ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიულ ობერვარტში ჩატარებულ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში 5 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო, 2 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდა, ბოლო დღეს საგანგებოდ ჩატარებულ გუნდურ ტურნირში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, ბრინჯაოს პრიზიორები კი - თორნიკე ნაგლიაშვილი (60) და გიორგი კაციაშვილი (73).
სტატისტიკურად პირად პირველობაში მოპოვებული შედეგი
არადა, ის ევროპაზე შეუდარებლად ძლიერი შეჯიბრებაა და თან არც ბევრი დროა დარჩენილი - ერთ თვეში, 23-27 ოქტომბერს ტარდება აბუ დაბიში, ანუ მდგომარეობის გამოსასწორებლად არც ისე დიდი დროა.
განსაკუთრებით ცუდი ვითარება აქაც ფიზიკურ მომზადებაში გამოჩნდა - ჩემპიონების გარდა, ვერ ვიტყვით, რომ სხვები ამ მხრივ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ, თუმცა რამდენიმე შეხვედრაში კირაკოზაშვილსაც გამოაჩნდა "ფიზიკური" ნაკლოვანებები.
საერთოდაც, ამ ტრიოს გარდა დანარჩენმა გუნდმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. თვით ბრინჯაოს პრიზიორებმაც კი, რომელთაგანაც მეტს ველოდით...
კიდევ ვიმეორებთ - ავსტრიულ შედეგს წარუმატებლობად არ მივიჩნევთ, მაგრამ ისევ გავიმეორებთ არაერთხელ ნათქვამს: ოქროს ბრწყინვალებამ ნაკლოვანებები არ უნდა გადაფაროს. ამიტომ დადებითთან ერთად ხარვეზებზეც აუცილებლად უნდა ითქვას. მით უფრო, პირადში კარგი გამოსვლის შემდეგ იმავე ჩემპიონებს ბევრი ხარვეზი გამოაჩნდათ.
ძალიან კარგია ამდენი მედალი და ამდენი ოქრო, მაგრამ ნამდვილად დასაფიქრებელია, მაგალითად, რატომ დავრჩით უმედლოდ 81 კილოგრამში, სადაც ორი ტიტულოვანი ფალავანი გვყავს - ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ლევან გუგავა და ასევე მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი კობა მჭედლიშვილი.
მართალია, გუგავა ტრავმირებული ხელით ჭიდაობდა, ხოლო მჭედლიშვილი შარშან ქვედა წონაში გამოდიოდა, აქ კი ჰოლანდიელთა მომავალ ჩემპიონ ფრენკ დე უაიტთან დამარცხდა, ფაქტია, რომ ასეთი ძლიერი ფალავნების პატრონ წონაში უმედლოდ დავრჩით.
ძალზე დამაფიქრებელია უმედლოდ დარჩენილთა გამოსვლაც - შეიძლება, მედალი ვერ მოიპოვო, მაგრამ კარგად იასპარეზო, აქ კი ეს დადებითი ხარისხი ვერ დავინახეთ. ირაკლი კუპატაძე (55) პირველივე პაექრობაში დამარცხდა, ბექა შავდათუაშვილმა (66) კი, გუგავას და მჭედლიშვილის მსგავსად, მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო. დავით რამაზაშვილიც (90) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
გოგონებში ორი მონაწილე გვყავდა - მარიამ ჯანაშვილი (52) და ხატია ჯანაშვილის ნაცვლად წაყვანილი (მას ვიზა არ მისცეს) სალომე აბაშიძე (57), რომლებიც ასევე თითო მოგება-წაგებით დემშვიდობნენ ევროპირველობას.
ამ ტურნირზე თუშიშვილის და ჯანაშვილის ჭიდაობა განსაკუთრებით იპყრობდა ყურადღებას - პირველმა ხელზე გაიკეთა უმძიმესი ოპერაცია, მეორემ - მუხლებზე, რამაც ლამის მთელი სეზონი დააკარგვინათ. ამით გამოწვეული ხანგრძლივი გაცდენების შემდეგ ისინი პირველად ჭიდაობდნენ ოფიციალურ ტურნირში და ყველას აინტერესებდა, როგორ გაიარეს სარეაბილიტაციო პერიოდი, რამდენად შეძლეს პრობლემების მოგვარება და რას უნდა ველოდოთ მათგან. არადა, ორივეს ძალიან დიდი იმედები უკავშირდება.
თუშიშვილმა ყოველმხრივ დადებითად წარმოაჩინა თავი, თუმცა ამაზე ქვემოთ საგანგებოდ ვისაუბრებთ, ჯანაშვილთან დაკავშირებით კი ჯერ დასკვნების გაკეთება გვიჭირს.
ცოტა ძნელი სათქმელია, რატომ იყო გუნდი ასე არათანაბრად მომზადებული, რატომ აჩნდა ამდენი ხარვეზი. ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ იქნებ მიზეზი სამწვრთნელო სისტემის ახალ მიდგომაშიც იყოს. მოგეხსენებათ, წლეულს ფედერაციამ ნოვაცია შემოგვთავაზა ასაკობრივი ნაკრებების გაერთიანებით, რომლებიც საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ მოაქცია...
სიმართლე გითხრათ, პირადად მე გამართლებულად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდები ჭაბუკებს ეხმარებიან მომზადებაში და - პირიქით; როცა ამ ურთიერთდახმარებაში ორივე გუნდი მთელი სეზონი ტონუსშია, მაგრამ იქნებ აჯობებს, რაღაც კუთხით მწვრთნელები გაიმიჯნონ და კონკრეტულ გუნდზე სხვადასხვა პიროვნება იყოს პასუხისმგებელი - ახლა ხომ, არსებითად, ერთი გუნდი აკეთებს იმ საქმეს, რასაც ადრე ორი ასრულებდა ანუ სამუშაო მოემატათ.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერაფერს ვამტკიცებთ და ამ თემაზე საბოლოო სიტყვა მაინც ფედერაციამ უნდა თქვას.
თუშიშვილი დიდია
თუშიშვილის გამოსვლა მართლაც ცალკე საუბრის თემაა, რადგან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ დიდი ტალანტია. მის მშვენიერ გამოსვლას ძიუდოს ევროპულმა საიტებმაც მიაქციეს ყურადღება და "დიდი" უწოდეს. მოგეხსენებათ, მას ამდენი გაცდენის შემდეგ წონის დაკლება კატეგორიულად არ მოსთხოვეს და მძიმეში დააყენეს. მისი გამოსვლა ყველას ერთნაირად აინტერესებდა - ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობასაც და - ეროვნულისასაც, ფედერაციასაც და ქომაგსაც, რადგან 100 კილოში არსებული ჩავარდნის აღმოფხვრისა და ლიცენზიის მოპოვების ყველაზე დიდი იმედები მას უკავშირდება.
საინტერესო იყო, როგორ იჭიდავებდა პირველ ოფიციალურ შეჯიბრებას, რამდენად გაუძლებდა ნაოპერაციები ხელი დატვირთვას და ხომ არ იქონიებდა ეს გავლენას სამომავლოდ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუშიშვილმა ყველა ამ კითხვას ძალზე დამაჯერებლად უპასუხა და ობერვარტში საკუთარი ტალანტი მარტო ევროპის კი არა, მთელი მსოფლიოს თვალწინ გამოფინა - რაც მთავარია, გადატანილი ოპერაცია არ ეტყობოდა და ხელს ჩვეულებრივ იყენებდა (ყოველ შემთხვევაში, ეკრანზე ასე ჩანდა).
სავარაუდოდ, ახალგაზრდული მსოფლიოს მერე მას უფროსებშიც გაუშვებენ სალიცენზიო შეჯიბრებებზე, თუმცა მანამ საკითხავია - თანატოლთა მსოფლიოზე სად აჭიდავებენ, რომელ წონაში?
ვფიქრობ, მისი 100-ში დატოვება აჯობებს. თუმცა მეორე დღეს ჩატარებულ გუნდურ შეჯიბრებაში რუსეთთან, სადაც 100 კილოს ნიაზ ილიასოვი დააჭიდეს, ჩვენებური უკვე ვეღარ იყო ისეთი მრისხანე და ორი გდება გაუშვა, ორივე საკუთარ შეტევაზე. ბუნებრივია, ჩვენებურს პიკი უკვე გადავლილი ჰქონდა და, ეტყობა, წინა დღის იოლმა გამარჯვებებმაც გაათამამა, თუმცა ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ სისწრაფის ხარჯზე მძიმეწონოსნებთან უფრო უიოლდება ჭიდაობა, ვიდრე - შედარებით მოძრავ 100-იანებთან.
ეჭვი არაა, თუშიშვილის ჭიდაობა მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის წინ არაევროპელ მძიმეწონოსნებსაც დიდ საფიქრალს გაუჩენდა, იმდენად ლამაზი, გამორჩეული და დამაჯერებელი სანახაობა აჩვენა.
თითქოს მონატრებული ჰქონდა ჭიდაობა, ისე შერბოდა ტატამზე და ერთმანეთზე უკეთესი გდებებით იგებდა ორთაბრძოლებს. თან მაღალია და მძიმეწონოსნები ამ მხრივ ვერ ჩაგრავენ, თავად კი მათთან შედარებით ძალიან მოძრავია, ფიზიკურადაც კარგად გაუძლო და ძირითადად სისწრაფე-გამძლეობის ხარჯზე შანსს არ უტოვებდა მათ. აბა, ტექნიკა ბუნებით მოსდგამს და ერთ რამედ ღირდა, ამხელა ხალხს ჩახტომით კისრულზე რომ გადმოიღებდა და გაშხლართავდა ტატამზე.
ღვინიაშვილი-იგოლნიკოვი
ღვინიაშვილს რომ იმავე ევროპულმა საიტებმა "ისტორიის შემქმნელი" უწოდეს, რადგან ზედიზედ მეოთხედ გავიდა ევროპის პირველობის ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი. ფინალამდე ის თითქოს ძალებს იზოგავდა, ისე უკანმოუხედავად არ უტევდა, უფრო ანაწილებდა ენერგიას, ოღონდ ამას ისე აკეთებდა, რომ არ დაეკარგა ინიციატივა, ეჭიდავა პირველ ნომრად და არ ყოფილიყო მეორე ვიოლინო. ის თითქოს არ იყო ძველებურად სწრაფი - ადრე თუ დაგეშილივით შევარდებოდა და ეგრევე ეკვეთებოდა მეტოქეს, ნამდვილ თავდასხმას უწყობდა, ამჯერად ასე აღარ იყო.
ოღონდ გამიჭირდება, ეს მაინცდამაინც ცუდ ფიზმომზადებას დავაბრალო, რადგან არ გამოვრიცხავ, თავს უფრთხილდებოდა. ყოველ შემთხვევაში, როცა ილეთი დასჭირდა, ძალაც საკმარისი ჰქონდა და მშვენივრადაც გააკეთა - ხუთივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ქულა რაა, გაფრთხილებაც კი მხოლოდ ერთხელ მიიღო.
ამ ჩემპიონატში ერთი ინტრიგა იყო მისი და რუსი მიხაილ იგოლნიკოვის შეხვედრა, რაც ნახევარფინალში გერმანელმა დავიდ ტეკიჩმა ჩაშალა, ვაზარით მოუგო რუსს. იგოლნიკოვი წლეულს გადმოვიდა ამ წონაში, თუმცა ძველშიც და ახალშიც სისხლი გაგვიშრო ქართველებს, ჩვენებს ლამის "იგოლნიკოვის სინდრომი" ჩამოუყალიბდათ, თითქმის ყველა აგებს მასთან.
სხვათა შორის, ღვინიაშვილი და ეს რუსი ერთად მოდიან ჭაბუკებიდან და 4 წლის წინათ იქ ორივემ დუბლი შეასრულა. იგოლნიკოვმა ახლაც დაგვიმარცხა ფალავანი - პირველივე შეხვედრაში რამაზაშვილს მოუგო, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ღვინიაშვილის მასთან შეხვედრის სურვილი.
ეს პაექრობა გუნდურში მაინც შედგა, იქ კი ისეთი სურათი ვიხილეთ, კიდევ კარგი, პირადში ტეკიჩმა ჩაშალა, თორემ, ვინძლო, ერთი ჩემპიონით ნაკლები გვყოლოდა... არადა, იგოლნიკოვის წამქცევ გერმანელს ჩვენებურმა რა იოლად მოუგო...
ღვინიაშვილი და თუშიშვილი პირადში თუ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ, გუნდურში რუსებთან ვერ გაილაღეს. ერთი შეხვედრით დასკვნების გამოტანა არასწორია, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ლიდერები - ღვინიაშვილიც და თუშიშვილიც თავდაჯერებულები გავიდნენ საჭიდაოდ, მეტოქეებს კი კარგად ჰყავდათ ისინი შესწავლილი და საპირისპირო ჭიდაობა შემოაგებეს.
ვფიქრობთ, ორივე ჩვენებური ზედმეტად მიეძალა ილეთების მცდელობას, ტაქტიკური, ჩამშლელი ჭიდაობა უფრო აჯობებდა.
საყურადღებოა, რომ ორივე ჩვენებური საბედისწერო მომენტში თვითონ შედიოდა ილეთზე...
თუმცა მთავარი მაინც ის მგონია, რომ რუსებს კარგად ეტყობოდათ მწვრთნელთა ხელი - მათ მშვენივრად იცოდნენ, როდის რას გააკეთებდნენ ჩვენები, ამათ კი ახალი ვერაფერი შესთავაზეს.
ვიმედოვნებთ, ჩვენები მომავალში ბევრად უფრო დაფიქრებით იჭიდავებენ მათთან და "დენისოვის სინდრომი" არ განმეორდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მისასალმებელია, რომ თუშიშვილიც შესანიშნავად ასრულებს ამ ულამაზეს ილეთს.