ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი: ფულს ბავშვებიც მიიღებენ

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ ძიუდოს ფედერაციის ახალ პროექტზე, რომელიც კლუბების დაფინანსებას ითვალისწინებს. მისი მიზანია, სატურნირო პრაქტიკით და განსაკუთრებით - ფინანსურად უზრუნველყოს სარეზერვო ფალავნები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდებიან.

თუმცა აქ ლაპარაკია უფროსი ასაკის მოჭიდავეებზე, არადა, ეს პროექტი ჭაბუკებშიც ანალოგიურ მიზნებს ისახავს. მით უფრო, საკლუბო სისტემა პატარებში უკვე გარკვეულ ისტორიას მოიცავს.

მოგეხსენებათ, ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატი პირველად ორი წლის წინ 14 კლუბით დაიწყო, წლეულს კი მათი რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. გაისად ამ პირველობის სისტემა კიდევ
უფრო დაიხვეწება და ორ წრედ ჩატარდება - ჯერ გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის 8 საუკეთესო მონაწილე შემოდგომაზე უმაღლეს ლიგაში იჭიდავებს, დანარჩენები კი - პირველში.

ამის შემდეგ მათი ჩემპიონატი ამ სისტემით გაიმართება, ანუ ორ ლიგაში. საუკეთესო ოქტეტში მოხვედრისთვის გუნდები ჯილდოდ მიიღებენ 10 000 ლარს, რასაც საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში კიდევ დაემატება ფულადი პრემია - პრიზიორი კლუბები საშუალოდ 40 000 - 50 000 ლარს მიიღებენ. ოღონდ ფედერაცია ამ თანხის განსაკარგავად გარკვეულ კვოტებს აწესებს, კორუფცია თუ სუბიექტურობა მინიმუმამდე რომ დაიყვანოს.

მაგალითად, მწვრთნელი ხელფასად საპრემიო თანხის მხოლოდ 25 პროცენტს გამოიყენებს, 40% - სპორტსმენებზე განაწილდება, 30% კლუბის განვითარებას დაეთმობა - სავარჯიშო ინვენტარის ან შეკრებების მოწყობას მოხმარდება, დარჩენილი თანხა კი კომუნალური გადასახადების ან გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის რჩება, ოღონდ ამას ხელფასად ვერ გამოიყენებს.

როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, უხეში გათვლებით, საშუალო მაჩვენებლებით დაგვითვალა, ამ სისტემით საპრიზო ადგილზე გასული კლუბის მწვრთნელი თვეში დაახლოებით 500 ლარს, ხოლო ძიუდოისტები 300-ს მიიღებენ.

თან, გავითვალისწინოთ, რომ აქ ლაპარაკია 16 წლამდე ასაკის სპორტსმენებზე, ხოლო ამ თანხას არავითარი კავშირი არ აქვს იმ ხელფას-ანაზღაურებასთან, რომელსაც ისინი სამინისტროს, ფედერაციის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა თუ სპონსორებისგან იღებენ. მათთვის ეს დამატებითი თანხა იქნება.

მთლიანობაში, ამ ახალი პროექტის განხორციელება ორივე ასაკში ფედერაციას 680 ათასი ლარი უჯდება. დაგვეთანხმებით, ეს არაა უზარმაზარი თანხა, ამ დროს კი ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია. თუ ყველაფერი ისე კარგად წარიმართა, როგორც ამას ფედერაცია ვარაუდობს (ანუ, თუ შეძლებს, ბოლომდე მოთოკოს მწვრთნელები), მაშინ არა მარტო ქართული ძიუდოს, არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის უზარმაზარი საქმე გაკეთდება - განვითარებული საკლუბო სისტემა ხომ მაღალი მიღწევების სპორტის საფუძველია.

სპორტში წარმატებული ქვეყნების უმეტესობას სახელმწიფო პრემიები არც ისე დიდი აქვს, მაგრამ მათი სპორტსმენები ფინანსურად, ძირითადად, კლუბებიდან არიან უზრუნველყოფილნი (ასევე დიდ როლს ასრულებს მუნიციპალური დაფინანსება).

ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა სამინისტროს დახმარებით, რომელმაც არ დაიშურა ზემოხსენებული თანხის გამოყოფა. ეს თანხა გათვალისწინებულია ფედერაციის საგაისო ბიუჯეტში, ოღონდ მას თავისუფლად შეიძლება, მიზნობრივი გრანტი ეწოდოს, რადგან სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოუყვეს, ფედერაცია მას სხვა მიზნით ვერ დახარჯავდა.

თუმცა ქევხიშვილს არც ჰქონია ამის განზრახვა - პირიქით, ოღონდ კი მიეცათ ეს ფული და თავად შესთავაზა დამცავი რეგულაციები. მაგალითად, პროექტშივე გაწერა ზემოხსენებული პარამეტრები, საპრემიო თანხიდან რა ნაწილი რაზე უნდა დაეხარჯათ, რათა მოესპო ყოველგვარი ჭორი იმის შესახებ, რომ ეს ფული კონკრეტული პიროვნებების ჯიბეებში დაილექებოდა.

მისასალმებელია, რომ ფედერაციის ამ საინტერესო ნოვაციას სამინისტროც დაეთანხმა. ნებისმიერ სიახლეს ახლავს სირთულეები და შეცდომებისგან დაზღვეული არავინ და არაფერია; ბოლომდე და სრულად ვერც მოსალოდნელ ხარვეზებს გათვლი წინასწარ და ქევხიშვილიც ამბობს, იქნებ რაღაც ნაკლოვანებები მუშაობის პროცესშიც გამოჩნდესო, მაგრამ მათ გამოსასწორებლადაც მზად არიან. თან ოდესღაც ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს, თორემ ასე დაუსრულებლად ერთი ადგილის ტკეპნა სამომავლო პერსპექტივაში ჭაობში ჩაფლობას ნიშნავს.

სხვათა შორის, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს ძიუდოს აკადემიის ფედერაციისთვის გადაცემაშიც დიდი როლი მიუძღვის, თუმცა ამ საქმეში საბოლოო წერტილი მაინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სამინისტრომ "დიდი პრიზის" მასპინძლობისთვის საჭირო 1 100 000 უკვე დაამტკიცა, ფედერაციას კი ისევ უნარჩუნებს შარშანდელ ბიუჯეტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული