მართლა ყინავს თუ არა ძიუდოს აკადემიაში? "ლელო" დარბაზს ესტუმრა

AutoSharing Option
ქართულ ძიუდოს არა და არ ეღირსა დამშვიდება - გუშინ, 28 იანვარს ახალი სკანდალი პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან ისროლა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეუფერებელ მოსამზადებელ პირობებზე ილაპარაკა. კერძოდ, გათბობის პრობლემაზე, რაშიც ფედერაცია, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა და ამ ყველაფერს 90-იანებში დაბრუნება უწოდა.

ბუნებრივია, დავინტერესდით, რეალურად რა ვითარებაა ძიუდოს აკადემიაში, სადაც დღეისათვის ვარჯიშობს
ეროვნული ნაკრები და იქაურობას ვესტუმრეთ.

ვერ ვიტყვით, რომ შენობაში ცხელა, მაგრამ ვერც სიცივეს დავარქმევთ. უბრალოდ, სასურველი იქნებოდა, ტემპერატურა ცოტა მეტი იყოს, რადგან სპორტსმენები ჩვენზე გაცილებით უფრო შილიფი სამოსით ვარჯიშობენ, თან ორგანიზმის გახურებასაც ბევრად მეტი სითბო სჭირდება.

თუმცა ესეც უფრო დიდ დარბაზზე ითქმის, სადაც მარტო ელექტროგამათბობლებია, თორემ დანარჩენ სამ პატარა დარბაზში დამატებით გაზის ბატარეებიცაა დამონტაჟებული და იქ გაცილებით თბილა.

სიმართლე გითხრათ, ზვიადაურის გამოსვლაში გაჟღერებული ფრაზის შემდეგ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრებს გათბობას არ ურთავსო, მეგონა, რომ შენობაში კომუნალური ხარჯების დაზოგვის მიზნით მართლა გამორთეს გათბობა, თუმცა ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ მთელი ეს დღეები უწყვეტად იყო ჩართული.

გაზის ბატარეები სპეციალურადაც შევამოწმე და იმდენად ცხელი იყო, 1-2 საათში იმ ტემპერატურას ვერ მიაღწევდა. უბრალოდ, სხვა საქმეა, თბილისურ ყინვასთან გამკლავება მასაც თუ უჭირს, თორემ გარეთ ოდნავ მეტი ტემპერატურა რომ იყოს, დარბაზში ჩამოცხებოდა კიდეც.

ვიმეორებ - ამას ვამბობ სამ პატარა დარბაზზე, სადაც დამატებით გაზის გათბობაცაა, თორემ მხოლოდ ელექტროგამათბობლების იმედად დარჩენილ მთავარ არენაში ცოტა მეტი პრობლემაა. თან ის გამათბობლები ჭერშია დამონტაჟებული, საკმაოდ მაღლა, თორემ გაცილებით პატარა და დაბალჭერიან ადმინისტრაციულ ოთახებში სიცივეს წარმატებით უმკლავდება.

ერთი სიტყვით, შთაბეჭდილება ასეთია: სასურველია მეტი ტემპერატურა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დარბაზში გაიყინები. თან ამ ყველაფერს თბილისურმა მკაცრმა ზამთარმაც დაატყო ავბედითი ხელი, თორემ საკმარისია, სულ ოდნავ დათბეს და დარბაზშიც მოიხსნება გათბობის პრობლემა.

მართალია, ფედერაცია მზად უნდა იყოს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუმცა იქაურობა მას შარშან გადაეცა და ისიც - ძლივძლივობით, თორემ, იმედია, სამომავლოდ დროულად დაიჭერენ თადარიგს.

აქვე დაპროექტებისას დაშვებულ ხარვეზებზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ. მოგეხსენებათ, ეს დარბაზი ევროპის ოლიმპიური ფესტივალისთვის გარემონტდა და მაშინ გაზის გამათბობლები საერთოდ ჩაჭრეს.

ისევ ფედერაციამ ივარგა, რომელმაც არათუ არ გაატანა ბატარეები, მოგვიანებით თავისი ხარჯებით ისევ დაამონტაჟა. იმხელა დარბაზების მხოლოდ დენის გამათბობლების ამარა დატოვება იმთავითვე გაუმართლებელი ნაბიჯი ჩანდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სხვათაშორის ნაკრების მწვრთნელიც დაეთანხმა რომ სიცივეაო, ალბათ არიცით სიცივეში ვარჯიში და სრული დატვირთვა რა რისკფაქტორებთანაა და როდესაც სპორცმენი მტელი ცხოვრება ემზადება ოლიმპიადისთვის და იქ გამარჯვების შანსი ნებიემიერს აქვს ოდნავი რისკის გაღებაც არ შეიძლება ამით შეიძლება სპორთსმენს მთელი კარიერა დაენგრეს 10 გრადუსი ზალიან დაბალია მითუმეტეს ჩართულ გათბობაზე და როცა პრეზიდენტი ხარ და ბოლო საოლიმპიადო წელია ყველანაირი კომფორტი უნდა შექმნა სპორტსმენისთვის
paata
03:43 30-01-2016
0
კაია
giorgi
16:40 29-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული