საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: განსხვავებული მეორე დღე

AutoSharing Option
ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღემ ძიუდოს აკადემიაში გარკვეული სიახლეებით ჩაიარა, რადგან, პირველისგან განსხვავებით, რამდენიმე ახალი სახე ვიხილეთ, 100 კილოგრამში კი საკადრო კრიზისის დაძლევის ახალი იმედი გამოჩნდა. ესაა ჯაბა მუმლაძე, ხოლო ახლებიდან დავასახელებთ თორნიკე ჯუღელს, არჩილ გოგოლაშვილს, ფრიდონ ზურაბიანს (სამივე - 90).

მედალოსანთა შორის თუ მედლის ზონაში ის ახალგაზრდებიც მოხვდნენ, რომლებიც შედიოდნენ ან ჯერ კიდევ ირიცხებიან 21-წლიანთა ნაკრებში: კობა მჭედლიშვილი, ლევან გუგავა (ორივე - 81), გიორგი გველესიანი (90), ლაშა ტაველური (100), გიორგი ზაქარიაძე, გიორგი ლაზუაშვილი, გუგა კიბორძალიძე (სამივე - მძიმე წონა).

წინა წლების მედალოსანთაგანაც ბევრი ავიდა კვარცხლბეკზე, თუმცა ჭიდაობის საერთო ხარისხი ცოტა მეტის სურვილს ნამდვილად ტოვებდა. გასაგებია, რომ სპორტსმენები ჯერ არ არიან ფორმაში და ეს ამ ეტაპზე არც მოეთხოვებათ; გასაგებია ისიც, რომ ლიდერთა უმეტესობა არ ჭიდაობდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც საერთაშორისო ტურნირებზე სისტემატურად ვხედავთ - ლიდერებსა და სათადარიგოებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა... თვით ზემოდასახელებული ახალი კადრების უმეტესობასაც მეტი მოეთხოვება სამომავლოდ, უცხოეთში წარმატებების მოპოვება თუ სურთ.

მსაჯობა ისევ პრობლემაა
არც მსაჯობა იყო ძალიან მაღალი დონის და მხოლოდ მეორე დღეს მათი მეშვეობით რამდენიმე შეხვედრა ძალზე უცნაურადაც წარიმართა: ლევან გუგავა - ამბაკო ავალიანი, ჯუღელი-ზურაბიანი, ტაველური - გიორგი ბოლოთაშვილი... განსაკუთრებით გასაკვირი ბოლო ორი პაექრობა გამოდგა, როცა შებოჭვის შემდეგ დაფიქსირებული შედეგი შეცვალეს.

გვესმის, რომ შებოჭვას ვერ გააჩერებდნენ, ვიდეო გვაქვს სანახავიო - ვაიდა, გდება არ დადასტურებულიყო, მაშინ შემბოჭავს ხომ დამსახურებულ მოგებას ართმევდნენ, მაგრამ მაყურებლისთვის, თავად სპორტსმენებისთვის შებოჭვის შედეგის გაუქმებაც ხომ გაუგებარია?

საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებულ ჩემპიონატში სწორედ ამას მოჰყვა ერთადერთი ინციდენტი ტაველური-ბოლოთაშვილის შეხვედრაში, როცა ტაველურის ახლობელი ტატამზე შევარდნით მიეჭრა მსაჯებს გასაპროტესტებლად. არადა, აშკარად ჩანდა, რომ ბოლოთაშვილმა გდება გააკეთა, თუმცა მსაჯმა არ შეაფასა, სანაცვლოდ კი ტაველურმა შებოჭვაზე დაიჭირა და ის 20 წამი დააფიქსირა კიდეც.

სხვა თუ არაფერი, სპორტსმენი ამდენ ენერგიას ხარჯავს შებოჭვაზე და რაღას ვაწვალებთ მაშინ?

ორგანიზაციულ მხარეს, დისციპლინას რაც შეეხება, საბედნიეროდ, ძიუდოში დარბაზში წესრიგის დაცვა უკვე ნორმად იქცა, რაც ჯერ ისევ მიუღწეველია სხვა ოლიმპიურ საჭიდაო სახეობებში - დაცვის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ფედერაციამ საფესტივალოდ გარემონტებულ დარბაზს რამდენიმეგან კარ-ფანჯრებიც დაუყენა, რამაც გათბობის პრობლემა მოაგვარა - არადა, თავის დროზე ეს დეტალი მავანთ გამორჩათ...

რეხვიაშვილის დაბრუნება და მარგიანის აღზევება
81 კილოგრამში წარმატებით შედგა ზებედა რეხვიაშვილის დაბრუნება, რომელმაც წონის შეცვლის შემდეგ ოპერაციებიც გაიკეთა და ძალიან ბევრი გაუცდა. თუმცა ის ჯანმრთელად მაინც ვერ შეხვდა ჩემპიონატს - როგორც გაირკვა, ფეხი სტკიებია, თუმცა მაინც ჩაება შეჯიბრებაში, ტრავმამ კი მეორე ორთაბრძოლიდან იჩინა თავი და ლამის კოჭლობით გაიარა გზა ფინალამდე, როცა გიორგი ობოლაშვილი, ბექა რატიანი, პაპუნაშვილი და ავალიანი ჩამოიშორა გზიდან.

რომ არა ტრავმა, მისი ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესებული გვეჩვენა, სუნთქვა, გამძლეობა უკეთესი ჩანდა, თუმცა თითქოს აკლდა სისხარტე - შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ ჯერ კიდევ აკლია სატურნირო პრაქტიკა. თუმცა, ცხადია, ტრავმაც გასათვალისწინებელია. უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ მან ვერც ძველებურად ზეტექნიკური ჭიდაობა გვაჩვენა, ოღონდ ესეც შედარებითია, თორემ ილეთები ახლაც ბლომად გააკეთა.

მას მხოლოდ პაპუნაშვილთან გაუჭირდა, ვისაც ერთი გაფრთხილებით აჯობა, დანარჩენებს კი ვაზარი აუღო. განსაკუთრებით ეფექტური გდება ავალიანს გაუკეთა, როცა ჰაერში აატრიალა.

უშანგი მარგიანმაც ძლიერად იჭიდავა და თავისი ყველა დადებითი თვისება გამოავლინა. მან თავიდან გიორგი კასაბური და გურამ ხოხობაშვილი დაამარცხა, კობა მჭედლიშვილს მტკივნეულით აჯობა, ნახევარფინალში ორი ვაზარი აუღო ანზორ ბიბილაშვილს, ფინალში კი რეხვიაშვილს ჯერ იუკო აართვა კარგი გდებით, რასაც ბოლოს ვაზარიც მიაყოლა.

მჭედლიშვილი მესამეზე კი გავიდა, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრების წევრს წლევანდელი სეზონი მაინც ჩაუვარდა - მას ბევრად მეტი შეუძლია. ვფიქრობთ, მეტი შეეძლო გუგავასაც, მაგრამ ისე გააცხარა მსაჯთა გადაწყვეტილებამ, როცა ავალიანთან დამატებით დროში გაფრთხილებით მოხსნეს, ტატამიდან გასვლისას პროტესტის ემოციური გამოხატვით ხელიც იტკინა და დამამშვიდებელში ვეღარ იჭიდავა.

ამ ინციდენტის გამო ფედერაციის ხელმძღვანელობა მისი საკითხის განხილვასაც აპირებს.

ღვინიაშვილების ეპოქა დგება?
ვერ ვიტყვით, რომ 90 კილოგრამში პაატა ღვინიაშვილი ყველა შეხვედრაში მთელი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად გაიმარჯვა. მაგალითად, ძალიან გაუჭირდა ნახევარფინალში მასავით "ფიზიკაზე" აქცენტირებულ ნოდარ ბერიანთან, ვისაც დამატებითში გაფრთხილებით მოუგო.

ფინალიც დაძაბული და მძიმე გამოდგა ზვიად გოგოჭურთან, თუმცა შეხვედრის ბოლოს მაინც დაიჭირა შეცდომაზე. გოგოჭური ამ ბოლოს თითქოს პარაძიუდოზე გადაერთო, მაგრამ აქაც კარგად იასპარეზა - ფიზიკურადაც ნორმალურად გამოიყურებოდა და ტექნიკურადაც ჭიდაობდა.

გოგოლაშვილი პირველად გახდა ამ რანგის შეჯიბრების მედალოსანი. ჯუღელი ახალი გადმოსულია ამ წონაში და თან რეგულარულად მწვრთნელიც არ ჰყავს, თუმცა მაინც ეტყობოდა პროგრესი ადრინდელთან შედარებით.

როგორც ცნობილია, ოლიმპიადის შემდეგ ვალერი ლიპარტელიანი 100-ში გადადის. დიდი შანსია, აქ ასპარეზი ღვინიაშვილებს დარჩეთ - პაატა და ბექა ღვინიაშვილებს, თუმცა გოგოჭურიც ნამდვილად დიდი ძალაა.

მუმლაძე - ახალი იმედი
ყველაზე დიდი იმედი 100-მა კილოგრამმა და მუმლაძემ დაგვიტოვეს. ბუნებრივია, მას ჯერ კიდევ ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ მონაცემები აქვს - ფიზიკურად საკმაოდ ღონიერია, ჯანიანი, არც სიმაღლე დაეწუნება და კარგი ტექნიკაც აქვს. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებით იმუშავებენ თავადაც და მწვრთნელებიც. ალბათ, მიმდინარე ოლიმპიურ ციკლს არაფერი ეშველება და ამ წონაში ულიცენზიოდ ვრჩებით, მაგრამ, ვგონებთ, მომდევნოში გურამ თუშიშვილთან და ლიპარტელიანთან ერთად ძლიერ კონკურენციას კი შექმნის.

მან თავიდან გიორგი ვარდოსანიძეს და გიორგი სეტიელს იოლად მოუგო, ალექსანდრე ზაალიშვილს კი ვაზარით მოუგო. ამით ნაკრებში მისი ჩანაცვლებაც ოფიციალურად გააფორმა, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი პაექრობა მაინც ნახევარფინალში მოიგო რევაზ წულუკიძესთან - ვაზარს აგებდა, მაგრამ დამთავრებამდე 5 წამით ადრე ამოსმულით იპონი მიითვალა.

წულუკიძე ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია, თორემ თითქოს წინააღმდეგობაც არ გაუწია, იმდენ ხანს ადროვა ილეთის მომზადება.

ლაშა გურულმა, ტრადიციულად, ძლიერად იჭიდავა. ზოგადად, ის და პაატა ღვინიაშვილი საქართველოზე ყოველთვის კარგად გამოდიან და ვნახოთ, რას იზამენ ამჯერად უცხოეთში. მან წინასწარებში გიგა თაყაძეს, თამაზ ჯავახიშვილს, გიორგი ქავთარაძეს და ბოლოთაშვილს მოუგო, ფინალში კი მუმლაძეს უფრო გამოცდილების ხარჯზე აჯობა.

ამ წონაში ცოტა მეტს ველოდით ზაალიშვილისგან, ისე კი ურიგო შთაბეჭდილება არც სხვა ახალგაზრდებს - ტაველურს, წულუკიძეს და ბოლოთაშვილს დაუტოვებიათ.

ახალგაზრდებო, გამოცოცხლდით!
მძიმე წონაში არ უჭიდავია მსოფლიოს პრიზიორსა და ევროპული თამაშების გამარჯვებულ ადამ ოქრუაშვილს, თუმცა კვარცხლბეკზე ერთი ოქრუაშვილი მაინც ავიდა - მისი უმცროსი ძმა ვახტანგი.

პირადად მე ამ წონის ახალგაზრდების - ლაზუაშვილის, ზაქარიაძის, კიბორძალიძის და სხვებისგან, ჭიდაობის ხარისხის თვალსაზრისით, ბევრად მეტს ველოდი. კარგი ისაა, რომ ბუღაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტაბილურობა - იქნებ ჯერ ლიდერებს ვერ მოუგოს, მაგრამ არც მშვიდი ძილის საშუალებას მისცემს მათ.

ფინალში მან ფიზიკურად უფრო ტანსრული ლაზუაშვილი მშვენივრად დაამარცხა - შეცდომაზე დაიჭირა და ვაზარზე გადმოღებული შებოჭა.

კვარცხლბეკი
81 კგ
1. უშანგი მარგიანი, 2. ზებედა რეხვიაშვილი, 3. კობა მჭედლიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი.

90 კგ
1. პაატა ღვინიაშვილი, 2. ზვიად გოგოჭური, 3. თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი.

100 კგ
1. ლაშა გურული, 2. ჯაბა მუმლაძე, 3. ლაშა ტაველური, ალექსანდრე ზაალიშვილი.

1. +100 კგ
ონისე ბუღაძე, 2. გიორგი ლაზუაშვილი, 3. გიორგი ზაქარიაძე, ვახტანგ ოქრუაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Iseti shtabechdileba mrcheba avtors vigaca mouyva tu ra xdeboda chempionatze☺☺☺☺
qartveli
15:46 18-11-2015
0
Margianma finali ulamazesi gdebit moigo romelic iponad shefasda
qartveli
15:53 18-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული