ასტანაშიც ერთი მთავარი ფავორიტთაგანი კორეელთა მომავალ ჩემპიონ გვაკთან დამარცხდა და მესამეზე გავიდა. ეს მსოფლიოს პირველობებზე ზედიზედ მესამე წარმატებაა, ევროპაზე კი შვიდი წელიწადია, უმედლოდ არ რჩება.
მას ასტანადან დაბრუნების შემდეგ ვესაუბრეთ და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს წინ შესავალით თავს არ შეგაწყენთ. მით უფრო, ბევრ საინტერესოს წაიკითხავთ,
- საკუთარ გამოსვლას როგორ აფასებთ, რამდენად ხართ კმაყოფილი ამ ჭიდაობით, ამ შედეგით?
- ტრავმის მიუხედავად, ვფიქრობ, ნორმალურად გამოვედი. ბუნებრივია, ოქროს მედალი ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუმცა დაღლით რომ წამეგო, ან ფიზიკური ძალა არ მყოფნოდა, ასეთიც არაფერი მიგრძვნია. შეიძლება, იყო ცოტა ფსიქოლოგიური ხარვეზი, ან ტაქტიკურადაც რაღაც სხვანაირად გაკეთებულიყო, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. თუმცა, როცა ოქროს მედალს გეგმავ, ფავორიტებში ხარ და ასე აგებ, ძნელია. მას შემდეგ დღემდე მოწყენილი ვარ, ხასიათი ვერ გამოვიკეთე. ძალიან დასანანი მარცხი იყო.
- ამბობთ, რომ ფიზიკურად არ გაგჭირვებიათ, თუმცა ტელევიზორიდან რაც ჩანდა, გარკვეულ შეხვედრებში, უფრო ტურნირის ბოლოს და უფრო ბოლო წუთებზე იყო ამ ტიპის პრობლემები.
- მსოფლიოს ჩემპიონატია და ყველა კარგადაა მომზადებული, განსაკუთრებულად. აქ ერთი თავით ვერ დაჩაგრავ ყველას, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ნორმალურად ვიყავი მომზადებული. იყო ტრავმით გამოწვეული რაღაც ნიუანსები, რისი გამოსწორებაც შეიძლებოდა. დასაწყისში იმიტომ გავამახვილე ყურადღება, ტრავმის ფონზე ნორმალურად გამოვედი-მეთქი, რომ ვერ ვახერხებდი სწრაფი გარბენების, სწრაფი შესვლების გაკეთებას, სისწრაფეზე ვერ ვმუშაობდი და იაპონური შეკრების შემდეგ სპარინგი არ ჩამიტარებია.
- მთლიანად გუნდზე რას ფიქრობთ, ცოტა გადაღლილი ხომ არ იყო?
- ამაზეც გვქონდა ლაპარაკი მწვრთნელებთან, თუმცა ეს პრობლემა მარტო ჩვენს გუნდს კი არა, ყველა ევროპულ ნაკრებს ეტყობოდა. ევროპის ჩემპიონატის ჩაშლა და შემდგომ ბაქოს ევროპული თამაშები ამ შედეგზეც აისახა - მხოლოდ ერთი ევროპელი გახდა ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი და ბაქოში იმასაც არ უჭიდავია.
- ჩემპიონატამდე ვის მიიჩნევდით მთავარ კონკურენტებად, ვისზე მუშაობდით პერსონალურად და ეს კორეელი გვაკი თუ შედიოდა ამ სიაში?
- მოწინავე რვა კაცში შემავალ ყველა სპორტსმენს განვიხილავთ მთავარ კონკურენტად, მაგრამ კონკრეტულად ამ გვაკზე არ გვიმუშავია. ყურადღებას უფრო დენისოვზე, გონსალესსა და იაპონელებზე ვამახვილებდით.
- აქამდე არც გვაკი იყო უცხო და ჩანდა, რომ მზარდი სპორტსმენია...
- რა თქმა უნდა, ჩანდა - მოიგო ძიგორო კანო, აზიის თამაშები და ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არაა. როგორც მახსოვს, მეოთხედ შევხვდი და წინა სამში მოვუგე. სამწუხაროდ, ყველაზე სერიოზულ ტურნირზე მოახერხა მოგება. თუმცა, ვფიქრობ, მისი ფაქტორი მომავალში აუცილებლად გასათვალისწინებელია და ის ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი იქნება.
- როგორ ფიქრობთ, ახლა რის ხარჯზე მოგიგოთ - თქვენივე შეცდომის?
- თვითონაც კარგად იყო მომზადებული, მაგრამ ვფიქრობ, მე რომ არ დამეწყო ილეთი, ის გდების გამკეთებელი არ იყო. ამას კარგად ვგრძნობდი ჭიდაობისას - თუ დააპირებდა ილეთს, დიდი შანსი იყო, მომეყოლებინა. სამწუხაროდ, ვიჩქარე, მოვინდომე გდებით მოგება და მე მოვყევი, თორემ შესაძლებელი იყო, გაფრთხილებებით მიმეყვანა საქმე გამარჯვებამდე.
- შეხვედრის შემდეგ უკმაყოფილება აშკარად გამოხატეთ...
- ბუნებრივია, რადგან იგრძნობოდა ჩვენ მიმართ მსაჯთა არაობიექტური დამოკიდებულება. თუნდაც გუნდურზე ჭრიკიშვილის მოხსნა ავიღოთ.
სამწუხაროდ, ჩვენგან მომკითხავი არავინაა და რატომ ხდება ასე, ვერ გეტყვით. იქნებ პროტესტმა შედეგი არც გამოიღოს, მაგრამ, როცა შენი წარმომადგენელი მიდის და პასუხს ეძებს, კარგია, ხოლო როცა ასე არ ხდება, გულდასაწყვეტია.
- გუნდურში თქვენს გამოსვლაზე, ზოგადად, ამ შეჯიბრებაზე რას იტყვით?
- გუნდურში მონღოლების დამარცხება შეიძლებოდა, რადგან ჭრიკიშვილისთვის ის გაფრთხილება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცათ. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ არავინ მოუხსნიათ, ეს კი მოხსნეს და არც მომდევნო შეხვედრებში გამოსვლის უფლება ჰქონდა.
ვფიქრობ, ამ მსოფლიოზე ქართველებს ძალიან მკაცრად მოგვექცნენ. თუნდაც ნუგზარ ტატალაშვილის და მონღოლი ოდბაიარ განბაატარის შეხვედრა ავიღოთ - საყოველთაო აზრით, მონღოლი უნდა გაეფრთხილებინათ და ის შეხვედრა, მინიმუმ, დამატებითში უნდა გაგრძელებულიყო. ყველა ამბობდა, რომ მონღოლი უნდა გაეფრთხილებინათ.
ისიც თქვეს, თურმე, საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე ხუან ბარკოსსაც კი მიუცია შენიშვნა იმ არბიტრისთვის, თუმცა ეს არაფერს ცვლის, არავინ იცის, ბიჭს რა დააკარგინეს.
ასევე მატიაშვილსაც არ ეკუთვნოდა ის გაფრთხილება... ვერ ვხვდები, რატომ იყო ჩვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ამდენი შეცდომა, თუმცა ამას არც უნდა გამოვეკიდოთ
- გერმანელებთან მოულოდნელი იყო მძიმეში თქვენი დაყენება. რამ განაპირობა ეს?
- ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრა იყო, გადაწყვეტილება კი იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ მანამ გერმანელებმა გუნდურში მძიმე წონაში 100 კილოგრამის ფალავანი დმიტრი პეტერსი დააყენეს და გვეგონა, მაშინაც იმას აჭიდავებდნენ. იმ მეორე გერმანელსაც ვიცნობდი - სვენ ჰაინლეს, მინახავს მისი ჭიდაობები. ლამაზი გდებით მოვუგე, თუმცა პატარა ტრავმაც მიიღო.
- პეტერსთან თქვენი დაყენებაც რისკია - კაცი ოლიმპიური პრიზიორია, ხოლო ასტანაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ბრინჯაო.
- ცხადია, ისიც ძლიერია, თუმცა მასთან შეკრებებზე ხშირად მიჭიდავია. მწვრთნელებმაც იცოდნენ ეს შეხვედრები და შანსი მქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან გასვლა. თან ჭიდაობის სტილი ისეთია, ჩემი სტილის ფალავნებთან უჭირს.
- ჯარჯიმ რით ახსნა წაგება, ამ თემაზე თუ ესაუბრეთ?
- არა, არ მინახავს სალაპარაკოდ და ვერაფერს გეტყვით. როგორც ვიცი, სეზონის დასაწყისში ხელის ტრავმა აწუხებდა და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა. ბაქოში მითხრა, რომ მოირჩინა ტრავმა, მაგრამ მსოფლიოს მაინც ვერ შეხვდა ფორმაში.
- ღვინიაშვილთან ბრინჯაოსთვის შეხვედრაზე რას იტყვით?
- თანაგუნდელთან ჭიდაობა ყოველთვის რთულია. თან ღვინიაშვილი ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენია და ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ ორთაბრძოლაში ტაქტიკურად მე უფრო კარგად ვიჭიდავე. სიმართლე გითხრათ, მასთან ფინალში შეხვედრაზე ვფიქრობდი, მაგრამ ასე არ მოხდა და ბექა უმედლოდ დარჩა, თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქე იქნება და მომავალში ევროპა-მსოფლიოზე უმედლოდ არ დარჩება. ის ღირსეული შემცვლელია 90 კილოგრამში.
- საინტერესოა, ამ შეხვედრის წინ როგორ გამზადებდნენ მწვრთნელები, რომელთან ვინ მუშაობდა და, საერთოდ, თანაგუნდელთა შეხვედრის შემთხვევაში, როგორ მუშაობენ მწვრთნელები, თუ საერთოდ არ ერევიან არაფერში?
- ნახეთ, რომ სამსაჯო სკამზე არავინ იჯდა. არც მოსათელ დარბაზში ყოფილა დაყოფა - მწვრთნელებმა გვითხრეს, რომ უნდა გვეჭიდავა ერთმანეთში და გამოგვევლინა ჩვენი შესაძლებლობები. მწვრთნელებს აინტერესებთ უძლიერესის გამოვლენა და ამიტომ ყოველთვის გვავალებენ ჭიდაობას. ამდენად, ჩვენთან დათმობა არ ხდება...
- მომდევნო ოლიმპიურ ციკლში წონის შეცვლას ხომ არ ფიქრობთ?
- ოლიმპიადის შემდეგ აუცილებლად შევიცვლი წონით კატეგორიას, 100-ში გადავალ. უკვე 3-4 წელიწადია, 5-6 კილოგრამს ვიკლებ, რაც ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია და გამიჭირდება, კიდევ 4 წელიწადი 90-ში გავატარო. მთავარია, ჯანმრთელობა იყოს და ვეცდები, 100-შიც ისეთივე წარმატებები მოვუტანო ჩემს ქვეყანას.
- თქვენი აზრით, ოლიმპიადისთვის მუშაობის გაძლიერება რაზე გჭირდებათ?
- ოლიმპიადისთვის სულ სხვანაირი მომზადებაა საჭირო და ის გაცილებით ადრე უნდა დავიწყოთ. ალბათ, ევროპის მომავალი ჩემპიონატი რიგით ტურნირად უნდა განვიხილოთ და ისე ვიჭიდაოთ მე და ჭრიკიშვილმა, რადგან ჩვენთვის ქულებს დიდი მნიშვნელობა არ ექნება.
უპირველესად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფიზიკურ მომზადებაზე - ოლიმპიადაზე წონაში 32 კაცი ჭიდაობს, თან დღეში თითო წონითი კატეგორიაა და მალ-მალე მოგვიწევს შეხვედრები, ასეთ პირობებში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღდგენას. ამაზე ბევრი გვექნება სამუშაო. ასევე - ტაქტიკურად, ტექნიკურად, სისწრაფეზე, ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ მთავარი მაინც აღდგენა იქნება, რათა ისე გადავანაწილოთ ძალები, რომ არ გადავიღალოთ.
- როგორ ფიქრობთ, ფიზმომზადებაში გჭირდებათ უცხოელი სპეციალისტი? ან ზაიზენბახერის ვარჯიშებს, თქვენს იმდროინდელ დონეს რომ ადარებთ, გჭირდებათ იმ ტიპის ვარჯიშები ახლა?
- მგონი, უცხოელის გარეშეც შევძლებთ, რადგან მწვრთნელებს გამოცდილება დიდი აქვთ - სპორტსმენობაშიც და მწვრთნელობაშიც. თან უცხოელებსაც ხომ ხედავენ - იაპონიაშიც გვივარჯიშია, კორეაშიც. ჩვენც გვეთათბირებიან და ვჯერდებით იმაში, რა გვჭირდება. ამიტომ მგონია, რომ შევძლებთ, ზაიზენბახერის ვარჯიშები კი ამ ეტაპზე არ წაგვადგება. ახლაც ისე რომ ვივარჯიშოთ, ერთი წელიწადი აღდგენას დასჭირდება. თავის დროზე საბაზოდ ის დატვირთვები ცუდი არ იყო. კი გადავიღალეთ, მაგრამ სამომავლოდ საბაზოდ ყველას წაადგა, გადაწვით არავინ გადამწვარა, ქარდავას წელის ტრავმას თუ არ მივიჩნევთ.
- იაპონური და უცხოური შეკრებები ისევ იმავე ინტენსივობით გაგრძელდება, თუ საოლიმპიადოდ უფრო სახლში მოემზადებით?
- იაპონური შეკრებები გაგრძელდება, მაგრამ არა იმავე ინტენსივობით, რადგან უკვე აღარაა საჭირო. შარშან მე და ჭრიკიშვილი მთელი 70 დღით ადრე რომ წავედით იქ, გათვლა იყო ოლიმპიადაზე - თამაშებამდე 5-6 თვით ადრე იმას ვერ გააკეთებდი. არადა, იქ იმაზე მეტს ვვარჯიშობდით, ვიდრე - ზაიზენბახერის დროს. ამის მიზანი იყო, რომ წაგვდგომოდა ოლიმპიადაზე, თორემ ახლა ეს დაგვიანებულია და რომც დავიწყოთ, აზრიც არ აქვს. ახლა სულ სხვანაირი ვარჯიშები გვჭირდება. არაა გამორიცხული, ოლიმპიადამდე ძალიან ცოტა ტურნირში გამოვიდეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"