ეს შეჯიბრება ყოველთვის თებერვალში ტარდებოდა, წლეულს კი ფრანგებმა შუაგული შემოდგომისთვის გადმოსწიეს. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი "ბერსის" კომპლექსის რემონტი გახდა, სადაც ტრადიციულად იმართება ხოლმე ეს შეჯიბრება, თუმცა რამდენად მართალია, ვერ გეტყვით, რადგან საფრანგეთს, ჩვენგან განსხვავებით, მაღალი დონის სპორტული ბაზები არ უჭირს.
თუმცა "ბერსი" სულაც არაა სპორტული არენა, ჩვეულებრივი კომპლექსია, სადაც ფართებს აქირავებენ,
ასეა თუ ისე, ჩვენებმა ის იმთავითვე გამორიცხეს, რადგან მისი გამართვის ახალი კალენდარი მიუღებლად მიიჩნიეს. უმთავრესად იმიტომ, რომ გაისად ის ისევ თებერვალში გაიმართება, ანუ მალე ისევ მოუწევთ იქ ჩასვლა. თან წლის მიწურულია, მსოფლიოს პირველობის შემდეგ გუნდმა არც ისე დიდი ხნის წინ განაახლა ვარჯიში და უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ არაა "მოქოქილი", არ არიან ფორმაში.
ლიპარტელიანმა თვითონ ითხოვა იქ გამოსვლა და ფედერაციაც დათანხმდა. მით უფრო, მსოფლიოს შემდეგ ის ისედაც გერმანიაშია, სადაც ბუნდესლიგაში ჭიდაობს.
რაც შეეხება სტამს, ის სულაც მშობლიურ ჰოლანდიაში ვარჯიშობს, იქიდან საფრანგეთში გადასვლა კი ელემენტარული ამბავია. თან მას სალიცენზიო ჩათვლაში პოზიციების გასამყარებლად ქულები სჭირდება.
ივარაუდება, რომ ჩვენები წარმატებით იასპარეზებენ და ქულათა მარაგს გაიმდიდრებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"