საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ჩემპიონატი ძველი ლიდერებით

AutoSharing Option
გუშინ, 12 ნოემბერს, ძიუდოს აკადემიაში ძიუდოისტთა წლევანდელი ჩემპიონატი დაიწყო და პირველმა დღემ საინტერესო ბრძოლებშიც ჩაიარა.

გუშინ ჩემპიონ-პრიზიორთა ვინაობა 60, 66 და 73 კილოგრამის ფალავნებმა გამოავლინეს. მათ შორის ახალი კადრები არ არიან, ძირითადად, ისევ ძველმა კადრებმა გაიმარჯვეს. სხვებზე მეტ მოულოდნელობად 73-ში ახალგაზრდა ფრიდონ გიგანის გამარჯვებას თუ მივიჩნევთ, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ აქ ნაკრების წევრები, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი არ ჭიდაობდნენ.

ახალგაზრდებიდან კიდევ ორს გამოვარჩევთ - 21-წლამდელებში ევროპის მესამეპრიზიორ გიორგი კაციაშვილს (73) და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ირაკლი
კუპატაძეს
(60).

კაციაშვილმა ფინალამდე ორი საკმაოდ კარგი მეტოქე ჩამოიცილა - თენგიზ პაპოშვილის მომგებ ბაჩანა ბოლქვაძეს დამაჯერებლად აჯობა და დააიპონა, ნახევარფინალში კი ზვიად კაპანაძეს მოუგო, თუმცა ფინალში ვერაფერს გახდა თავის მხრივ ძლიერად მოჭიდავე გიგანთან.

კუპატაძე ამჯერად უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად გაარღვია უფროსთა ორბიტა და ნახევარფინალამდე მივიდა. არადა, ის ახალგაზრდებში 55 კილოგრამში ჭიდაობდა. კუპატაძე ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ამირან პაპინაშვილთან იპონით დამარცხდა, რომელიც მისთვის ჯერ სხვა სიმაღლეა - წონის ლიდერმა ბავშვური შეცდომა არ აპატია.

ზოგადად, ჩემპიონატში ბევრი ვიხილეთ ისეთი, ასაკობრივი ნაკრებებიდან კარგად რომ გვახსოვს, თუმცა ეროვნულში დამკვიდრება ვერ მოახერხეს - იმავე კაპანაძემ, ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო ჭიკაიძემ (ორივე - 60), გელა კელიხაშვილმა, თორნიკე თათარაშვილმა (66)... ზოგი მათგანი ჯერ იმდენად ახალგაზრდაა, ვერც მოსთხოვ ქვეყნის მთავარ გუნდში დამკვიდრებას, მაგრამ ვინძლო, მათი ახლანდელი მიღწევა ამ გზის დასაწყისი იყოს.

60 კილოგრამში პაპინაშვილს კვლავაც ვერავინ დაუდგა წინ. ფინალამდე მან ოთარ თამლიანი, ლერი ბედინაძე და კუპატაძე ჩამოიცილა, ბადის მეორე მხარე კი უდანაკარგოდ ნაკრების მეორე ნომერმა ლუხუმ ჩხვიმიანმა გაიარა - იოსებ ცერცვაძეს, ჭიკაიძეს და ჯავახიშვილს აჯობა. ფინალში პაპინაშვილმა დამაჯერებლად იმარჯვა.

66 კილოგრამში ისვენებდა ვაჟა მარგველაშვილი, ამ გამარჯვებით კი თათარაშვილმა გაინაღდა მასთან ერთად 10-ოდ დღეში ჩინურ ქინგდაოში გამოსვლა "დიდ პრიზზე". მომავალმა ჩემპიონმა გზად კახა ცაგარელი, ნიკა ხუციშვილი, ლევან კირკიტაშვილი და, რაც მთავარია, ნახევარფინალში გიორგი გუგულაშვილიც ჩამოიცილა.

ალბათ, გუგულაშვილის უმედლოდ დარჩენა ამ ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობაა - ბრინჯაოსთვის ბრძოლა მინდია ლილუაშვილთან წააგო. ლილუაშვილი იქ ბექა შავდათუაშვილთან წაგებით მოხვდა, ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ კი ჩემპიონატში ცოტნე მელაშვილს და ლაშა გიუნაშვილსაც მოუგო. ფინალი თათარაშვილისა გამოდგა, რომელმაც მეორე ნომრობაზე პრეტენზიის მქონე ორ კონკურენტს მოუგო პირადი შეხვედრა - შავდათუაშვილს და გუგულაშვილს.

გიგანმა ლაშა ლიპარტელიანთან და გიორგი მათიაშვილთან მოგების შემდეგ ნახევარფინალში ომარ ნიაზაშვილი დააიპონა, თუმცა არც ფინალში დაუთმო რამე კაციაშვილს. თუმცა, ვფიქრობთ, გიგანს ჯერ მაინც გაუჭირდება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, მაგრამ საამისოდ სერიოზული განაცხადი კი გააკეთა.

ჩემპიონატი აკადემიაში დღეს, 13 ნოემბერს დასრულდება, როცა პრიზიორებს 81, 90, 100 და +100 კილოგრამის ფალავნები გამოავლენენ.

საქართველოს ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
60 კგ
1. ამირან პაპინაშვილი, 2. ლუხუმ ჩხვიმიანი, 3. ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ჭიკაიძე

66 კგ
1. თორნიკე თათარაშვილი, 2. ბექა შავდათუაშვილი, 3. მინდია ლილუაშვილი, გელა კელიხაშვილი

73 კგ
1. ფრიდონ გიგანი, 2. გიორგი კაციაშვილი, 3. ზვიად კაპანაძე, ანზორ ხმიადაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული