ახალი ტურნირის დებიუტი - საქართველოს ჩემპიონატზე დიდი ბრძოლები გველოდება

AutoSharing Option
კვირას ქუთაისსა და თბილისში პირველად ჩატარდა ახალი ტურნირი - ზონალური სალიცენზიო შესარჩევი შეჯიბრებები ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატისთვის.

ძიუდოს ფედერაციის ამ ახალი ნოვაციის შესახებ ადრეც ვწერდით და ამჯერად აღარ გავიმეორებთ, ორი სიტყვით აღვნიშნავთ, რომ ფედერაციამ გადაწყვიტა, მწყობრი სისტემის შემოღებით წინ აღუდგეს რეგიონებს შორის სპორტსმენთა გაცვლისა და სხვადასხვა მანიპულაციის არაჯანსაღ პრაქტიკას, ტურნირის დანიშნულება კი საქართველოს ჩემპიონატისთვის მონაწილეთა შერჩევაა.

სწორედ იმის გამო, რომ მთავარი იყო ქვეყნის პირველობაზე მოჭიდავეთა შერჩევა, ზონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულები და მედალოსნები არ გამოვლენილან - აღმოსავლეთ ზონაში ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას მერვედფინალში გასვლა
იძლეოდა, დასავლეთში - მეოთხედფინალში.

ძიუდოს ტრადიციებიდან თუ თანამედროვე სკოლიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველოს ყველა წონაში მეტი კვოტა ეძლეოდა - 16-16 კაცი, დასავლეთს კი - 8-8 ძიუდოისტი. თუმცა ამათ კიდევ 2-2 კაცი ემატებოდა წაგებულებიდან. ეს იმიტომ, რომ შანსი დამარცხებულებსაც ეძლეოდათ და მათთვის ძირითადი შეჯიბრების შემდეგ იქვე ცალკე ტურნირი ტარდებოდა, რომლის 2-2 მონაწილეც ასევე ემატებოდა ქვეყნის პირველობაზე მოჭიდავეებს.

ამ შეჯიბრების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ სალიცენზიო ტურნირის მონაწილეს, ანუ ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლის მსურველთა სიებს, პირადი მწვრთნელები აწვდიდნენ ფედერაციას და არა ადრინდელივით რეგიონები - ამით ცხადი ხდება, ვინ ვისთან ვარჯიშობს, რაც შემდგომში პირად მწვრთნელებთან დაკავშირებით ყოველგვარ გაუგებრობას გამორიცხავს.

სალიცენზიო ტურნირებში არ გამოსულან ის წამყვანი სპორტსმენები, რომლებმაც მედლები მოიპოვეს ევროპულ თამაშებზე (რაც, არსებითად, ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული), თუმცა ქვეყნის პირველობაში მათი გამოსვლა აუცილებელია. ცხადია, თუ ვინმეს ტრავმა არ აწუხებს.

ამდენად, ძირითადად უკვე ცნობილია ის ფალავნები, რომლებიც 12-13 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატში გამოვლენ. ყოველ წონაში მონაწილეთა რაოდენობა 28-დან 34-მდე იქნება. ეს ვრცელი სია უკვე დევს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საიტზე (იხილეთ) და აქ აღარ გადმოვიტანთ (მისი ნახვა ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზეც შეგიძლიათ), თუმცა შევნიშნავთ, რომ მას კიდევ დაემატება თითო-ოროლა სპორტსმენი, ძირითადად ისინი, რომლებმაც ამ დღეებში აბუ დაბიში იჭიდავეს ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობასა თუ "დიდ მუზარადზე".

ერთი სიტყვით, 12-13 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატზე დიდი ბრძოლები გველოდება. თუმცა არ არის გამორიცხული, მას რამდენიმე ლიდერი დააკლდეს.

მოგეხსენებათ, ამჟამად ზოგიერთს ტრავმა აწუხებს და მათ არც აბუ დაბიში უასპარეზიათ, თუმცა ზემოდასახელებულ სიებში რამდენიმე საინტერესო, ზოგი კი ლამის დავიწყებული სპორტსმენია: ამირან პაპინაშვილი (60), თენგიზ პაპოშვილი (73), ამირან წიკლაური, ზებედა რეხვიაშვილი, უშანგი მარგიანი (სამივე - 81), ზვიად გოგოჭური (0) და სხვები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქოთდება დარბაზი ოფლის სუნებით :))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული