ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველების ქართველი მეტოქეები

AutoSharing Option
დღეს, 18 სექტემბერს, ავსტრიულ ობერვარტში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება.

დღესვე გოგონებიდან 44, 48, 52 და 57 კილოგრამების სპორტსმენები იჭიდავებენ, ბიჭებიდან - 55, 60, 66 და 73-ის ფალავნები. ხვალ ჩემპიონატში 63, 70, 78 და +78-ის გოგონები ჩაებმებიან, ბიჭებიდან კი ასევე დარჩენილი ოთხი წონის წარმომადგენლები - 81, 90, 100 და +100 ჩაებმებიან ასპარეზობებში. კვირას გუნდური შეჯიბრებები გაიმართება.

დღეს ბიჭებში ჩვენგან ირაკლი კუპატაძე (55) მეორე წრეში ბელგიელ ვლადისლავ ლიმს გაეჯიბრება. ბადის ამავე მხარესაა იაგო აბულაძეც რუსეთიდან.

60-ში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი (ოღონდ მაშინ
55-ში გამოდიოდა) თორნიკე ნაგლიაშვილი ჰოლანდიელ თანამემამულე თორნიკე ცხადაიას ხვდება. აქ კიდევ ერთი ჩვენებური გამოდის - ადამ ბორჩაშვილი ავსტრიიდან, ოღონდ ის ნაგლიაშვილს ფინალამდე არ ხვდება.

66-შიც ერთი მონაწილე გვყავს - ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილი, ვინც პირველ წრეში ფინელ ჰენრი მაატას ხვდება.

73-ში გიორგი კაციაშვილს პირველ მეტოქედ ესპანელი კარლოს აგილარ ვეგა ერგო, მასთან მოგების შემთხვევაში კი რუმინელი ელემერ სზოსი ელოდება. ამ წონაში მეორე მონაწილეც გვყავს - თამაზ კირაკოზაშვილი, რომელიც მეორე წრეშია დაშვებული, სადაც რუს ალექსანდრ კოლესნიკს ხვდება.

პირველ წრეში ისვენებს ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლევან გუგავაც (81), მისი მეტოქე კი ჩერნოგორიელი ნოვო რაიცევიჩისა და პოლონელი ალექსანდერ ვრონას პაექრობაში გამოვლინდება. ბადის ამავე ნახევარშია ანრი ეგუტიძეც პორტუგალიიდან, ოღონდ მას ნახევარფინალამდე არ ხვდება.

ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელ მესამე პრიზიორ კობა მჭედლიშვილს კი (ესეც წლეულს გადმოვიდა ზედა წონაში) წილისყრამ არ გაუმართალა, რადგან მეორე წრეში ერვონულ ნაკრებში გამოცდილი ჰოლანდიელი ფრანკ დე უაიტი ელოდება. თუმცა მანამ ჩვენებურმა ავსტრიელი პატრიკ განსელმაიერიც უნდა დაამარცხოს. ვფიქრობთ, შეძლებს კიდეც იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მუდმივად იცვლის წონას და ზევით-ზევით მიიწევს.

90-ში ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი და ამ ასაკში მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ესპანეთიდან ერთ მხარეს მოხვდნენ, ოღონდ ნახევარფინალამდე მათი გზები არ იკვეთება. შერაზადაშვილი თავიდან თავისუფალია, ჩვენი ფალავანი კი ბერძენ იოანის პანაგიოტოპულოსს დაეჭიდება.

ამ წონაში მეორე მონაწილეც გვყავს - დავით რამაზაშვილი, ვისაც ყველაზე მეტად არ გაუმართლა - პირდაპირ რუს მიხაილ იგოლნიკოვს შეხვდება. ის შარშან 81-ში გავიდა მსოფლიოს ფინალში და იქ ჩვენებისთვის უხერხული მეტოქე იყო.

100-ში მონაწილე არ გვეყოლება, მძიმეში კი ტრავმამოშუშებული გურამ თუშიშვილი (ის სწორედ 100-ის ფალავანია, მაგრამ ახლა წონა არ დააკლებინეს) უკრაინის სახელით მოჭიდავე ნოდარ მაჭუტაძეს ხვდება. ამათში მოგებულს რუსი ევროპის პრიზიორი ტამერლან ბაშაევიელოდება - თუშიშვილმა მას შარშან ევროპის გუნდურზე მოუგო.

გოგონების ტურნირში ორი მონაწილე გვეყოლება. ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (52), ვინც თუშიშვილის მსგავსად, ოპერაციებით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი უქმობის შემდეგ უბრუნდება სპორტს (ორივე მუხლზე გაიკეთა ოპერაცია), თავიდან ბოსნიელ ადემა დერვიშევიჩს ხვდება, სალომე აბაშიძე (57) კი კოსოვოელ ლეუტრიმე კრასნიჩს დაეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული