ არაა შესწავლილ-გაანალიზებული მალაგაში მსაჯთა სემინარზე მიღებული შესწორებები.

სხვათა შორის, ამაზე ჩვენებს მასტერსზეც ედავებოდნენ უცხოელი მსაჯები...

ისევ დამოკიდებულება მედიასთან
კიდევ ვიმეორებ - ჩემი აზრით, გუნდი ასტანაში არ იყო ფორმის პიკში, ამ დროს კი, ბუნებრივია, არაფერი გამოგდის. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ზოგს "ვარსკვლავური ავადმყოფობაც" შეეყარა და ვარჯიშს ცოტა ზერელედაც ეკიდება; ზოგმა ირწმუნა, რომ წარმატება თავისთავად, იოლად და უვარჯიშებლადაც კი მოვა...

ამის თქმის საფუძველს ჟურნალისტებთან მათი დამოკიდებულება მაძლევს. ამ მხრივ ბაქოში რა ხდებოდა, უკვე ვწერდი, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა არც აქაა, როცა საქართველოში ემზადებიან - გვარ-სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ბევრთან ინტერვიუს ჩაწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


თან ეს ეხებათ არა მარტო ლიდერებს, არამედ - ახალგაზრდებსაც. ისე იქცევიან, თითქოს ეს ინტერვიუები ჩვენ, ჟურნალისტებს გვჭირდებოდეს რაიმეში. არადა, თავისუფლად შეგვიძლია, მათი ინტერვიუს ნაცვლად სხვა საქმე ვნახოთ. მით უფრო, ბევრის ნალაპარაკევს იმდენად ბევრი შრომა სჭირდება გრამატიკულად გასამართავად, ვიდრე საგაზეთო სტატიად ვაქცევთ, აშკარად ჯობია, სხვა საქმე გამოვძებნოთ.

მათ არ აქვთ შეგნებული, რომ ეს ინტერვიუები ჩვენ კი არა, იმ ხალხს სჭირდება, ვინც მათ გადასახდის გადახდით ხელფას-პრემიას უხდის, ჩვენ მხოლოდ მათი შუამავალი ვართ. აი, როცა ეს გაუჯდებათ გონებაში, მაშინ პასუხიმგებლობასაც იგრძნობენ, უპირველესად, იმ ხალხის წინაშე, და ვარჯიშსაც სხვანაირად მიუდგებიან...

გამონაკლისია ლიპარტელიანი (არც ოქრუაშვილს დაუმადლებია საუბარი), რომელიც ბაქოში ერთადერთი წაგებული იყო, ვინც ინტერვიუზე ამოვიდა - ეს უკვე მისი ინტელექტის მანიშნებელია და ვერავინ უარყოფს, რომ ის მართლაც გამოირჩევა გუნდში. იქნება, ამიტომაცაა ყველაზე სტაბილური ძიუდოისტი - ზედიზედ მეშვიდე ევროპირველობაზე და ზედიზედ მესამე მსოფლიოზე მოიპოვა მედალი!

ლიპარტელიანი თუ ღვინიაშვილი?
ამ მსოფლიოს ჩემპიონატმა ისევ აქტუალური გახადა კითხვა: ვინ უნდა წავიდეს ოლიმპიადაზე 90 კილოგრამში? არადა, ვფიქრობ, საკითხი მეტად მარტივია - ყველაფერს გადაწყვეტს რეიტინგი და ისიც, გაისად ვინ იქნება უკეთეს ფორმაში.

90-ში ჩვენი ფალავნები ახლოსაც არიან ერთმანეთთან, ხოლო გაისად თუ რომელიმე კონკურენტზე უფრო უკეთ იჭიდვებს, ეს რეიტინგშიც აისახება. ამასთან, შეჯიბრებებზე მათი გზებიც გადაიკვეთება, რაც კონკურენციის გარკვევას კიდევ უფრო გააიოლებს.

იგივე ითქმის 73 კილოგრამზეც, სადაც ტატალაშვილი და შავდათუაშვილი ასევე მძაფრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, თუმცა რეიტინგში ტატალაშვილია დაწინაურებული.

ჯერჯერობით კი სწორედ პირადი შეხვედრებიდან გამომდინარე, უპირატესობა მაინც ლიპარტელიანის მხარესაა - ღვინიაშვილმა თბილისის "დიდ პრიზზე" კი მოუგო, მაგრამ ლიპარტელიანმა აჯობა ევროთამაშებზეც და ახლაც. თან, გამოჩნდა, რომ ღვინიაშვილი ჯერ წონის ლიდერებთან საჭიდაოდ მზად არაა, ისე წააგო დენისოვთან, ილიას ილიადისთან...

ღვინიაშვილი რომ ზენიჭიერია, საკამათო არავისთვისაა, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია ლიდერებამდე. ისე, საკითხავია, რატომ არ ჩანს სიახლეები მის ჭიდაობაში, რატომ ვერაფერს უპირისპირებს ფავორიტებს? ცხადია, მას ჯერ აკლია გამოცდილება, რაც დრომ და ხშირმა სატურნირო პრაქტიკამ უნდა მოიტანოს, თუმცა სიახლეების გარეშე დიდი პროგრესი არ მოვა.

ვფიქრობ, კარგი იქნება, ღვინიაშვილს ახლა ცოტას თუ დაასვენებენ და ახალგაზრდულ ნაკრებში აღარ დატვირთავენ. ან, პირიქითაც შეიძლება - ახალგაზრდულში დააყენონ და ეროვნულისგან დაასვენონ, მაგრამ ჯერ ერთი, რომ გადაღლილია და დასვენება სჭირდება, თანაც, თანატოლებში ჭიდაობა მას ვერაფერს შემატებს, იმდენად წინაა მათზე. სამაგიეროდ, უფროსებთან პაექრობაში უნდა გამოიწრთოს, უნდა აიმაღლოს კლასი.

როგორც ვთქვით, იგივე ითქმის 73-ზეც და მძიმე წონაზეც, იქაც თუ ასე დაიძაბება ოლიმპიადაზე წამსვლელის საკითხის გარკვევა (ჯერჯერობით მატიაშვილი ჩამორჩა ოქრუაშვილს).

ვიმეორებთ - ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, რადგან წინ მთელი სეზონია. არადა, ყველაფერი სწორედ ამ ერთ წელიწადში უნდა გადაწყდეს, თამაშებზე კი უნდა წავიდეს ის, ვინც იმ მომენტისთვის უკეთეს ფორმაში იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან დროული და სასარგებლო სტატიაა. იქნებ ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობის აზრიც გაგვაგებინოთ როგორ აპირებენ კრიზისიდან გამოსვლას.
იმედა გიგაური
14:23 04-09-2015
0
ვეთანმხები ავტორს ყველაფერში. ერთი რამე მინდა ვთქვა. კი, მსაჯობა ყველას თვალში მოგვხვდა და აღშფოთებულიც ვიყავით ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თუმცა გუნდურში ჭრიკიშვილი რომც არ მოეხსნათ და გაგვევლო მონღოლების ბარიერი, სამხრეთ კორეასთან მაინც შევრცხვებოდით. 0-5 არ აგვცდებოდა იმდენად ჩვენზე ძლიერი იყო კორეა ამ ჩემპიონატზე. პაპინა მოუგებდა ანს? რომელიც ისე გახდა ჩემპიონი გდება არ გაუშვია, თუ ტატალა მეორე ანს, რომელმაც ასევე თითქმის უზადო ჭიდაობა აჩვენა? მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ასეთი მომზადებით ბრინჯაოც მშვენიერი შედეგია
fraternity
14:10 04-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული