ძიუდო: საქართველოს პირველობა ახალი ფორმატით ჩატარდება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა 30 სექტემბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების ახლებური სისტემა დაამტკიცა, რომელიც რეგიონებს შორის სპორტსმენთა განათხოვრების წესს გამორიცხავს და უფრო ობიექტური იქნება, რადგან ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულს საკუთრივ მათი აღზრდილი ფალავნები წარმოადგენენ და არა სხვისგან გადაბირებულები, რაც გარკვეული გარიგებებისა და მანკიერი მოვლენების საწინდარიც იყო.

აქამდე ტარდებოდა ცალკეული რეგიონების შიდა პირველობა, რომლის შედეგებითაც ვლინდებოდა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილენი, მაგრამ კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში და მათ მსგავს ძიუდოს, ტრადიციულად, ძლიერ ცენტრებში თუ მართლაც ტარდებოდა, სხვაგან უშეჯიბრებოდაც კი აკომპლექტებდნენ გუნდს.
თან მავანი სპორტსმენი თავის რეგიონში რომ წააგებდა, მერე სხვაგან ეძებდა თავისუფალ კვოტას და იქ მიდიოდა.

ამჯერად რეგიონალურის ნაცვლად ჩატარდება ზონალური შეჯიბრებები - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სალიცენზიო ტურნირები, ოღონდ ჩემპიონები არ გამოვლინდებიან. აღმოსავლეთში ასპარეზობები გაიმართება მერვედფინალებამდე, დასავლეთში - მეოთხედფინალებამდე, ამ ეტაპებზე გასულები კი ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას მიიღებენ.

მათ მალევე ისედაც მოუწევთ ქვეყნის ჩემპიონატში ჭიდაობა და ამიტომ მეტად აღარ დატვირთავენ, რამეთუ აქ მთავარი იქნება არა მედალი ან კვარცხლბეკზე დაკავებული ადგილი, არამედ პირველობის მონაწილის გამოვლენა. ზუსტად აქედან გამომდინარე, ზონალურ შეჯიბრებებში დაშვებული იქნება თითო კილოგრამის გადაცილება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში უკვე ყველამ ზუსტი წონით უნდა იასპარეზოს.

ორივე ეს ტურნირი ერთმანეთის პარალელურად გაიმართება, თუმცა შანსი წაგებულებსაც მიეცემათ, რომლებიც იქვე იჭიდავებენ ერთმანეთში და მათგან 2-2 საუკეთესო ასევე იასპარეზებს მთავარ შეჯიბრებაში.

როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინაა და შეიძლება, ძირითად ტურნირში რომელიმე ძლიერმა წააგოს - ეს დამატებითი შანსი სწორედ მათთვისაა, რათა ქვეყნის პირველობას არც ერთი ანგარიშგასაწევი ფალავანი არ დააკლდეს.

როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ საქართველოს უფრო მეტი კვოტა ექნება - თითოეულ წონაში 16 (მერვედფინალში გასული 8 წყვილი), რადგან ძიუდო იქ უფროა განვითარებული, დასავლეთი კი ამის ნახევარს - 8 ადგილს მიიღებს. ამდენად, ქვეყნის ჩემპიონატში ყველა წონაში 24 მონაწილე ამ გზით მოგროვდება, რომელთაც დაემატება ის 2-2 საუკეთესო წაგებულთაგან, ანუ რაოდენობა 28-მდე გაიზრდება.

ამათ დაემატებიან ეროვნული ნაკრების ის წევრები, რომლებიც ევროპის ან მსოფლიოს პირველობებზე პირად პირველობაში ნებისმიერი სინჯის მედლებს მოიპოვებენ. აგრეთვე - ახალგაზრდული ნაკრების წევრები, რომლებიც გამოთქვამენ სათანადო სურვილს. ამ გზით ყველა წონაში 30-32 სპორტსმენი მოგროვდება, ანუ რაოდენობა არ შემცირდება, მაგრამ შერჩევის პრინციპი დაიხვეწება.

პრობლემური გახდა იმის განსაზღვრა, როგორ დაედგინათ, ვინ რომელ რეგიონს წარმოადგენდა. იყო მოსაზრება, რომ ჩაწერის ადგილის მიხედვით განსაზღვრულიყო, თუმცა დღევანდელი კანონმდებლობით, ერთი ადგილიდან ამოწერა და სხვაგან ჩაწერა გაიოლებულია. საბოლოოდ ეს საქმე პირად მწვრთნელებს მიანდეს.

"ფედერაციის პრეზიდენტად ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან მაქსიმალურად შევეცადე პირადი მწვრთნელის ინსტიტუტის წინ წამოწევას. ამიტომ ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და მის თანაშემწეებს ავუკრძალეთ პირადი მოსწავლეების ყოლა, რამაც ძალიან კარგად იმოქმედა, ყველა კმაყოფილია და ენთუზიაზმით ეკიდება.

შემოვიღეთ საკლუბო სისტემა და მათ ხმის უფლება მივეცით, რაც ასევე ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ უფრო ვზრდით პირადი მწვრთნელის ინსტიტუტს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მათ წარმოგვიდგინონ სია პირადი მოსწავლეებისა, ვინც გამოთქვამს სალიცენზიო ტურნირში გამოსვლის სურვილს. თან უნდა მიუთითონ, აღმოსავლეთში სურთ ასპარეზობა თუ - დასავლეთში, იქიდან გამომდინარე, სად ავარჯიშებს თვითონ.

ეს სია მათ ტურნირის დაწყებამდე 7 დღით ადრე უნდა წარმოადგინონ, თუმცა იქნებ ეს ვადა 3 დღემდე დავწიოთ. აქ მანიპულაცია შეიძლება იყოს, მაგრამ მინიმუმამდე შემცირდება, რადგან დაფიქსირდება, ვინაა პირადი მწვრთნელი და ვიღაცა არ დაწერს სხვას, რადგან ამით ის ნამდვილი აღმზრდელი დაკარგავს შეგირდს.

ესეც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პირადი მწვრთნელის ინსტიტუტს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება, ამაღლდება, დაცულიც იქნება და სისტემაც დარეგულირდება", - გვითხრა ქევხიშვილმა.

სიახლეა ისიც, რომ განსაზღვრული იქნება საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეთა ასაკიც - მასში მხოლოდ 18 წელზე უფროსები გამოვლენ, უფრო პატარები კი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თუმცა ყველა წესს ახლავს გამონაკლისი და ერთი შეღავათი აქაცაა გათვალისწინებული - ქვეყნის პირველობა, ჩვეულებრივ, ნოემბერ-დეკემბერში ტარდება და შეღავათს გაუწევენ იმათ, ვინც 31 დეკემბრამდე გახდება 18 წლის, ანუ 1-2 თვის გამო მსურველს უარს არ ეტყვიან.

ქევხიშვილის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ნაადრევად არ მოხდეს მოზარდების დატვირთვა უფროსებში, რაც მათ "გადაწვასაც" იწვევს (არადა, რამდენი მაგალითი გვაქვს, როცა ამგვარად ნიჭს უმოწყალოდ გაუწიეს ექსპლუატაცია) და ტრავმების რისკიც დიდია, თან არ მოუწიოთ უფროსებსა და ასაკობრივ ნაკრებებს შორის სირბილი.

18 წლისებს ისედაც ეძლევათ ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლის უფლება, უფრო პატარები კი ჭაბუკთა ასაკში არიან და რატომ უნდა ვიჩქაროთო - დაახლოებით ასეთია ფედერაციის პოზიცია. მით უფრო, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები გაერთიანდა და მათ 21-წლამდელებშიც შეუძლიათ გამოსვლა. თან გაისად ახალგაზრდები მათთვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში ისედაც ჩაერთვებიან უფროსთა ტურნირებში.

აქ ფედერაცია ერთ, ჩვენი აზრით, ძალიან სწორ გათვლასაც აკეთებს - უფროსებში აჭიდაოს ახალგაზრდები (მინიმუმ - 3 ტურნირში), ოღონდ არა შედეგისთვის, არამედ - სპორტული ზრდისთვის. ეს სულ სხვადასხვა სპეციფიკაა და სწორედ შედეგზე გათვლისას ხდება ნიჭის ექსპლუატაცია, ჩვენთან კი სპორტული ზრდის პრობლემა თვალსაჩინოა არა მხოლოდ ძიუდოში, არამედ უკლებლივ ყველა სახეობაში.

ჩვენთან ახალგაზრდები პროგრესს, ძირითადად, ნიჭის ხარჯზე აღწევენ, მაგრამ წინასწარ შემუშავებული დასახული გეგმით მათი ზრდა ნაკლებად ხდება. ამიტომ უშვებენ ძალზე წარმატებული და ტიტულოვანი სპორტსმენებიც კი ერთსა და იმავე შეცდომებს, ამიტომ ავლენენ წლიდან წლამდე მუდმივად ერთსა და იმავე ხარვეზებს; ამ დროს უცხოეთში დასახულ გეგმას მისდევენ, რაზე უნდა იმუშაონ მოცემულ პერიოდში, რა უნდა გამოასწორონ და რამდენით მოუმატონ.

იმედია, ჩვენი ძიუდოს ფედერაცია ამ ჩანაფიქრს წარმატებით განახორციელებს.

ქვეყნის წლევანდელი პირველობა რამდენადმე განსხვავებული იქნება, რადგან ეროვნული ნაკრების წევრთა უმრავლესობას განაღდებული აქვს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობა. ახლა მათთვის უპრიანი საგანგებოდ მომზადებაა და ამაში შიდა პირველობა ხელს თუ შეუშლით, ფედერაცია ვერავის დააძალებს მასში გამოსვლას.

თუმცა ეს გამონაკლისი მხოლოდ წლეულს დაიშვება, 2017 წლიდან კი ძველებურად სავალდებულოც იქნება. თან ქევხიშვილი იმედოვნებს, რომ მაშინ სახელფასო სისტემაც უკეთესობისკენ იქნება შეცვლილი, თავის არიდების შემთხვევაში კი ამ ხელფასსაც დაკარგავენ და ნაკრებში ადგილსაც. ამიტომ თვითონაც იქნებიან დაინტერესებულნი მასში გამოსვლით.

რაც მთავარია, ქევხიშვილიც და ფედერაციაც იმ აზრზე არიან, რომ საქართველოს ჩემპიონატში ლიდერები უნდა გამოვიდნენ და ამ გზით ეცადონ ქვეყნის პირველობის დონის ამაღლებას. თუმცა ისეთი თაობა მოდის, ქევხიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ტურნირი იქნება.

მისი ოპტიმიზმი სავსებით გასაგებია, თუ გადავხედავთ, როგორი თაობა მოდის დღევანდელი ახალგაზრდული ნაკრებიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული