საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ულიდეროდაც ძლიერი და საინტერესო

AutoSharing Option
ხვალ, 12 ნოემბერს, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება ვაჟთა შორის, რომელსაც ნაკრების ლიდერთა უმეტესობა კი დააკლდება, მაგრამ მაინც ძლიერი შეჯიბრება უნდა გამოვიდეს.

ნაკრების პირველ-მეორე ნომერთაგან იქ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), უშანგი მარგიანი (81) და ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ. ამათ გარდა, აღვნიშნავთ ზებედა რეხვიაშვილს, რომელიც ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ისევ უბრუნდება აქტიურ სპორტს, ოღონდ 81-ში, სადაც საბოლოოდ გადავიდა 73-დან.

წონა შეიცვალა შალვა ქარდავამაც, რომელიც ამჯერად 73-ში გამოვა. ამავე წონაში ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ ისევ ვიხილავთ ტატამზე თენგიზ პაპოშვილს.

მონაწილეთა სიაში სხვადასხვა წელს ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი თავგამოჩენილი ძიუდოისტია. იქნებიან ახალგაზრდული ნაკრების წლევანდელი წევრებიც, თუმცა მათი ნაწილი ზედა წონაში გამოვა. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ ისინი ამჯერად თავს, რამდენად წარმატებით გამოიყენებენ ბოძებულ შანსს.

მოგეხსენებათ, წლეულს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური შესარჩევი შეჯიბრებები ჩატარდა. ესეც საინტერესო ვარიაციაა, თუმცა არანაკლები გვგონია, რომ იქ მონაწილეობის მსურველთა სიები პირადმა მწვრთნელებმა წარადგინეს - ძიუდოს ფედერაცია ვარაუდობს, რომ ამით მინიმუმამდე შეამცირებს მაქინაციების შანსებს, გაზრდის პირადი მწვრთნელების ფაქტორს, აღკვეთავს სპორტსმენთა დატაცებას...

ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ასეთი მიდგომა, ნაკრების ლიდერები კი იმ ტურნირში გამოსვლისგანაც თავისუფალნი იყვნენ და ახლაც შეეძლოთ დასვენება, თუმცა ზემოდასახელებულმა ფალავნებმა თავად ისურვეს ქვეყნის პირველობაში მონაწილეობა.

შესაძლოა, საამისოდ ერთ-ერთი მოტივაცია ისიც გახდა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გაიზარდა ძიუდოისტთა ანაზღაურება საქართველოს ჩემპიონატში დაკავებული ადგილებისთვის და ამიერიდან, მოჭიდავეთა მსგავსად, ამათი პრიზიორებიც გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

სავარაუდოდ, სამინისტროს ანაზღაურების გაზრდა სხვა სახეობებშიც მოუწევს, რადგან ისინიც მოითხოვენ ხელფასის მომატებას. ვფიქრობთ, სამართლიანადაც, რადგან სირცხვილია, ქვეყნის ჩემპიონი, ვინც პირველხარისხოვან ტურნირებზე უნდა გამოვიდეს, მედალი მოგვიტანოს და საქართველოს ჰიმნი ააჟღეროს, დროშა ასწიოს, 500 ლარს იღებდეს. საერთოდ სატირალია მესამეპრიზიორთა ანაზღაურება - 150 ლარი!

თუმცა დავუბრუნდეთ ძიუდოისტთა ქვეყნის ჩემპიონატს, სადაც ლიდერთაგან არ იჭიდავებენ ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ვერცხლისმედალოსანი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი, ახალგაზრდებში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90), ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (100) და ლევან მატიაშვილი (+100).

არც 66-ში გამოვა ვაჟა მარგველაშვილი, ვინც სადღეისოდ ამ წონის ლიდერია. მას და თუშიშვილ-მსხალაძის დუეტს მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე მოახლოებული სალიცენზიო ტურნირების გამო ასვენებს - 20-22 ნოემბერს ჩინურ ქინგდაოში გამოვლენ "დიდ პრიზზე", 26-28-ში კი ანალოგიური რანგის შეჯიბრებაზე კორეულ ჯეჯუში იჭიდავებენ.

ჩინეთში მეოთხე მონაწილეც გაემგზავრება - საქართველოს ჩემპიონი, ხოლო თუ იქ თავს გამოიჩენს და დამაიმედებელ ჭიდაობას აჩვენებს, მაშინ კორეაში და, შესაძლოა, 5-6 დეკემბერს ტოკიოში, ძიგორო კანოს "დიდ მუზარადზეც" გამოვიდეს. 100 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი ტოკიოში იჭიდავებს. იქ წასაყვანი გუნდი მწვრთნელებს უკვე შერჩეული ჰყავთ, თუმცა ჯერ გამოცხადებას არ ჩქარობენ და საქართველოს პირველობის შედეგებს ელოდებიან. ისე კი, ეს დიდი გამოსაცნობი არაა - სავარაუდოდ, ტოკიოში ყველა ლიდერი იასპარეზებს, ტაქტიკური თუ სხვა მოსაზრებით საქართველოს რომელიმე მედალოსანს თუ არ მისცეს შანსი.

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოს აკადემიაში 12 ნოემბერსაც და 13-შიც 10 საათზე დაიწყება, ხვალ კი პირველი სამი წონის - 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ.

საქართველოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე - 14 ნოემბერს გუნდი ტოკიოში გაფრინდება. მასში, ძირითადად, ნაკრების წლევანდელი ლიდერები იქნებიან, თუმცა საქართველოს ჩემპიონატმა იქნებ აქაც შეიტანოს გარკვეული კორექტივები.

სამაგიეროდ, გარკვეულია, რომ მათთან ერთად არ გაფრინდება ის ოთხეული, რომელმაც ჩინეთ-კორეაში უნდა იჭიდაოს.

იაპონიაში ჩვენები კანოს მემორიალის წინ 2-კვირიან შეკრებას გაივლიან ორ უნივერსიტეტში (მათგან ერთი ტოკაისა იქნება), სადაც ადგილობრივ საუნივერსიტეტო გუნდებთან ერთად ივარჯიშებენ. ამას თავად შეჯიბრება მოჰყვება, რომლის დასრულების შემდეგაც გუნდი იქ ტრადიციულ ერთობლივ შეკრებაზე დარჩება, რომელშიც შეჯიბრების მონაწილე სხვა უცხოური გუნდებიც ჩაერთვებიან, 11 დეკემბერს კი თბილისში დაბრუნდებიან.

იაპონიაში დარჩენა ცოტა უფრო ხანგრძლივადაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენებს 19 დეკემბერს ევროპის საკლუბო პირველობა ელოდებათ - პირველი ლიგაც და "ოქროს ლიგაც", ანუ უმაღლესი, რომლებიც, შესაბამისად, თბილისსა და ვენაში გაიმართება. ამ ტურნირებში ერთბაშად 3 ქართული კლუბი გამოდის - "ოქროს ლიგაში" მებრძოლი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, პირველში კი ამ ლიგის საგზურის მოპოვებას "საგარეჯო" და "შევარდენი" შეეცდებიან.

ჩვენებიც ამ შეჯიბრებებისთვის დასასვენებლად და ძალების მოსაკრებად ჩქარობენ იაპონიიდან შინ დაბრუნებას, რადგან სამივე კლუბი ადგილობრივი ფალავნებითაა დაკომპლექტებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული