ვითომ საშიში არაფერია? - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან [დასასრული]

AutoSharing Option
მოლოდინისამებრ, ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე არ გვეთანხმება ნაკრების გამოსვლის შეფასებაში და ძალიან ბევრ საკითხში განსხვავებული პოზიცია აქვს.

მის შეფასებებს წინამდებარე ინტერვიუში თავად წაიკითხავთ, ჩვენ კი შევეცადეთ, რამდენადაც ამის საშუალებას საგაზეთო ფორმატი იძლევა, აზრობრივად არ შეგვეზღუდა მისი ნაამბობი, იმის მიუხედავად, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, ზოგჯერ - კატეგორიულადაც.

არ შევზღუდეთ, რათა მკითხველს მივცეთ განსჯის, შეფასების, ანალიზის საშუალება.

თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ასტანაში მომხდარს ღრმა ანალიზი სჭირდება, ვინძლო, რიოს ოლიმპიადაზეც იგივე შედეგი არ მივიღოთ.

იხილეთ დასაწყისი: "რომ
გენახათ ჭრიკიშვილის ფეხი და როგორ განიცადა წაგება, არ დაწერდით, უსუსური იყოო"


- გუნდურში რამდენიმე გადაწყვეტილებამ გაკვირვება გამოიწვია: მარგველაშვილს ყველა შეხვედრაში არ ენდეთ, თუმცა სადაც დააყენეთ, ცუდად არ უჭიდავია; შავდათუაშვილიც თითქოს ნაკლებად დაიტვირთა, თუმცა იქ ტატალაშვილის ფაქტორიც გასათვალისწინებელია; გერმანელებთან რატომ დაასვენეთ მარგიანი და აჭიდავეთ ქვედა წონის ტატალაშვილი ან მძიმეში ლიპარტელიანის დაყენება რამ გადაგაწყვეტინათ?
- გადაწყვეტილებებს მსაჯებიდან გამომდინარე ვიღებდით - 81-ში ჭრიკიშვილი მოგვიხსნეს, მარგიანი კი, შეკრებებისგან განსხვავებით, ტურნირზე სხვა იყო. მას არ მისდიოდა ჭიდაობა, ტატალაშვილს კი წაუვიდა, უფრო ამწვავებდა შეხვედრას. თან გერმანელი მარეშიც შემტევი სტილისაა, მას კი ასეთივე ტაქტიკა უნდა დაუპირისპირო. ტატალაშვილს იმ პერიოდისთვის უფრო მეტი შანსი ჰქონდა - უფრო მოტივირებული იყო, შემართული და აქედან გამომდინარე დავაყენეთ, თორემ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რაც მსაჯების არაობიექტურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. ვგულისხმობ ჭრიკიშვილის მოხსნას.

ლიპარტელიანი კარგად იცნობდა ამ გერმანელს - ჰაინლეს, რადგან ისინი ერთი კლუბიდან არიან. მისმა ჭიდაობამ გაამართლა. რიგ შეხვედრებში მარგველაშვილის დასვენება მისმა გამოუცდელობამ განაპირობა, პაპინაშვილი კი გამოცდილია, მაგრამ წონამ თავისი ქნა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პაპინაშვილმა ცდა დააკლო.

- ზოგიერთი სპორტსმენი მთელი წელიწადი ტრავმებით ჭიდაობს. მაგალითად, მარგიანი. იქნებ აჯობებს, დავასვენოთ ისინი ტურნირებისგან, გამოვატოვებინოთ თუნდაც ევროპის ჩემპიონატი და ბოლომდე ვაცალოთ გამოჯანმრთელება?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ მარგიანს მთელი წელიწადი ტრავმა აწუხებდა - ის გაზაფხულზე დაშავდა. მანამდე ნაჩვენები ჰქონდა შედეგები, ევროპულ თამაშებზე დაყენებულიც იყო, ჭიდაობაც შეეძლო და სხვა გზა არ გვქონდა, ვაჭიდავეთ.

ლიპარტელიანს ისეთი ტრავმა არ ჰქონდა, რომ ოფიციალური შეჯიბრება გამოეტოვებინა. მან იაპონიაში მიიღო ტრავმა, რაც აქ გაუმიზეზდა. ამან ხელი კი შეუშალა, ვერ მოემზადა სათანადოდ, მაგრამ ასეთი ტრავმების გამო სპორტსმენს ოფიციალური შეჯიბრება გამოატოვებინო, ამის ფუფუნება არ გვაქვს.

რინერის მაგალითი სხვაა, რომელმაც ევროპული თამაშები გამოტოვა ხელის ტრავმის გამო - ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს შედეგის გასაკეთებლად, რადგან ამაზეა მათი მომავალი დამოკიდებული, რინერს კი შეუძლია, 2-3 შეჯიბრება გამოტოვოს და მის მდგომარეობას მაინც არაფერი დაეტყოს.

- ფინანსურ მხარეს გულისხმობთ?
- ფინანსური მოტივი ცალკეა. როცა მთელი წელიწადი ემზადები შედეგისთვის, არ იქნება სწორი, პატარა ტრავმისთვის მას უთხრა, არ ხარ მზადო და დაასვენო (!).

ჭრიკიშვილს უფრო გამიზეზებული ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები - მას მართლაც აწუხებს ეს ყველაფერი მთელი წელიწადი, მაგრამ ვუმკურნალეთ და შედარებით კარგადაა. თუმცა მის შემთხვევაში ასტანაში რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, რამაც მისი წაგება განაპირობა.

- დისციპლინის პრობლემაც ხომ არ დადგა ამ ვარსკვლავურ გუნდში? თან ზოგი ამ ბოლოს სოციალურ ქსელებშიც გააქტიურდა...
- პოპულარობა წარმატების თანამდევია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მზადებაში იყვნენ ჩართულნი და ნაკლებად ჰქონდეთ ყურადღება გაფანტული. დისციპლინაზე პატარ-პატარა პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ არა რამე განსაკუთრებული, მზადებაში ხელი რომ შეუშალოთ.

- ადრე ფედერაცია კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტის შემოღებას გთავაზობდათ, თუმცა დღევანდელი სამწვრთნელო შტაბი წინააღმდეგი წახვედით. შემოთავაზებულ ვარიანტში რა იყო თქვენთვის მიუღებელი - სისტემა თუ წარმოდგენილი პერსონები?
- მიუღებელი არც ის ახალი შემოთავაზებული ვარიანტი იყო, თუმცა მაშინ შევთანხმდით, რომ არსებული მოდელი დაგვეტოვებინა, რადგან არ ვიცოდით, ექსპერიმენტი გაამართლებდა თუ არა. ვთქვით, რომ რაკი ასე დავიწყეთ, ასევე გავაგრძელოთო.

დღეს მწვრთნელი მუშაობს იქ, სადაც საჭიროდ მიგვაჩნია. თუმცა ინდივიდუალური მუშაობაც მიდის. მაგალითად, როცა ვნახეთ, რომ მარგველაშვილს იაპონური შეკრება დიდად არ წაადგა, გავაყოლეთ დავით ასუმბანი და სოჭში გავუშვით სავარჯიშოდ. ამის შემდეგ მართლაც მოუმატა და უფრო კარგადაც იჭიდავა. მოკლედ, ინდივიდუალური მუშაობა მაინც მიმდინარეობს გუნდში.

- მაგრამ იქნებ უფრო აჯობოს ცალკეულ წონებზე საგანგებოდ კურატორთა მიმაგრებამ? ასე თქვენც უფრო დაანაწილებთ საქმეს და რაც მთავარია, კონკრეტულ პიროვნებებს მისცემთ კონკრეტულ დავალებებს...
- ჩვენ ერთიანი, გუნდური პრინციპით ვმუშაობთ. გეგმას ვისახავთ მწვრთნელთა საბჭო, ხოლო ვისაც რამე ინფორმაცია აქვს თუნდაც კონკრეტულ მეტოქეებზე, უზიარებს სხვებს.

- ოლიმპიადისთვის რა შეიცვლება მოსამზადებელ გეგმებში? მაგალითად, უცხოური შეკრებები ასეთივე ინტენსივობით გაგრძელდება თუ უფრო შინ მოემზადებით, მყუდრო ატმოსფეროში? ან საერთაშორისო ტურნირებს, ევროპის ჩემპიონატს როგორ განიხილავთ?
- ისევ ოპონირებას გაგიწევთ და გეტყვით, რომ იაპონიაში ბოლო შეკრებაზე წასვლა იმან გამოიწვია, რომ ალტერნატივა არ გვქონდა, ევროპაში არ ტარდებოდა შეკრება. რომელიმე ნაკრებთან გავლა არ გვინდოდა, თორემ რუსეთის ვარიანტიც იყო, რადგან ეს არ მიმაჩნია გამართლებულად.

იაპონიაში კლუბშიც ვვარჯიშობდით, თუმცა იქ წასვლა ევროპის ჩემპიონატის ჩაშლამ გამოიწვია - ძალიან დიდი პაუზა გაჩნდა კალენდარში. ამდენი ხნით საქართველოში გაჩერებაც არ გამოვიდოდა, რადგან ამ დონის სპარინგები არ გვექნებოდა, თორემ აქაურ შეკრებებს არ გავურბივართ - წელიწადში 4-5-ჯერ მაინც აქ ვართ, ხოლო ბოლო შეკრებას ყოველთვის საქართველოში ვატარებთ.

საოლიმპიადედ მონახაზი გვაქვს, თუმცა ჯერ ყველაფერი საბოლოოდ არაა გარკვეული. ბიჭები 14-მდე ისვენებენ, თუმცა ერთი კვირა მსოფლიოზე ნაჭიდავები ხალხისთვის თავისუფალი დასწრება იქნება - თუ ვინმეს ტრავმა ექნება ან რამე ამგვარი მიზეზია, შეუძლია, კიდევ დაისვენოს ცოტა, 21-დან კი აქტიურ ვარჯიშებზე გადავალთ. ამ შემოდგომაზე თითქმის ყველა დარჩენილ ტურნირში გამოვალთ, მაგრამ არა - ოპტიმალური შემადგენლობით.

შეკრებებს რაც შეეხება, უცხოური და ადგილობრივი შერეულად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული