"მებრძოლმა" ახალი ფურცელი ჩაწერა არა მარტო ქართული ძიუდოს, არამედ მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში - ევროპის საკლუბო პირველობის უმაღლესი, "ოქროს ლიგა" მოიგო. ფინალში ჩვენებმა ამ ტურნირის სტაჟიანი ტრიუმფატორი, გერმანული "აბენსბერგი" დაამარცხა, რომელიც წლების განმავლობაში იგებდა ამ შეჯიბრებას.
ჩვენებმა ვენაში გამართულ "ოქროს ლიგაში" მართლაც იბრძოლეს - სამივე შეხვედრას აგებდნენ, თუმცა მებრძოლი სული გამოავლინეს და ევროპას ქართული გვირგვინი დაადგეს. ჩვენებმა ჯერ ფრანგულ "სენტ ჟენევიევ სპორტს" მოუგეს, ნახევარფინალში ქართველებით გაძლიერებული პორტუგალიური "სპორტინგ ლისაბონი" დაამარცხეს, ფინალში კი, როგორც
ჩვენებმა სამივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოიგეს, გადამწყვეტი პაექრობა კი სამჯერვე ადამ ოქრუაშვილმა (+100) მოიგო.
გთავაზობთ ინტერვიუს კლუბის მწვრთნელ გიორგი ბაინდუროვთან.
- ალბათ, თქვენთვისაც მოულოდნელი იქნებოდა, სამივე შეხვედრა ჩამორჩენით რომ დაიწყეთ...
- მოგეხსენებათ, 66 და 73 კილოგრამებში წავაგეთ, რაც ჩვენთვისაც მოულოდნელი ამბავი იყო. ჩვენი გათვლებით, ამ ორი წონიდან ერთ-ერთში მაინც უნდა მოგვეგო, თუმცა, სამაგიეროდ, მერე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი იგებდნენ. ოღონდ ფინალში ჭრიკიშვილმაც მოულოდნელად წააგო. არც ამას ველოდით და გვქონდა გათვლა, რომ მძიმე წონას უკვე აღარ მოუწევდა გადამწყვეტი შეხვედრის ჭიდაობა.
თუმცა ბიჭები ახალი ჩამოსულები იყვნენ იაპონიიდან და ცოტა გადაღლილები ჩანდნენ, ოღონდ მთავარ მიზანს მაინც მიაღწიეს და ჩემპიონები გახდნენ.
- თქვენი აზრით, რა იყო ჭრიკიშვილის წაგების მიზეზი დომენიკ რესელთან?
- ჩემი აზრით, დაინდო მეტოქე და ამას ემსხვერპლა. გაფრთხილებებით უგებდა, მაგრამ ილეთი გაუშვა. არადა, ჭრიკიშვილი იმ ტიპის მოჭიდავეა, გდებას ძნელად თუ გაუკეთებ. თან არც რესელია მისი დონის ფალავანი, მაგრამ სპორტია, ასეთებიც ხდება.
- ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ ბიჭებს ჯერ კიდევ ეტყობოდათ იაპონიის გავლენა?
- რა თქმა უნდა, ეტყობოდათ. მათ იქ ჯერ ფიზიკურად დატვირთული შეკრება გაიარეს, მერე ტურნირში იჭიდავეს, ბოლოს კი ისევ ერთობლივი წვრთნები ჰქონდათ. ცხადია, აკლდათ დასვენება, თუმცა ეს ყველაფერი მოგვარდება.
- ბიჭების განწყობა როგორი იყო? იოლი არ იქნებოდა ამდენი ჩამორჩენის შემდეგ მობილიზება...
- განწყობა თავიდანვე საბრძოლო იყო და ბოლომდე ასე შეინარჩუნეს. მათ შორის, მაშინაც კი, როცა ვაგებდით. ეს არ იყო გამოუცდელი გუნდი, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები ჭიდაობდა, რომელსაც დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. ბიჭებმაც ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად, რითაც დიდი სიხარული მოუტანეს საქართველოს.
- მეორე შეხვედრაში პორტუგალიურ სპორტინგთან ლიპარტელიანი რატომ დაასვენეთ?
- მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე უცხოელთა ლიმიტია - კლუბს ერთდროულად მხოლოდ ორი ლეგიონერის დაყენება შეუძლია. ამიტომ ველოდით, რომ პორტუგალიელები ამ წონაში ესპანეთიდან მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადაშვილს არ დააყენებდნენ. ველოდით, რომ 73-ში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს და მძიმეში უკრაინელ იაკიმ ხამოს დაგვიპირისპირებდნენ. ეს მართლაც ასე მოხდა, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ლიპარტელიანისთვის ფინალის წინ დასვენების საშუალება მიგვეცა და მის ნაცვლად ზვიად გოგოჭური დავაყენეთ. მით უფრო, გოგოჭურის იმედიც გვქონდა, ისიც კარგად იყო განწყობილი და კარგადაც ჩაატარა შეხვედრა, დამაჯერებლად მოიგო.
- ადამ ოქრუაშვილს სამივე პაექრობა ფინალის ტოლ-სწორი მოუწია, სამჯერვე მან გვიხსნა...
- ადამი ისეთი ტიპის ფალავანია, გადაწყვეტილი რომ ყოფილიყო შეხვედრის ბედი - გინდ მოგება ყოფილიყო გარანტირებული, გინდ - წაგება, შეიძლება, ვერ მოეგო, მაგრამ როცა გადამწყვეტ ორთაბრძოლას ჭიდაობს, იქ სულ სხვა შემართებით გადის. ახლაც ასე იჭიდავა, იმის მიუხედავად, რომ სამჯერვე მართლაც ფინალის ტოლფასი ბრძოლები ჩაატარა, მაგრამ გაუძლო ამ დატვირთვას და კარგად იჭიდავა. ყველამ ნახეთ, როგორი შეხვედრა მოუგო ხამოს - ვაზარს და იუკოს აგებდა, მაგრამ მაინც დაამარცხა.
- მაგ მომენტში, როცა ხამო ვაზარით დაწინაურდა, ხელიც ხომ არ ჩაიქნიეთ?
- არა, არავითარი ხელის ჩაქნევა, მაინც მჯეროდა, რომ მოიგებდა. თუ გახსოვთ, პირველი გდებისას იუკოზე როგორი პოზიციიდან დაუძვრა ხამოს. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი მის გამარჯვებაში.
- თქვენს ჩემპიონობას როგორი გამოხმაურება მოჰყვა? გერმანელებს იქნებ უკვე თავიანთი ეგონათ ეს თასი, იმდენად არიან შეჩვეულები ჩემპიონობას...
- ცხადია, გერმანელებს ძალიან დასწყდათ გული, ისე კი, ჩვენი გამარჯვება არავის გაჰკვირვებია. ჩვენ ისედაც ძლიერი ბიჭები გვყავს, გუნდურს კი განსაკუთრებული შემართებით ვჭიდაობთ. შესაბამისად, არც გაჰკვირვებიათ ეს გამარჯვება და ყველა გვილოცავდა ამ წარმატებას.
- იქნებ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ალბათ, სამომავლოდ შემადგენლობის გაძლიერებაც იგეგმება...
- გაძლიერება აუცილებლად დაგვჭირდება. მით უფრო, გაისად უკვე მსოფლიოს ჩემპიონატიც იმართება კლუბებს შორის. 66 კილოგრამში დაგვჭირდება ახალი ფალავნის დამატება და უკვე ვფიქრობთ რამდენიმე ძიუდოისტზე, 2-3 კანდიდატურაც მოიაზრება, მაგრამ ჯერ არ მინდა დაკონკრეტება.
- შეიძლება გაისად მსოფლიოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი ან ევროპული პირველობა თბილისში გაიმართოს...
- დიახ, ამაზე მართლაც მიდის მუშაობა და ძალიან კარგი იქნება, რომელიმეს თუ ვუმასპინძლებთ. ეს დიდი სიხარული იქნება ქართველი ქომაგისთვის, ხოლო ჩვენი ბიჭებისთვის - ორმაგი მოტივაცია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"