ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: არის პირველი მედალი!

AutoSharing Option
23 ოქტომბერს, აბუ დაბიში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძემ მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს სუფთად მოუგო.

ირაკლიმ ტურნირზე სასტარტო ბრძოლა ბელგიელ ვლადისლავ ლიმს მოუგო, ვისთანაც ევროპის ჩემპიონატზე წააგო. ამის შემდეგ კი ტუნისელი ამინე მოჰამედ აიარი და იტალიელი ანდრეა კარლინო ჩამოიშორა გზიდან. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში ყაზახ მაგჟან შამშადინთან დამარცხდა.

დღესვე ჩვენგან ევროპის წლევანდელმა მესამეპრიზიორმა თორნიკე ნაგლიაშვილმაც (60 კგ-მდე) იასპარეზა, თუმცა ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვთან სასტარტო ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, ახალგაზრდებში შარშანდელ
ფინალისტთან, მონღოლ ცოგტბაათარ ცენდოჩირთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ხვალ, 24 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემიონატზე მედლები ვაჟთა შორის 66-სა და 73-ში, გოგონებში კი 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქართველთაგან გიორგი გუგულაშვილი (66), გიორგი კაციაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე 73) იასპარეზებენ. გოგონათა შორის კი 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (52) იჭიდავებს.

აბუ დაბიში ჩემპიონატი 27 ოქტომბერს, გუნდური პირველობით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენები ამ ასაკში გუნდურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და არაბეთში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული