ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ახლახან მოიმთავრეს და უკვე მსოფლიოსთვის სამზადისს შეუდგნენ, რომელიც 23-27 ოქტომბერს აბუ დაბიში ტარდება.
ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო დუეტი - ირაკლი ცირეკიძე და მინდია ბოდაველი - სეზონის უმთავრესი შეჯიბრებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებით ემზადება.
სიახლეა ნაკრების შემადგენლობაში - თვის დასაწყისში ავსტრიულ ობერვარტში ჩატარებული ევროპის პირველობისგან განსხვავებით, ამჯერად ყველა წონაში გვეყოლება მონაწილე, ანუ სრულად დაკომპლექტებული გუნდით წარვდგებით;
66 კილოგრამში პირადსა და გუნდურში
ოღონდ ამ სიახლემდე აბუ დაბიში წამსვლელი გუნდის შემადგენლობას გაგაცნობთ: ირაკლი კუპატაძე (55), თორნიკე ნაგლიაშვილი (60), გიორგი გუგულაშვილი (66), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი კაციაშვილი (ორივე - 73), ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ჯაბა მუმლაძე (100) და გურამ თუშიშვილი (+100).
გუნდური პირველობისთვის ამათ ბექა შავდათუაშვილი (66) და გიორგი ლაზუაშვილი (+100) დაემატებიან.
როგორც ვხედავთ, მწვრთნელებმა ევროპის სამივე ჩემპიონი (კირაკოზაშვილი, ღვინიაშვილი, თუშიშვილი) და ორივე ბრინჯაოსმედალოსანი (ნაგლიაშვილი, კაციაშვილი) შეიყვანა. 66-ში ამჯერად როქია - პირადში გუგულაშვილი გამოვა, ვინც ევროპაზე გუნდურში საკმაოდ დამაჯერებლად იჭიდავა, შავდათუაშვილი კი გუნდურში გამოვა.
თუ ევროპაზე 100 კილოგრამი ჩავაგდეთ, ამჯერად ასე აღარ იქნება, სამაგიეროდ კი, რადგან მუმლაძის დამატებით 10-კაციანი კვოტა შეივსო, 90-ში დავით რამაზაშვილი ამოაგდეს. გუნდურისთვისაც შეიცვალა ერთი მონაწილე - გიგა გელაშვილს გიორგი ლაზუაშვილი ცვლის.
თამამი და სარისკო სიახლე
ახლა კი მთავარი სიახლე, რაც ამ 10-კაციანი გუნდის მომზადებას შეეხება. სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად უარი თქვა მზადების ტრადიციულ - საშეკრებო მეთოდზე (ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც) და აქცენტი უფრო ინდივიდუალურ მიდგომაზე აიღო, რაც კურატორთა ინსტიტუტთანაა ძალიან ახლოს. მისი არსი ასეთია: უარი თქვეს ტრადიციულ საშეკრებო ფორმატზე და გაფართოებული შემადგენლობის ნაცვლად ამ რეჟიმში მხოლოდ ის 10 სპორტსმენი ივარჯიშებს, რომლებიც მოსამზადებლად გაერთიანებულ ასაკობრივ ნაკრებთან მომუშავე მწვრთნელთა ხუთეულმა გაინაწილა, სასტუმროს ნაცვლად კი... დაქირავებულ ბინებში იცხოვრებენ. მწვრთნელები ირჩევენ ამ ბინებსაც და სავარჯიშო დარბაზსაც.
ასეთი ექსპერიმენტი შემდეგმა გარემოებამ განაპირობა: გუნდში უმეტესობა რაიონებიდანაა - თბილისელი მხოლოდ გუგავაა (თუშიშვილი თბილისის სახელით კი გამოდის, მაგრამ კოჯორში ცხოვრობს), ანუ შინიდან სიარული არ გამოვიდოდა, სპორტსმენებთან შეთანხმებით კი, სასტუმროს ამჯობინეს უფრო ოჯახურ ატმოსფეროში ეცხოვრათ.
სასტუმროს თავისი განაწესი აქვს, რაც გარკვეულ შეზღუდვებსაც მოიცავს და ხანგრძლივად ცხოვრების პერიოდში ცოტა მოსაბეზრებელიც ხდება (თან ამ ბიჭების ნაწილს იაპონიაში ორი წლის წინათ მომხდარი ინციდენტის მწარე გამოცდილებაც აქვთ, როცა ჩვენს გუნდს სწორედ ამ შიდაგანაწესის დარღვევისთვის არათუ სასტუმრო, ქვეყანაც კი დაატოვებინეს).
როგორც გითხარით, გუნდმა უკვე დაიწყო ამგვარი შეკრება და ბოდაველის თქმით, ძიუდოისტები კმაყოფილები არიან დაქირავებულ ბინაში ცხოვრებით, რაც სასტუმროსთან შედარებით უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებთ. ფედერაციამ მზარეულიც კი დაიქირავა მათთვის და კვების პრობლემაც მოხსნილია.
ზემოდასახელებული ათეული მწვრთნელებმა ასე გაინაწილეს: ბოდაველი კუპატაძეს, კირაკოზაშვილს, გუგავას და მუმლაძეს მოამზადებს; გურამ მოდებაძე და გიორგი ყიზილაშვილი ნაგლიაშვილს, გუგულაშვილს, კაციაშვილს და მჭედლიშვილს ჩაიბარებენ; ორ ლიდერთან კი პერსონალურად იმუშავებს ორი მწვრთნელი: ირაკლი ცირეკიძე ღვინიაშვილს ავარჯიშებს, თუშიშვილის მომზადება ლაშა გუჯეჯიანს დაევალა.
როგორც გითხარით, გუნდს არ ექნება კონკრეტული სავარჯიშო ბაზა და დარბაზს მწვრთნელები ირჩევენ. ისე მოხდა, რომ ძირითადი დატვირთვა მარჯანიშვილზე მდებარე "შევარდენის" დარბაზზე მოდის: გურამ მოდებაძე ისედაც იქ მუშაობს, თუშიშვილიც იქვე ვარჯიშობს და ბოდაველმაც ის დარბაზი აირჩია. მისი თქმით, იქ უფრო კარგი სპარინგებია, ვიდრე - ძიუდოს აკადემიაში.
კურატორი მწვრთნელები იქნებიან პასუხისმგებლები მათზე მიმაგრებულ სპორტსმენებზე, თუმცა ეს მეთოდი პირად მწვრთნელებთან მჭიდრო კონტაქტსაც ითვალისწინებს. ბუნებრივია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ნაკრების მწვრთნელებსაც ექნებათ ერთმანეთში და ამასთან, პირად დამრიგებლებსაც მოიწვევენ ვარჯიშებზე, მათაც დაეკითხებიან აზრს თავიანთ შეგირდებზე, რასაც მზადებისას გაითვალისწინებენ. არაა გამორიცხული, მათი რჩევა იმდენად გაითვალისწინონ, კონკრეტული ათლეტის მზადება სულაც ამაზე ააგონ.
ცხადია, მზადების ასეთი მოდელი მჭიდრო ურთიერთობას ითვალისწინებს ნაკრების სათადარიგო ფალავნებთან და სპარინგებს ისევ მათთან ჩაატარებენ. უბრალოდ, ისინი არ იქნებიან საშეკრებო ფორმატში და დარბაზში საკუთარი სახლებიდან ივლიან, როგორც ყოველდღიურ ვარჯიშზე დადიან.
როგორც ვხედავთ, სიახლე ფრიად უცნაურია, თუმცა ის ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა გათვალისწინებული - ჯერჯერობით ისევ გეგმაშია ტრადიციული შეკრების გავლა, ოღონდ ის თუ მოეწყობა, მხოლოდ ბოლო დღეებში და ხანმოკლე იქნება. თუმცა, თუ ამ ახალმა მეთოდმა გაამართლა, სპორტსმენებიც კმაყოფილები იქნებიან და მწვრთნელებიც, მაშინ იქნებ არც გაიარონ ის შეკრება და ასევე გააგრძელონ მზადება მსოფლიოსთვის.
ზემოთ გითხარით, რომ ამ სიახლის ეფექტურობაში ჯერ არც მწვრთნელები არიან დარწმუნებულნი და ექსპერიმენტს ატარებენ. ცხადია, მათაც ესმით და ფედერაციასაც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ ასეთი თამამი ექსპერიმენტი დიდი რისკია, მაგრამ უკან დასახევ გზასაც იტოვებენ ბოლოს გასავლელი იმ ტრადიციული შეკრებით და თან სასურველი მოდელი მუშა პროცესში თუ არ მოსინჯეს, მხოლოდ თეორიის დონეზე დარჩება.
მწვრთნელებს ისიც კარგად ესმით, რომ ასე ხანმოკლე პერიოდში ეს მოდელი სრულად ვერ წარმოაჩენს დადებითსა თუ უარყოფით მხარეებს, მაგრამ თუ არ გაამართლებს, ის მაინც ეცოდინებათ, რომ მომავალში ამაზე აღარ უნდა იფიქრონ.
