იქ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გაფართოებული შემადგენლობის ნაცვლად მხოლოდ 9 ძიუდოისტი წაიყვანა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე - +100).
როგორც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს ის შემადგენლობაა, რომელმაც შარშან ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე იჭიდავა. ცვლილება მხოლოდ "სვანური როქია" - უშანგი მარგიანი (81) ჩხვიმიანმა შეცვალა.
ჩხვიმიანის
ახლა ჩვენებისთვის მთავარი სწორედ ოლიმპიადაა და ბაკურიანში ასე მცირე გუნდით წასვლაც ამითაა გამოწვეული - ბუნებრივია, ლიდერები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებიან და საგანგებო განრიგით მოემზადებიან თამაშებისთვის. რაც შეეხება მარგიანს, ის თბილისში დარჩა კარგა ხნის წინათ ნატკენი ფეხის სამკურნალოდ, რომელმაც შარშან პირდაპირ გააწამა და ევროპა-მსოფლიოზე დააღალატა.
თუმცა ზემოდასახელებულ ლიდერებს ჯერ არ მოუწევთ ტურნირებში ჩაბმა. მანამდე ძალებს იმ წონების ფალავნები მოსინჯავენ, სადაც ლიცენზიები ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია - 66 და 100 კილოგრამების წარმომადგენლები.
ჩვენები წლეულს სეზონის პირველ ტურნირზე აფრიკაში იჭიდავებენ - 16-17 იანვარს ტუნისში, "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე", სადაც 6 ფალავნით გამოვალთ, ანუ ორივე წონაში 3-3 წარმომადგენლით: ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, ბექა შავდათუაშვილი (სამივე - 66), ალექსანდრე მსხალაძე, გურამ თუშიშვილი და ჯაბა მუმლაძე (100).
ამ შეჯიბრებიდან ხუთიოდ დღეში - 22-24 იანვარს უკვე ჰავანაშია მორიგი ტურნირი, ოღონდ ის "დიდი პრიზის" სტატუსისაა, სადაც სტუმარ ქვეყნებს წონაში 2-2 მონაწილის დაყენება შეუძლიათ. ამიტომ უზნაძე ჯერ ტუნისის შედეგებს დაელოდება და მერე გამოაცხადებს იქ წასაყვან შემადგენლობას. თუმცა გასაგებია, რომ აქცენტი ისევ ამ ორ წონაზე იქნება გადატანილი, მაგრამ საინტერესოა, მაგალითად, წაიყვანენ თუ არა 100-ში ღვინიაშვილს. აი, სწორედ ამგვარ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი ტუნისმა და ამიტომ ელოდებიან მას.
ამ თვეში ჩვენებს კიდევ ერთი შეჯიბრება ელოდებათ - 30-31 იანვარს სოფიაში "ევროპის ღია თასი" იმართება, სადაც ჩვენები სრული გუნდით გამოვლენ, ანუ ყველა წონაში 4-4 კაცს დააყენებენ. თან გადაწყვეტილია, რომ ბულგარეთში საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნები წავლენ. გამონაკლისს მხოლოდ 60 კილოგრამში დაუშვებენ, სადაც დაისვენებენ ქვეყნის ჩემპიონი პაპინაშვილი და ვერცხლისმედალოსანი ჩხვიმიანი.
ტუნისში წამსვლელი ექვსეული დღეიდან თბილისში დაიწყებს შეკრებას, ბაკურიანში კი ლიდერები ორ კვირას დარჩებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"