ტურნირში, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს და 27 მარტს დასრულდება, წინასწარი განაცხადის თანახმად, მონაწილეობას 67 ქვეყნის 395 სპორტმენი მიიღებს. გრან-პრიზე საქართველოს ღირსებას 32 ძიუდოისტი (28 ვაჟი და 4 ქალი) დაიცავს.
ტურნირი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 10:30 საათიდან აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათზე დაიწყება. დღესვე, 16:25 სთ-ზე დაგეგმილია გრან-პრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი...
დასწრება თავისუფალია, სატურნირო განრიგი კი ასეთია:
თბილისის გრან-პრი 2016
ვაჟები: 60, 66
ქალები: 48, 52, 57
26 მარტი
ვაჟები: 73, 81
ქალები: 63, 70
27 მარტი
ვაჟები: 90, 100, +100
ქალები: 78, +78.
60 კგ
განთესილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი (60) პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უკრაინელ დენის ბილიჩენკოსა და აზერბაიჯანელ ელბრუს ზამანოვს შორის მოგებულს შეხვდება. ვფიქრობთ, მას ჯგუფში განსაკუთრებულად ძლიერი მეტოქე არ ჰყავს, ნახევარფინალში კი, შესაძლოა, ყაზახთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუსტამ იბრაევი შეხვდეს, ვისთანაც სამი ორთაბრძოლიდან ბოლო ორი წააგო.ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე წრეში მონღოლთა მსოფლიოს ვერცხლისმედალოსან ამარტუვშინ დაშდავაას ხვდება და კარგი განწყობითაც - ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივეჯერ - შარშან და ორივე ჩხვიმიანმა მოიგო.
მონღოლთა მსოფლიოს ჩემპიონ ბოლდბაატარ განბატთან მოხვდა ჯგუფში ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ირაკლი კუპატაძე, ოღონდ მათი გზა მეორე წრეში იკვეთება, იქამდე მისაღწევად კი ქართველმა ფინელ იუჰო რეინვალის უნდა მოუგოს. ეს ძალიან ძლიერი ჯგუფია, რადგან აქვე არიან ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი სოფიან მილუ და თურქთა ქართველი ევროპის ფინალისტი ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი) - ისინი პირველ წრეში ერთმანეთში ჭიდაობენ.
ამ წონაში ჩვენი მეოთხე მონაწილე, ახალგაზრდებში ევროპის ფინალისტი ივანე ჯავახიშვილი იბრაევის ჯგუფშია, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ შეხვედრას კი რუს არამ გრიგორიანთან ჩაატარებს. თუმცა იბრაევამდე ჩვენებურს კიდევ ერთი სოლიდური მეტოქე ელოდება - ებრაელთა ევროპის მედალოსანი არტიომ არშანსკი.
66 კგ
გრან-პრის წილისყრამ მაინცდამაინც იმ წონებში არ გაგვიმართლა, სადაც ჯერ კიდევ ლიცენზიების მოლოდინში ვართ და ჰაერივით გვჭირდება ქულები: 66-100 ვაჟებში და 52-70 - ქალებში.66-ში ვაჟა მარგველაშვილი, ვინც სალიცენზიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა, უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას მეზობლადაა ჯგუფში - მას მეორე წრეში ხვდება, მერვედფინალში, ანუ წაგების შემთხვევაში სანუგეშო წრეშიც ვერ გადავა. პირველ წრეში მარგველაშვილი საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულაიმან ჰამადს დაეჭიდება.
ებრაელ ტალ ფლიკერთან ჩაატარებს პირველ პაექრობას ბექა შავდათუაშვილი, ჯგუფის ფავორიტი კი იტალიელთა მსოფლიოს პრიზიორი ელიო ვერდეა.
გიორგი გუგულაშვილი თავიდან ბელგიელ კენეტ ვან განსბეკეს ხვდება, გელა კელიხაშვილი - ყაზახ ჟანსაი შმაგულოვს.
თუმცა კელიხაშვილის გარდა, დანარჩენები ჯგუფის ფავორიტებს (გუგულაშვილთან ასეთი პორტუგალიელი სერგეი ოლეინიჩია) მეოთხედფინალამდე არ ხვდებიან, ანუ ბრინჯაოს მოპოვება მაინც შეუძლიათ.
ქალები
ქალთა ტურნირში დღეს ჩვენგან 52-ში მარიამ ჯანაშვილი, 57-კი კი მარიამ ციხელაშვილი იჭიდავებს.ჯანაშვილი ბრაზილიელ მსოფლიოს ფინალისტ ერიკა მირანდასთან ერთადაა ჯგუფში, თუმცა შეღავათი ისაა, რომ მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, ანუ რომც წააგოს, დამამშვიდებელში გადავა და ბრინჯაოს მოპოვების შანსს მაინც შეინარჩუნებს.
თუმცა მისთვის არც მეოთხედფინალამდე მისვლა იქნება იოლი - პირველ წრეში ყაზახ გაუხარ ტურმახანოვას ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბელორუსი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დარია სკრიპნიკი ელოდება. ამავე ჯგუფშია კიდევ ერთი ცნობილი ძიუდოისტი, ესპანელი ევროპის მესამე პრიზიორი ლაურა გომესიც, ოღონდ ის მირანდას მხარესაა.
ციხელაშვილის მეტოქე უკრაინელი შუშანა ჰევონდიანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე მსხალაძეს მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევა არ შეარჩინეს
თბილისის გრან-პრი: წილისყრამ მარგველაშვილსა და ღვინიაშვილს არ გაუმართლა