ისევ თუშიშვილის წონა
როგორც ხედავთ, თუშიშვილი მწვრთნელებმა ამჯერადაც მძიმე წონაში დატოვეს. ევროპის ჩემპიონატზე მას წონა არ დააკლებინეს, რადგან ხელზე გაკეთებული ურთულესი ოპერაციისა და ამით გაცდენილი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ფიზიკურად კიდევ უფრო მეტად არ დატვირთეს, წონა არ დააკლებინეს. თუმცა მაშინვე გვპირდებოდნენ, რომ ევროპაზე აუცილებლად 100-ში დააყენებდნენ, მაგრამ ისევ მძიმეში დატოვეს. ფოტოზე: მარცხნივ გურამ თუშიშვილი
ბოდაველის თქმით, დამაჯერებელი ჭიდაობისა და გამარჯვების მიუხედავად, დაინახეს, რომ ჯერ კიდევ აკლია ფიზიკური მომზადება, ხელი ისევ ვერაა სასურველ კონდიციაში. ამიტომ გადაწყვიტეს, წონის დაკლებაზე აღარ აწვალონ და ფიზიკური მომზადება ისევ გააგრძელონ. ამჯერად - ინდივიდუალურად და გუჯეჯიანი ზუსტად ამაზე იმუშავებს.
სხვები თუ ძირითადად ლეიბზე იმუშავებენ და მთელ ყურადღებას ტექნიკურ მხარეს დაუთმობენ, თუშიშვილი ფიზიკურადაც დაიტვირთება.
თუშიშვილი რინერის საპირწონედ?
მინდია ბოდაველი კი ამბობს, რომ თუშიშვილის მძიმეში გადასვლა ჯერ გადაწყვეტილი არაა და ათლეტს კვლავაც 100-ში განიხილავენ, თუმცა თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში იმდენად კარგად იჭიდავა, ჩვენი აზრით, არაა გამორიცხული, საერთოდ დატოვონ იქ. მით უფრო, გუნდურში 100 კილოგრამის ფალავანთან წააგო. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მას 100-ში გაუჭირდება ჭიდაობა (ვფიქრობთ, მაშინაც რუს ნიაზ ილიასოვთან ზედმეტი თავდაჯერებით დამარცხდა), თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ფიზიკურად მოძრავსა და ტექნიკურს უფრო მოუქნელ მძიმეწონოსნებთან ბევრად კარგად გამოსდის პაექრობა.
ვიმეორებთ - ბოდაველს შეგირდის წონის შეცვლაზე გადაჭრით არაფერი უთქვამს, თუმცა ამ მოსალოდნელმა გადასვლამ საერთაშორისო რეზონანსი რომ გამოიწვია, არ დაუმალავს. მეტიც - გვითხრა, რომ თურმე უცხოელი მწვრთნელების დიდი ნაწილი ამაზე ბევრს საუბრობდა და ქართველ ტალანტს დაუმარცხებელი ფრანგი ტედი რინერის წაქცევასაც უწინასწარმეტყველებდა.
ისინი თურმე რინერის ყველაზე საშიშ მეტოქედ თუშიშვილს ასახელებენ.
თავდაჯერება - ახალგაზრდების მტერი
ბუნებრივია, მინდია ბოდაველს ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირში მეოთხედფინალში რუსებთან 2:3 მარცხის მიზეზებზეც დავეკითხეთ. შეგახსენებთ, რომ იქ პირადში ჩვენი სამივე ჩემპიონი დამარცხდა. ჩვენი არ იყოს, ბოდაველმაც ამის მიზეზად სპორტსმენთა ზედმეტი თავდაჯერება და მეტოქის შეუფასებლობა დაასახელა. ჩვენებს პირველივე შეხვედრა თეთრი კიმონოთი მოუწიათ და რუსებთანაც რომ მოეგოთ, მთელ ტურნირს იმავე ფერის სამოსით ჩაატარებდნენ.
ბოდაველის თქმით, ჩვენები თურმე იმდენად ყოფილან დარწმუნებულნი გამარჯვებაში, ზოგს ლურჯი კიმონო არც კი წაუღია დარბაზში... ლურჯი ფორმა ჩვენებს მხოლოდ ნახევარფინალში წაგების შემთხვევაში თუ დასჭირდებოდათ, მაგრამ ფაქტი მრავლისმთქმელია.
ახალგაზრდულ ასაკს მსგავსი ყოყლოჩინობა ახლავს და ეს არ გვიკვირს. მთავარია, მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანონ. ვიმედოვნებთ, ეს წაგება ამაში დაეხმარებათ და მათთვის საჭირო გაკვეთილი აღმოჩნდება, რათა მომავალში მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვან.