ისინი უკვე აპრილში დაიწყებენ ახალ ჩემპიონატს, რაც რევოლუციური სიტყვა უნდა გამოდგეს ქართულ ძიუდოში. თუმცა აქ თუ გაამართლა, მაშინ რევოლუციურად მთლიანად ქართულ სპორტში იქცევა, რადგან მძლავრ ბიძგს მისცემს საკლუბო სისტემის განვითარებას საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მას უკავშირებენ სპორტსმენთა სოციალური ანაზღაურების საკითხის
ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატში ამჯერად 39 კლუბი ჩაება (შარშან 36 იყო), შემოდგომაზე გასამართავი "ოქროს ლიგის" საგზური კი 8 კლუბმა მოიპოვა. ესენია: "შევარდენი", "გლადიატორი", "ლიდერი", "მებრძოლი-2015" (ყველა - თბილისი), გორის "ვიპ-ძიუდო" და "ლომჭაბუკი", ქარელის "დურმიშხანი" და დუშეთის "არაგველები". სწორედ ამათ შედეგებზე იყო დამოკიდებული უფროსთა საკლუბო ჩემპიონატის მონაწილეთა სახელწოდებები და მწვრთნელთა ვინაობა, რაც კენჭისყრით განისაზღვრა. ოღონდ უფროსთა ლიგაში შვიდი კლუბი გამოდის, ანუ ჭაბუკებიდან ერთი ზედმეტი იყო. ამიტომ ბოლო ორ ადგილზე გასულები - "ლომჭაბუკი" და "არაგველები" ერთმანეთს დააჭიდეს. გამარჯვება და უფროსთა შორის გამოსვლის უფლება "ლომჭაბუკმა" მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ უკვე შერჩეული იყო უფროსთა კლუბების შემადგენლობა. რაკიღა შვიდი წონაა, მათთვის 7-7 კაცი შეარჩიეს (პლუს - სათადარიგოები): 4-4 მონაწილე საქართველოს ჩემპიონატის მედალოსანია, რომლებსაც 3-3 სპორტსმენი მეორე დონის, ანუ ეგრეთ წოდებული წაგებულთა ჩემპიონატიდან დაუმატეს (შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციამ ქვეყნის ჩემპიონატში დამარცხებულებისთვის ცალკე ტურნირი ჩაატარა).
ეს შვიდეული შესაბამისი ნუმერაციით განლაგდა, კლუბების თანაბრად დაკომპლექტების მიზნით კი გარკვეული პრინციპით გადანაწილდნენ. მაგალითად, პირველ კლუბში მოხვდა 60 კილოგრამის პირველი ნომერი, 66-ის - მეორე, 73-ის - მესამე და ასე შემდეგ.
ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ყველა ძლიერი ან, პირიქით - ყველა შედარებით სუსტი ერთ კლუბში არ მოგროვილიყო, ახლა კი ყველას ჰყავს წონის როგორც ლიდერი, ასევე - აუტსაიდერი და საშუალო დონის ძიუდოისტი.
ასევე გაირკვა ამ კლუბების მწვრთნელებიც: "შევარდენი-2005"-ს გურამ მოდებაძე გაწვრთნის, "ლომჭაბუკს" - ქართლოს პავლიაშვილი, "მებრძოლს" - გოჩა ბერაძე, "გლადიატორს" - ალექსი ღვინიაშვილი, "ვიპ-ძიუდოს" - ანზორ თენაძისა და ნიკო ბიბილაშვილის ტანდემი, "ლიდერს" - ალექსანდრე მამუკიშვილი, ხოლო "დურმიშხანს" - გიორგი ბერუაშვილი.
უფროსთა საკლუბო პირველობა სტარტს 10 აპრილს აიღებს ისევ ძიუდოს აკადემიაში, სადაც პირველი და მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. თვეში 2-2 ტური ჩატარდება, სპორტსმენები კი ყოველ მოგებაზე ბონუსად პრემიას მიიღებენ.
თუ ამ მოდელმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ჩაიფიქრა, მაშინ იგი სხვა ფედერაციებსაც სამაგალითოდ გამოადგებათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"