საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ახალი მეთოდით ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ასრულებს მზადებას თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 23-27 ოქტომბერს აბუ დაბიში ტარდება.

მოგეხსენებათ, ამ შეჯიბრებისთვის ჩვენები ახალი სისტემით ემზადებიან, რაც ინდივიდუალურ წვრთნას და კურატორი მწვრთნელების ინსტიტუტის ამოქმედებას ისახავს მიზნად - ნაკრების მწვრთნელებმა სპორტსმენები გაინაწილეს და ცალ-ცალკე ავარჯიშებენ მათ.

ეს იყო ექსპერიმენტი, რომლის შედეგი თავად მწვრთნელებსაც აინტერესებდათ და იმთავითვე ითქვა, რომ თუ ახალი მოდელი არ გაამართლებდა, მაშინ ბოლო დღეებს ტრადიციულ შეკრებას დაუთმობდნენ.

წინა კვირაში მწვრთნელთა საბჭომ და ფედერაციამ იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ისევ ისე გააგრძელონ ვარჯიში, გამონაკლისი მხოლოდ
მძიმეწონოსან გურამ თუშიშვილზე დაუშვეს, ვინც მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანთან ერთად ყვარელში გაუშვეს ხანმოკლე შეკრებაზე და სპარინგ-პარტნიორად ოთხი კაცი გააყოლეს. ამას თავისი მიზეზი აქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ათლეტის ფიზიკურ მომზადებასთან.

მოგეხსენებათ, ის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ტატამს და ევროპის პირველობაზე მწვრთნელებმა წონა არ დააკლებინეს, რადგან ეს მისთვის დამატებითი ფიზიკური დატვირთვა იქნებოდა. მით უფრო, ევროპაზე მისი ტრიუმფალური გამარჯვების მიუხედავად, ფიზმომზადებით ბოლომდე კმაყოფილები ვერ დარჩნენ.

"ფიზიკაში" ის ევროპამდეც ინდივიდუალურად ემზადებოდა, ძირითადად, ამ კუთხით იტვირთებოდა და ევროპის შემდეგაც ეს ასპექტი ერთ-ერთ წამყვანად დარჩა. შედეგად, კონდიციები კი აუმაღლდა, მაგრამ ცოტა გადაიღალა და მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ შეჯიბრების წინ შედარებით დასვენება სჭირდება. სწორედ ამიტომ გაუშვეს ყვარელში, სადაც ფიზიკური მზადება უკვე აღარ იყო მთავარი.

მართალია, ამ კომპონენტშიც აგრძელებდა მზადებას, მაგრამ ეს უფრო სარელაქსაციო-დასასვენებელი შეკრება იყო, სადაც შედარებით მეტ ყურადღებას ტატამზე ვარჯიშს უთმობდა - სწრაფძალოვანი შესვლები, ილეთების დამუშავება, კომბინაციურ-ტაქტიკური მუშაობა და სხვა... თუშიშვილს ყვარელში 6-დღიანი შეკრება გამოუვა და იმედი აქვთ, რომ ორგანიზმი მოასწრებს დასვენებას.

აქვე განვმარტავთ, გადაღლაზე საუბრისას ისე ნუ გაიგებთ, თითქოს თუშიშვილი "გადაიწვა" ბევრი ვარჯიშისგან. უბრალოდ, ის სხვებზე მეტად იტვირთებოდა ფიზიკურად, ასეთი "მძიმე" ვარჯიშების შემდეგ კი ორგანიზმს ყოველთვის სჭირდება დასვენება, რათა ის დატვირთვები "შეიწოვოს" და შეირგოს. აი, სწორედ ამას ემსახურება ყვარლის შეკრება.

ახალგაზრდული ნაკრების სხვა წევრები ისევ იმავე გრაფიკით აგრძელებენ მზადებას, როგორც აქამდე გადიოდნენ ბოლო წვრთნებს. ანუ ირაკლი კუპატაძეს (55), თამაზ კირაკოზაშვილს (73), ლევან გუგავას (81) და ჯაბა მუმლაძეს (100) ისევ მინდია ბოდაველი ამზადებს. კვარტეტთან აგრძელებს მზადებას გურამ მოდებაძისა და გიორგი ყიზილაშვილის სამწვრთნელო დუეტიც: თორნიკე ნაგლიაშვილი (60), გიორგი გუგულაშვილი (66), გიორგი კაციაშვილი (73) და კობა მჭედლიშვილი (81), ირაკლი ცირეკიძე კი კვლავაც ბექა ღვინიაშვილს (90) ავარჯიშებს.

ნაკრების რამდენიმე წევრს ამ შეკრების დაწყებამდეც აწუხებდა სერიოზული ტრავმა. მაგალითად, ევროპის წლევანდელ ჩემპიონ კირაკოზაშვილს მუხლი სტკიოდა, ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელ მესამეპრიზიორ გუგავას კი ხელი კონტინენტის წლევანდელ პირველობაზეც გვარიანად აწუხებდა და ძირითადად, ეს გახდა მისი მარცხის მიზეზი. შეკრების მიმდინარეობისას ლაზარეთს მუმლაძეც დაემატა, რომელმაც ვარჯიშზე მუხლი იტკინა და დაახლოებით ერთი კვირა სრულად ვერ იტვირთებოდა.

საბედნიეროდ, მან და კირაკოზაშვილმა ტრავმები მოირჩინეს და მთელი დატვირთვით ვარჯიშობენ, გუგავას მდგომარეობა კი შედარებით რთულია. თუმცა მასაც საგრძნობი პროგრესი აქვს - ხელს უკვე ტექნიკური ილეთების შესასრულებლადაც იყენებს, თუმცა ჯერ მაინც უჭირს ჩავლების აღება, ზედ ძალის დატანება. ამიტომ არ ტვირთავენ და არიდებენ ისეთ ილეთებს, რამაც, შეიძლება, ახალი გართულება გამოიწვიოს.

ერთი სიტყვით, თითი მოქმედებაში ჯერ კიდევ შეზღუდულია, სხვა ტიპის ვარჯიშებს კი ჩვეულებრივად ასრულებს და ფიზიკური მომზადება იქნება თუ სხვა მხარე, მწვრთნელები მისი ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილები არიან. დღესვე რომ ტარდებოდეს ოფიციალური შეჯიბრება, გამაყუჩებლებით ახლაც შეძლებდა ჭიდაობას, მაგრამ ძალას არ ატანენ და სრულიად სამართლიანადაც.

პირადისგან განსხვავებით, მონაწილე შეიცვალა გუნდურში, თუმცა არაა გამორიცხული, იქ კიდევ მოხდეს ერთი ცვლილება. გუნდურში გიორგი ლაზუაშვილის (+90) გამოსვლა იმთავითვე გადაწყვეტილი იყო, ბოლო დღეებში კი მას გიორგი გველესიანიც (90) დაუმატეს. ცნობისათვის აქვე გეტყვით, რომ ეს პატარა ბიჭი ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს ფინალისტ ვალერი ლიპარტელიანის (90) ნათესავია - მამიდაშვილის შვილი, თუმცა ნაკრებში მისი შეყვანა ამასთან არაფერ კავშირშია - გველესიანი ჭაბუკთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერია.

მწვრთნელებს გუნდურში კიდევ ერთი მონაწილე ჰყავდათ შეგულებული - ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილი (66), თუმცა მას ნოემბრის შუაში გასამართავ საქართველოს ჩემპიონატში მოუსურვებია გამოსვლა და აბუ დაბიში წასვლა აღარ სურს. ცხადია, ეს საკითხი პირად მწვრთნელთან შეთანხმებით ხდება და სწორედ ახლა ირკვევა ეს პრობლემა, გაათავისუფლებენ თუ არა ახალგაზრდული ნაკრებიდან. თუ მართლაც დააკმაყოფილეს მისი სურვილი, მაშინ გუნდურში 66-ში ნაგლიაშვილი იჭიდავებს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ჩვენები აბუ დაბიში 20 ოქტომბერს გაფრინდებიან, 22-ში აწონვაა, 23-ში კი პირველი საშეჯიბრებო დღე. პირადი პირველობა 26 ოქტომბერს დასრულდება, 27-ში გუნდური შეჯიბრებაა. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ერთი მონაწილე გოგოებშიც გვეყოლება - ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (52), ვინც წინა კვირაში პირად მწვრთნელ კახა მოცრაძესთან რომში იმყოფებოდა ერთობლივ კემპზე. ის უკვე დაბრუნდა სამშობლოში და ბიჭების გუნდთან ერთად აქედან გაემგზავრება აბუ დაბიში.

P.S. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბექა შავდათუაშვილი აღარ მიდის მსოფლიოზე, გუნდურში მის ნაცვლად ნინიაშვილი იჭიდავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული