ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: 5 მედალი და გუნდური ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: თამაზ კირაკოზაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები კარგად გამოვიდა ავსტრიულ ობერვარტში ჩატარებულ ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატში. პირადში მათ 5 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო და 2 - ბრინჯაო, რაც ბიჭებს შორის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მხოლოდ ჰოლანდიელებს ჩამორჩნენ და იმათაც გოგონების მიერ მოპოვებული 2 ოქროსა და 1 ვერცხლის ხარჯზე გაგვისწრეს.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, მესამეზე კი თორნიკე ნაგლიაშვილი (60) და გიორგი კაციაშვილი (73)
გავიდნენ. გუნდურ ტურნირში ჩვენებმა ბრინჯაო მოიპოვეს.

თუშიშვილი მძიმეწონოსნებს ისევ დაერია
თუშიშვილმა როგორც შარშან გუნდურში, ახლაც ისე მიდგა მძიმეწონოსნებს და მუსრი გაავლო მათ. მის სიძლიერეზე ერთი ფაქტიც მიუთითებს - ფინალში საწყის 50 წამში უკვე ვაზარს და 2 იუკოს უგებდა რუს რუსლან შახბაზოვს. ამ პერიოდში მასთან სამჯერ შევიდა ილეთზე და სამჯერვე ქულა გააკეთა! ამათგან ორჯერ კისრულით გადმოიღო - ვაზარი და იუკო, ერთხელ კი გადაჩეხა. ბოლოს ისევ ჩახტომითი კისრულით მოუთავა ხელი. თან ცოტა უცნაურადაც აკეთებდა ამას - თითქოს მოუმზადებლად, მყისიერად, მაგრამ უნაკლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მან მთელი ტურნირი ლამის ამ ილეთით გაიარა - დასაწყისში უკრაინიდან მოჭიდავე ნოდარ მაჭუტაძესაც გაუკეთა და რუს ტამერლან ბაშაევსაც.

ეგ კი არა, ებრაელ ვლადისლავ ობედინთანაც რამდენჯერმე სცადა. არადა, გიგანტი, თუმცა კი დონდლო და მოუქნელი ებრაელი ფიზიკურად ლამის სამჯერ აღემატებოდა. ცოტა უცნაური კი იყო ჩვენებურის სიჯიუტე ამ ილეთზე, როცა გამოცერვები ბევრად ეფექტურად მუშაობდა, თუმცა სისწრაფის ხარჯზე ისიც მალევე გატეხა, ზედიზედ მიაღებინა გაფრთხილებები, ბოლოს კი დააიპონა.

არც ნახევარფინალში აყარა კარგი დღე რუმინელ მირკა კროიტორუს და მასაც წმინდად მოუგო.

ღვინიაშვილი ისტორიას წერს
კარგად და დამაჯერებლად იჭიდავა ღვინიაშვილმაც, თუმცა "ძველი ტაისონა" მხოლოდ ფინალში დავინახე გერმანელ დავიდ ტეკიჩთან, ვინც ჩვეულებრივ, მისვლისთანავე ჩაიყვანა ჩოქბჯენში და შებოჭა - ამას ერთი წუთიც არ მოანდომა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ღვინიაშვილი ახალგაზრდებში ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, მის ანგარიშზე კი ერთი ვერცხლიცაა - 2012 წელს ფინალი წააგო დედით ქართველ ბერძენ ალექსიოს დანაციდისთან. შეუდარებელი შედეგია - ზედიზედ ოთხჯერ გავიდა ევროპის პირველობის ფინალში, რაც არ გამოჰპარვიათ ძიუდოს გავლენიან ევროპულ საიტებს და აღნიშნეს, ღვინიაშვილი ახალგაზრდებში ძიუდოს ისტორიას წერსო.

ღვინიაშვილი თავიდან ბერძენ იოანის პანაგიოტოპულოსს ვაზარით უგებდა და გაფრთხილებებით მოახსნევინა, ესტონელი მატიას კუუსიკიც წმინდად დაჯაბნა და გერმანელი ედუარდ ტრიპელიც, ნახევარფინალში კი ლიტველ როკას ნენარტავიჩუსს ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი იპონზე დადო. არადა, ამ ლიტველმა პირველ წრეში ესპანეთის სახელით მოჭიდავე მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი ამ ასაკში ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა.

გუნდურში წაგების მიუხედავად, ღვინიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებში ბადალი არ ჰყავს.

პირველი ჩემპიონი
ჩვენს ნაკრებს პირველი ოქრო კირაკოზაშვილმა მოუტანა, რომელმაც ავსტრიაში მისთვის ჩვეული მრავალფეროვანი ტექნიკური ჭიდაობა აჩვენა და ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო.

ეს ბიჭი მრავალფეროვნებით ადრეც გამოირჩეოდა და ჩოქბჯენშიც ძალიან ძლიერად იჭიდავა. თავიდან რუს ალექსანდრ კოლესნიკს ულამაზესი გდებებით ორი ვაზარი აართვა, იტალიელ ლეონარდო კასალიასაც იოლად აჯობა, ფრანგ ლუკას ოტმანესთან კი ბეწვზე გადაურჩა მარცხს - შეხვედრის მიწურულს ვაზარი დაკარგა, მაგრამ იმავე გდებაზე დაიჭირა და შებოჭა ფრანგი. ეს იყო მაგალითი, რა შეუძლია ბოლო წამამდე ბრძოლას, რა მოაქვს ჟინსა და შემართებას.

ნახევარფინალში ჩვენებურმა ქალებში ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსნის, კოსოვოელ ნორა გჯაკოვას (ბაქოში მან მოუტანა კოსოვოს პირველი და ისტორიული მედალი) უმცროს ძმას აკილ გჯაკოვას ჯერ იუკო აართვა, მერე კი დააიპონა, ხოლო ფინალში სლოვენიელი მარტინ ჰოჯაკი ფეხში ხელით შესვლისთვის მოუხსნეს.

თუმცა ჩვენებური იმ დროსაც 2 გაფრთხილებით იგებდა და მთლიანად აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრინჯაოს დუეტი
ეს გჯაკოვა ავსტრიაში ქართველებმა არ გავახარეთ - ბრინჯაოსთვის შეხვედრა კაციაშვილმაც მოუგო, როცა გაფრთხილებით ჩამორჩა, მაგრამ საიპონედ ჩაუხვია. კაციაშვილი მეოთხედფინალში სწორედ ჰოჯაკთან დამარცხდა იუკოებით - ვერაფრით იპოვა თავისი სტილი და მეტოქეს ვერ წაართვა უპირატესობა.

იმ წაგებამდე ჩვენებურმა ძირითად ბადეში სამი ორთაბრძოლა დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო - ესპანელ კარლოს აგილარ ვეგასთან იპონით, რუმინელ ელემერ ჩოსთან - ვაზარით, ფინელი არტტუ მაატტა ვაზარის შემდეგ იპონზე დააგდო, დამამშვიდებელში კი გერმანელი ტიმო კაველიუსიც დააიპონა.

ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად მხოლოდ 9 წამი დასჭირდა ნაგლიაშვილს - ბრიტანელ ნაილ მაკდონალდს ასე უსწრაფესად ამოუსვა.

ქართველი ფალავანი ნახევარფინალში წმინდად დამარცხდა ფრანგთა მომავალ ჩემპიონ ვალიდე ხიართან, ჯგუფში კი ყველაზე მეტად პირველივე შეხვედრაში გაუჭირდა ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუასთან - გაფრთხილებით აჯობა. ბელგიელი ნაუფალ ეზ ზერადი იპონზე დააგდო, ხოლო ბულგარელი დენისლავ ივანოვი - ვაზარზე.

ამის მიუხედავად, ნაგლიაშვილისგან ცოტა მეტს ველოდით. უპირველესად - ხარისხის მხრივ. ჩვენი გუნდის სხვა მონაწილეები ისე გავარდნენ, სანუგეშომდეც ვერავინ მივიდა.

გუნდური ბრინჯაო
გუნდურ პირველობაში ჩვენმა ნაკრებმა ვერ შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და ბრინჯაო მოიპოვა. ორმაგად საწყენია, რომ რუსებთან წააგეს მეოთხედფინალში - 2:3. თან ამ შეხვედრამ ბევრი დამაფიქრებელი ხარვეზიც გამოაჩინა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენგან მხოლოდ ევროპის ჩემპიონები დამარცხდნენ, სამივემ წააგო.

საინტერესოა, რომ რუსთაგანაც ჩემპიონმა წაიფორხილა - პირველივე პაექრობაში გიორგი გუგულაშვილმა (66) გაანადგურა პაველ პატოკოვი (ვაზარ-იუკო აართვა), კირაკოზაშვილი ამოსმულით დააიპონა ურუსხან ბეკ ბალაევმა, მჭედლიშვილს კი ფეხში ხელით შესვლისთვის ახსარტაგ გოდიზოვი მოუხსნეს და 2:1 დავწინაურდით.

მომდევნო წყვილი სწორედ ღვინიაშვილი-იგოლნიკოვი იყო, სადაც ბექა დასაწყისშივე კინაღამ მოჰყვა თავის ილეთზე, როცა ზურგს უკან გადაგდებას ცდილობდა. მაშინ კი გადარჩა შებოჭვას, მაგრამ მოგვიანებით ისევ თავის მცდელობას ემსხვერპლა - დაახლოებით იმგვარად ცდილობდა გდებას, როცა რუსმა ჩაუხვია და გადააგდო. თუმცა ეს მოგვიანებით მსაჯთა მაგიდასთან განსაზღვრეს, თორემ მთავარ არბიტრს არ შეუფასებია გდება. პირიქით - როცა გადაკოტრიალდნენ, ღვინიაშვილი ბოჭავდა და მსაჯმა დროის ათვლა ბრძანა...

საკითხავია, რამდენად იყო იმ მომენტში სუფთა იპონი, თუმცა ახლა ამის გარჩევა ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ემსგავსება - ფაქტია, იგოლნიკოვმა მოგვიგო.

ბედმა ეს წაგება არ გვაკმარა და უძლეველი თუშიშვილი ყველაზე საჭირო მომენტში, 2:2-ზე დამარცხდა. ის ნიაზ ილიასოვს ერთფეროვნად ეჭიდავა - ისევ ჩახტომითი კისრულის იმედად, მეორე ვაზარზე კი გაუმართლებლადაც შეეკრა. ვფიქრობთ, შეცდომა იყო რუსთან ახლო დისტანციაზე ჭიდაობა, როცა ჩვენებური სწრაფია და მოძრავი.

სანუგეშოში ჩვენებმა 5:0 მოუგეს სერბეთს, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი 4:1 დაამარცხეს უკრაინა.

უკრაინასთან მხოლოდ გუგულაშვილი დამარცხდა, თუმცა გუნდურში მას ცუდად არ უჭიდავია. ვფიქრობთ, ის იმსახურებს მსოფლიოზე პირადში წაყვანას.

გუნდურში სამივე შეხვედრა მხოლოდ მჭედლიშვილმა მოიგო, თუმცა რუსი ხომ მოუხსნეს და სერბი არ გამოუცხადდა. სამაგიეროდ, უკრაინასთან ძალიან მნიშვნელოვან პაექრობაში იმარჯვა, 1:1-ზე. კაციაშვილმა ორი ორთაბრძოლა ჩაატარა და ორივეში იმარჯვა. თან უკრაინასთან მანაც ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი პაექრობა მოუგო მესამე პრიზიორ ვიქტორ ხომულას - 0:1 ვაგებდით.

კვარცხლბეკი
ვაჟები
55 კგ.
1. როი კოფიხბერგი (ჰოლანდია)
2. აიუბ ბლიევი (რუსეთი)
3. შაჰენ აბაგიანი, ვაჰაგან ოვსეპიანი (ორივე - სომხეთი).

60 კგ.
1. ვალიდე ხიარი (საფრანგეთი)
2. სამუელ ჰალი (ბრიტანეთი)
3. თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო), დენის მერუ (მოლდოვა).

66 კგ.
1. პაველ პატოკოვი (რუსეთი)
2. ბოგდან იადოვი (უკრაინა)
3. ბილალ ცილოღლუ (თურქეთი), პატრიკ ვავრზიჩეკი (პოლონეთი).

73 კგ.
1. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
2. მარტინ ჰოჯაკი (სლოვენია)
3. გიორგი კაციაშვილი (საქართველო), არტემ ხომულა (უკრაინა).

81 კგ.
1. ფრანკ დე უაიტი (ჰოლანდია)
2. ნიკონ ზაბოროციუსი (მოლდოვა)
3. დორინ გოტონოაგა (მოლდოვა), ჟოაო მარტინო (პორტუგალია).

90 კგ.
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2. დავიდ ტეკიჩი (გერმანია)
3. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი), პიოტრ კუჩერა (პოლონეთი).

100 კგ.
1. დანილო პანტიჩი (ჩერნოგორია)
2. ოლეგ აბაევი (რუსეთი)
3. ნიაზ ილიასოვი (რუსეთი), ჟოსეპ ტერე (საფრანგეთი).

+100 კგ.
1. გურამ თუშიშვილი (საქართველო)
2. რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)
3. ზარკო ცულუმი (სერბეთი), ჰარუნ სადიკოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).

გოგონები
44 კგ.
1. ამბერ გერსხესი (ჰოლანდია)
2. მელისა ცაკმაკლი (თურქეთი)
3. სიტორა ბოიმატოვა (რუსეთი), ტუგბა იაილა (თურქეთი).

48 კგ.
1. პეკა პუპპი (უნგრეთი)
2. ჟოანა დიოგო (პორტუგალია)
3. კრისტინა ბუდესკუ (მოლდოვა), სეპორა კორჩერი (საფრანგეთი).

52 კგ.
1. ასტრიდე ჯნეტო (საფრანგეთი)
2. ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი)
3. დამლა ცალისკანი (თურქეთი), დისტრია კრასნიჩი (კოსოვო).

57 კგ.
1. ადელინა სტეფანია დობრე (რუმინეთი)
2. თეკლა კადილა აკევედო (ესპანეთი)
3. იულია კოვალჩუკი (პოლონეთი), ბეკი ლივესი (ბრიტანეთი).

63 კგ.
1. ლუსი რენშალი (ბრიტანეთი)
2. ბისავეტ ტელციდოუ (საბერძნეთი)
3. სელინა დიცერი (გერმანია), გეკე ვან დენ ბერგი (ჰოლანდია).

70 კგ.
1. ჟაბინა გერცზაკი (უნგრეთი)
2. სანნე ვან დიჯკე (ჰოლანდია)
3. მიხაელა პოლერესი (ავსტრია), ალექსანდრა სამარდზიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა).

78 კგ.
1. ლარისა გრინვოლდი (ჰოლანდია)
2. ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია)
3. მორგან დუჩენე (საფრანგეთი), სარა როდრიგესი (ესპანეთი).

+78 კგ.
1. ვასილინა კირიჩენკო (უკრაინა)
2. ანა ზალეზნა (პოლონეთი)
3. როუდელი კაროლი (საფრანგეთი), იულია ლინიჩენკო (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული