ძიუდოს მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რიოს ოლიმპიადას დაუახლოვდა

AutoSharing Option
ძიუდოში ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადას.

ტოკიოს "დიდი მუზარადის" შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსაჯთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენებური არბიტრი უკვე მე-9 ადგილზეა, ევროპულ რეიტინგში კი - მე-6-ზე.

ოლიმპიადაზე სულ 14 მსაჯი იქნება მივლინებული. აქედან 12 საერთაშორისო რეიტინგით შეირჩევა, კიდევ ორს კი - აფრიკისა და ოკეანიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფედერაცია თავისი კვოტიდან ამატებს. ევროპას 7 ადგილი აქვს გამოყოფილი და ნუცუბიძეს ეს კვოტაც ვერ შეუშლის ხელს. ის ყოველთვის შედიოდა საერთაშორისო რეიტინგის მოწინავეთა შორის, თუმცა ამ
შემოდგომაზე მისი რეიტინგი ოდნავ გაუარესდა, ოღონდ არა ისე საგანგაშოდ, სალიცენზიო ზონა დაეტოვებინა, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში გამართული აზიური ტურნირების შემდეგ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები დ მყარად დგას ბრაზილიაში წამსვლელთა შორის.

ერთი სიტყვით, დიდი შანსია, ოლიმპიადაზე ჩვენს სპორტსმენებთან ერთად ქართველი არბიტრიც მოხვდეს, რაც პირველი შემთხვევა იქნება ქართული ძიუდოს ისტორიაში. მართალია, მოსკოვის ოლიმპიადაზე ანზორ ქიბროწაშვილი კი იყო მიწვეული, მაგრამ მიზეზთა გამო (ამბობენ, ამაში დიდი როლი ევროპული ძიუდოს ერთ-ერთ მაშინდელ მაღალჩინოსანთან პიროვნულმა დაპირისპირებამაც ითამაშაო) მას იქ ტატამზე სამსაჯოდ შესვლის საშუალება არ მიეცა; ნუცუბიძე კი, თუ მოხვდება, აუცილებლად მოუწევს პრაქტიკული მუშაობა.

როგორც გითხარით, ოლიმპიადას ისედაც 14 არბიტრი ემსახურება და მათ მოცლა ნამდვილად არ ექნებათ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, ძიუდოისტთა მსგავსად, თამაშებზე ერთი ქვეყნიდან მსაჯიც მხოლოდ ერთი დაიშვება. თუმცა წლევანდელი რეიტინგი ორგანიზატორებს ამ მხრივ ისედაც არავითარ პრობლემას არ უქმნის - მოწინავე 12-ში ყველა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია.

ბარემ აქვე ამ ქვეყნებსაც ჩამოვთვლით სარეიტინგო თანმიმდევრობით: ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი, ბრაზილია, უნგრეთი, ჩეხეთი, საქართველო, პოლონეთი, გერმანია და მონღოლეთი.

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ სიაში არ არიან კორეა, ჰოლანდია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი, რუსეთის გარდა, მხოლოდ ჩვენ ვართ. სამხრეთკორეელი მსაჯი რეიტინგში სულაც 41-ეა და მას ჩრდილოკორეელიც კი უსწრებს, ხოლო ჰოლანდიას... ერთი მსაჯიც არ ჰყავს სიაში. არადა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე იან სნაიდერსი ჰოლანდიელია.

ქართველ მსაჯთაგან საერთაშორისო რეიტინგში ამირან ტოტიკაშვილიცაა დასახელებული, თუმცა მას თბილისის "დიდი მუზარადის" შემდეგ სარეიტინგო შეჯიბრებებში აღარ უმსაჯია. დასასრულ გეტყვით, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოძახებულ 14 მსაჯს თებერვალში დაასახელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული