დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა

AutoSharing Option
ქართულ ძიუდოს არა და არ ეღირსა დამშვიდება - გუშინ, 28 იანვარს ახალი სკანდალი პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან ისროლა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეუფერებელ მოსამზადებელ პირობებზე ილაპარაკა. კერძოდ, გათბობის პრობლემაზე, რაშიც ფედერაცია, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა და ამ ყველაფერს 90-იანებში დაბრუნება უწოდა.

განმარტებისთვის დავით ქევხიშვილსაც მივმართეთ. გთავაზობთ მის კომენტარს.

- ჩემი აზრით,
ეს არაა ის თემა, რომელიც ასეთი სალაპარაკო შეიძლებოდა გამხდარიყო. განსაკუთრებით, იმ ხალხისგან, ვისზეც ზედ ვართ გადაყოლილი. თუმცა აქ სხვა "თავებია დამარხული", რადგან, რეალურად, ბევრი მათგანი ჩემთან ერთადაა გაზრდილი და მათ კარგად ახსოვთ, რა პირობებში ვვარჯიშობდით, გათბობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

ცხადია, ამით იმას არ ვამბობ, რომ ახლაც ასე უნდა იყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ როცა წლიდან წლამდე ყველანაირი პირობა შექმნილი გაქვს, წელიწადში ერთხელ 3-4 დღის განმავლობაში გიწევს არა 19, არამედ 10 გრადუსზე ვარჯიში, ეს არ შეიძლება პრობლემა იყოს.

ამიტომ მგონია, რომ აქ სხვა მიზეზი იმალება, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და თან არც მინდა და არც დიდი სურვილი მაქვს. მით უფრო, იმ ფონზე, რომ მწვრთნელებს არაერთხელ შევთავაზე, თუ თქვენ ამ 10-დღიანი შეკრებისას ეს დარბაზი და მისი სითბო არ გაკმაყოფილებთ, "შევარდენის" დარბაზში გადაგიყვანთ და მთელი დღეების განმავლობაში თქვენ დაგითმობთ იქაურობას-მეთქი, სადაც არც გათბობის პრობლემაა და ხელმძღვანელთანაც მოლაპარაკებული ვიყავი. თურმე მარჯანიშვილი შორია და იქ ვერ ივლიდნენ!

თუმცა ამას რომ ვუყურო, არ ვიქნები სწორი, რადგან ფედერაციის პრეზიდენტს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. შესაბამისად, ვცდილობ, თითოეული სპორტსმენის განცხადება ურთიერთბრალდებად კი არ მივიღო, არამედ გავუგო მათ, რადგან მეც ვიყავი სპორტსმენი და ვიცი, ვიღაცას მეტი უნდა.

ფედერაცია მაქსიმუმს აკეთებს და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. ერთადერთი, ცოტა კრიტიკული განცხადება მხოლოდ პარლამენტარ ზვიადაურის გამოსვლაზე გავაკეთე, რადგან მისი მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა და მეტი არაფერი.

სამწელიწად-ნახევარი გავიდა და მას ერთი სიტყვაც არ გაუღია ჩვენი ფედერაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, იმ გვერდში დგომაზე, რაც გვჭირდება. ჩემს გულისტკივილს ეს იწვევს და მწვრთნელების პოზიციაც, რადგან ეს პრობლემები ჩემამდე სპორტსმენს არ უნდა მოჰქონდეს.

ეს პრობლემა გარეთ არსებულმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გარეთ ტემპერატურა მინუსებშია. ეს ძალიან იშვიათად ხდება და ისიც სულ 3-4 დღით. როგორც გრძელვადიანი პროგნოზით ვნახე, უახლოეს დღეებში ტემპერატურა მოიმატებს. შესაბამისად, ეს პრობლემაც დღითიდღე მოგვარდება.

ჩვენი აგრეგატები მთელი დატვირთვით მუშაობს. გათბობის გაზრდის რესურსი რომ ყოფილიყო, გავზრდიდით. გუშინ ხელოსანიც მოვიყვანეთ, რომელმაც თქვა, რომ ამ აგრეგატებს მეტი არ შეუძლია. ჩვენ ეს ვიცოდით და ამიტომ დავიჭირეთ თადარიგი, როცა სითბოს შესანარჩუნებლად ის დიდი დარბაზი გადავკედლეთ, რაც დაახლოებით 9 ათასი ლარი დაგვიჯდა. ამასთან, გაზის გათბობის ბატარეები, რომელიც ოლიმპიური ფესტივალისთვის მოჭრეს და გადასაყრელად იყო გამზადებული, შევინახეთ და უკან დავაბრუნეთ ისევ ჩვენი ხარჯით. ამის გამო სამივე პატარა დარბაზში გათბობის პრობლემა არაა, თუმცა ისინი არც ისე პატარებია - იქ ორი ტატამი ეტევა და 30-35 კაცის ვარჯიში თავისუფლად შეიძლება.

აი, ასეთია რეალობა ქართულ ძიუდოში... იმედია, ეს მღელვარებაც მალევე ჩაცხრება და ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. წინ ოლიმპიადაა და ახლა ის უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდი დავით მიაწექი... ზვიადაურო ფრთხილად წითელი ხაზები არ გადაკეთო!!
Georgia !
17:27 29-01-2016
0
ხელები შორს ქევხიშვილისგან ! ! !
პანტელეიმონი
18:35 29-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული