ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: უმედლო დასასრული

AutoSharing Option
ფოტოზე: გურამ თუშიშვილი (მარჯვნივ)
აბუ დაბიში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები პირად პირველობაში უმედლოდ დარჩა - გურამ თუშიშვილი (+100) მეშვიდეზე გავიდა, ჯაბა მუმლაძე (100) კი მერვედფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრებას.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა ახალგაზრდულ მსოფლიოზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 - ბრინჯაო. აქედან ერთი ვერცხლი გოგონებში მოვიპოვეთ - მარიამ ჯანაშვილმა (52), დანარჩენი კი ბიჭების დამსახურებაა. იმათგან ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვინც გუშინ 20 წლისა გახდა და იუბილე ძიუდოს ევროპულმა ფედერაციამაც მიულოცა
თავის საიტზე; ვერცხლი თამაზ კირაკოზაშვილმა (73) მოიპოვა, ბრინჯაო - ირაკლი კუპატაძემ (55).

ამ დუეტიდან უფრო მეტად ევროპის წლევანდელ ჩემპიონ თუშიშვილისა გვეიმედებოდა, იმის მიუხედავად, რომ ამჯერადაც მძიმე წონაში გამოდიოდა და არა მისთვის ჩვეულ 100-ში. სამწუხაროდ, მან იმედები ვერ გაგვიმართლა, რისი ნიშანიც პირველივე შეხვედრაში გამოავლინა.

ევროპის ჩემპიონატზე მან უფრო ძლიერად და სანახაობრივადაც იჭიდავა, ახლა კი სულ სხვა სტილში წარმოგვიდგა - თითქოს ტექნიკურ ჭიდაობას არ ეძალებოდა და უფრო სხვა ილეთებზე აპირებდა დაყრდნობას; არც ტაქტიკურად ჭიდაობდა და ის სისწრაფეც არ ჰქონდა, რითაც ევროპაზე მუდამ წნეხში ამყოფებდა, ღლიდა და ასავათებდა მეტოქეებს. ამჯერად აშკარად აკლდა მოძრაობა.

არ ვამბობთ, რომ ტექნიკურად არ ჭიდაობდა, მაგრამ ევროპაზე ამ მხრივ უფრო აქტიურად ირჯებოდა. ვერ გეტყვით, ამჯერად რატომ ჭიდაობდა ასე - მწვრთნელების დავალებით თუ მზადების პროცესში არსებული პრობლემები არ აძლევდა ამის საშუალებას. შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინ ცოტა გადაღლილი იყო, რის გამოც აბუ დაბიში წასვლამდე ერთი კვირით ადრე ყვარელში გაუშვეს სარელაქსაციო-აღდგენითი ტიპის შეკრებაზე. აქვე გეტყვით, რომ მწვრთნელები მისი ფიზიკური კონდიციებით ბოლომდე კმაყოფილნი ვერც ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის მიუხედავად დარჩნენ.

ჩანს, ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მით უფრო, ოპერაციის შემდეგ მას ფორსირებულ რეჟიმში მოუხდა ვარჯიშის განახლება - ევროპის პირველობისთვის მოსამზადებლად სრული დატვირთვით ვარჯიშს სხვებზე გვიან შეუდგა.

ავსტრიაში, ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილმა თუ მკვეთრად შემტევ სტილში იჭიდავა, კოზირად ჩახტომითი კისრულები გაიხადა, თუმცა არც შებოჭვებზე და დაბლაჭიდში, ანუ ძალისმიერ ჭიდაობაზე ამბობდა უარს, ამჯერად ასე ხელაღებით არ თუ ვერ უტევდა. მან პირველივე შეხვედრიდან დაგვზაფრა ეგვიპტელ აჰმედ ვაჰიდთან, იმის მიუხედავად, რომ ვაზარით დაწინაურდა - შიგნიდან ჩახვეული ფეხით გადააგდო, მაგრამ რამდენიმე წუთში თითქმის უბრძოლველად დაჰყვა მეტოქეს კისრულზე, რაც ვაზარი იყო და ეგვიპტელმა კინაღამ შებოჭა. კიდევ კარგი, დაუძვრა, ბოლო წამებზე კი ისევ ჩახტომითი კისრულით იუკოზე წამოიღო და ბოჭავდა კიდეც, მაგრამ დრო ამოიწურა.

მეორე შეხვედრაში ყაზახ იელამან იერგალიევთან ბევრიც არ უწვალია, თავიდანვე მისი ხელის მტკივნეულზე დაჭერას მიეძალა. პირველად ეს არ გამოუვიდა, მეორედ კი შედეგიანად დაასრულა, თუმცა იაპონელთა მომავალ ფინალისტ გენტა ტანაკასთან იპონით დამარცხდა.

საუბედუროდ, ვერც დამამშვიდებელში გააწყო რამე ბრაზილიელთა მომავალ პრიზიორ ჟოაო ცეზარინო სილვასთან. არადა, ციდან ვარსკვლავები არც ბრაზილიელს ჩამოუკრეფია, პირიქით - ორჯერ გააფრთხილეს, მაგრამ თუშიშვილი საკუთარ ილეთზე მოჰყვა და უფრო თვითონ წააგო.

მუმლაძემ პირველ ბრძოლაში გერმანელ იოჰანეს ფრეის გვერდზე დაქნევით ვაზარი აართვა, რუსთა ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ოლეგ აბაევთან კი ვაზარით წააგო.

დღეს, 27 ოქტომბერს, აბუ დაბიში გუნდური ტურნირია და მსოფლიოს ჩემპიონატიც დასრულდება. ჩვენები მეორე ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ბელორუსი და კანადაც გამოდიან, ანუ სულ სამი მონაწილეა. ჩვენები სწორედ ამათში მოგებულს შეხვდებიან მეორე წრეში, რადგან პირველში ისვენებენ.

დაგვეთანხმებით, კარგი წილისყრაა, ნახევარფინალში კი, სავარაუდოდ, სამხრეთი კორეა შეგვხვდება. ყოველ შემთხვევაში, მას ჯგუფში გერმანია, ირანი და ეგვიპტე ჰყავს.

რაც მთავარია, ფინალამდე აგვცდა იაპონია, აგრეთვე - რუსეთიც, რომელთანაც ევროპის წლევანდელ გუნდურზე წავაგეთ.

აბუ დაბიში კორეა ბიჭებში პირადში ზუსტად ჩვენნაირად გამოვიდა - სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, თუმცა მეხუთეადგილოსანიც ჰყავდა და გუნდურ ჩათვლაში ამით გაგვისწრო, მეოთხეზე დაგვტოვა.

იმედია, გუშინდელი წარუმატებლობა ბიჭებს დღეს გუნდურში დამატებით სტიმულს შესძენს.

კვარცხლბეკი
ბიჭები
100 კგ
1. ნიაზ ილიასოვი (რუსეთი), 2. ლეონარდო გონსალვეში (ბრაზილია), 3. ნიკიტა აზაროვი (ყაზახეთი), ანტონ სავიცკი (უკრაინა).

+100 კგ
1. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი), 2. გენტა ტანაკა (იაპონია), 3. მესიე კატანგა (საფრანგეთი), იუსეი ოგავა (იაპონია), 7. გურამ თუშიშვილი (საქართველო).

გოგონები
78 კგ
1. ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია), 2. კლარა აპოთეკარი (სლოვენია), 3. იულიე ჰოლტერჰოფი, ანა მარია ვაგნერი (ორივე - გერმანია).

+78 კგ
1. ვაკაბა ტომიტა (იაპონია), 2. კამილა ნოგეირა (ბრაზილია), 3. მი ჯინ ჰანი (სამხრეთი კორეა), ელიზავეტა კალენინა (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული