თბილისის გრან-პრი: სახლიდან ბრაზილიისკენ გავიწიეთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა 7 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა გამოსვლა "მშობლიურ" "დიდ პრიზზე": 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (66) და ნუგზარ ტატალაშვილი (73) გახდნენ, მეორეზე ლევან გუგავა (81) გავიდა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ამირან პაპინაშვილი (60), ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73) და ბექა ღვინიაშვილი (100) გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ ჰოლანდიელებმა გვაჯობეს ქალებში მოპოვებული ოქროებით, თუმცა სალაპარაკო ჩვენს მანდილოსნებსაც აქვთ - მარიამ ჯანაშვილი (52) მეხუთეზე გავიდა, გზად კი რამდენიმე ძლიერი ძიუდოისტი დაამარცხა.

მარგველაშვილის
გასროლა
წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, ჩვენს გუნდს მაინც ბლომად ხარვეზი გამოაჩნდა. მაგალითად, 90 კილოგრამი და მძიმე წონა პირწმინდად ჩავაგდეთ, სარეზერვო ფალავნების უმეტესობამ კი ძალზე არადამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა. შედეგები მეორე დღის კარგმა გამოსვლამ გამოგვიკეთა, თორემ ტურნირს არც ისე წარმატებით ჩავამთავრებდით.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ჩემპიონებმა დატოვეს, ოღონდ არა ოქროს მედლების, არამედ ჭიდაობის ხარისხის გამო - ორივემ მაღალი დონის და ადრინდელზე ბევრად უფრო პროგრესული ასპარეზობა შემოგვთავაზა.

მარგველაშვილმა არა მხოლოდ მაღალი დონის, არამედ მრავალფეროვანი ჭიდაობა აჩვენა მაყურებელს, რომელშიც ბლომად შეხვდებოდით ქართული ჭიდაობის აგრე მივიწყებულ არსენალს, ეფექტურად ჭიდაობდა ფეხით - სხვადასხვა ვარიაციით და არამხოლოდ ამოსმულით; არ იყო ჩაციკლული ერთ რაღაცაზე, საბოლოოდ კი ლამაზი, დამაჯერებელი და საჩემპიონო გამოსვლა ჰქონდა.

მისი მისამართით ბოლო რამდენიმე შეჯიბრებაა, ვწერთ, რომ პროგრესს განიცდის, რაც ისევ გრძელდება, თუმცა ახლა კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე დავინახეთ ასული. ეტყობა, მასზე შინაური კედლების ფაქტორიც დადებითად მოქმედებს და რაღაც სხვანაირად იყო დამუხტული, უფრო მომართულ-მობილიზებული. ამასთან, ძალიან თავისუფლად ირჯებოდა, სულ უტევდა, მოძრაობდა და არ ასვენებდა კონკურენტს. მეტოქეებსაც საკმაოდ ძლიერებს აჯობა, თუმცა უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია ყველასგან გამორჩეული იყო. არადა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გდება მას ჩაუტარა - კარგად შეეკრა და გარეფეხით გადაჩეხა.

მას პირველი მეტოქე, სულაიმან ჰამადი საუდის არაბეთიდან, არ გამოუცხადდა. ზანთარაიამ თურქ სინან სანდალს და ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერს იპონით მოუგო, ხოლო ფინალში იტალიელ ალფიო ბაზილეს კარგად შეეკრა და ვაზარიზე დააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ახლა ის საერთაშორისო რეიტინგში მე-19 ადგილამდე აინაცვლებს.

ტატალაშვილი ლიდერად ყალიბდება
კიდევ ერთი სპორტსმენი, ვინც ჩვენებიდან მკვეთრი პროგრესი გვანახვა, ტატალაშვილია - ტექნიკურადაც აქვს სიახლეები, ტაქტიკურადაც სწორად მუშაობდა, ჟინი, შემართება, გამძლეობა და ფიზმომზადების კომპონენტებიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და დაუფასდა კიდეც.

რამდენიმე ძნელი ბრძოლა კი გადაიტანა, მაგრამ ეს სიძნელე გამარჯვებას კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენს. მაგალითად, ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან ვაზარს აგებდა, მაგრამ იპონზე დააგდო, ნახევარფინალში ბერძენთა ქართველი გეორგიოს აზოიდისიც გვარიანად გაუძალიანდა, მაგრამ ისიც დააიპონა, მანამდე კი უზბეკი მირალი შარიპოვი გაფრთხილებებით ჩამოიცილა გზიდან.

სულ თავიდან კვიპროსელი ანდრეას კრასასი ფეხში ხელით შესვლისთვის მოუხსნეს, თუმცა მანამდე ვაზარს უგებდა.

ფინალში ტატალაშვილმა ძველი ანგარიში გაუსწორა მონღოლ ოდბაიარ განბაატარს, ვისთანაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადშიც წააგო და გუნდურშიც - ამჯერად წმინდად დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ წონაში ლაშა შავდათუაშვილიც კარგად ჩაება - თავიდან განელი ემანუელ ნარტეა ხელით შესვლისთვის მოუხსნეს, ამის შემდეგ კი უძნელესი ბადე შეხვდა: ჯერ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჩრდილოკორეელი ჩოლ გვან კიმი, ვინც ძალიან დიდი ენერგია შეიწირა, მერე "ფიზიკურად" მოჭიდავე შვედი ტომი მაკიასი, ნახევარფინალში კი ზემოხსენებული მონღოლი განბაატარი, ვინც ასევე ფიზიკური სტილის მოჭიდავეა... კორეელმა ვაზარიც აუღო, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა დიდი მონდომების და უფრო მაღალი კლასის ხარჯზე გაქვითა, ასევე კლასის დამსახურებით, ამას ორი იუკოც დაუმატა, მაგრამ კიმმა დიდი ძალაც წაართვა - მთელი შეხვედრა უტევდა და არ ამოასუნთქა, სულ ეჯაჯგურებოდა და რამდენჯერმე საბედისწერო გდებაც კინაღამ შეასრულა.

ამას ჯერ შვედი, მერე კი ჯაჯგურა, ჩამშლელი სტილის და ფიზიკურად ძლიერი მონღოლიც დაემატნენ. შვედთანაც ვაზარით ჩამორჩა, თუმცა გაუქვითა და გაფრთხილებით აჯობა, მაგრამ განბაატართან უკვე თვითონ ჩამორჩა გაფრთხილებებით და დამარცხდა. შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ისევ მოწოდების სიმაღლეზე დადგა ბრაზილიელ კონტინისთან და სუფთად მოუგო.

მაინც გვგონია, თუნდაც შვედის ადგილას ვინმე უფრო ტექნიკურ სტილში მოჭიდავე რომ ჰყოლოდა, იქნებ მონღოლთან მეტი ენერგია შემორჩენოდა. თუმცა განბაატარის სტილის მოჭიდავეებთან ბრძოლა ძნელია. ალბათ, გამოსავალი ისევ ისაა, ჩავლება დაასწრო და გაფრთხილებებზე ეჭიდავო...

ლიცენზიას ღვინიაშვილიც მიუახლოვდა
ღვინიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რაოდენ დიდი მონაცემების პატრონია და წაგებამდე როგორი ბადე რამდენად ძლიერად გაიარა!

ყაზახი ვიქტორ დემიანენკო იმთავითვე არ იყო სათვალავში ჩასაგდები და მასთან იპონი არც გაგვკვირვებია, აი, რუს ადლან ბისულთანოვთან და პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან ისეთ მოგებებს კი ძნელად წარმოვიდგენდით. არადა, ბისულთანოვი იუკოზე დააგდო და იქვე შებოჭა, ფონსეკა კი ჯერ მოგვერდით წამოიღო ვაზარზე, დასრულებამდე 1.24 წუთით ადრე კი მოძრაობაზე დაიჭირა და საიპონედ დაატრიალა.

ფონსეკა თავისი აღნაგობით და სისწრაფით თითქოს ყველაზე სახიფათო ჩანდა, მაგრამ ტექნიკურ, ღია სტილის მოჭიდავეს, მგონი, ყველაზე ადვილად მოუგო; აი, ძალისმიერ სტილში მოჭიდავე შვედ მარტინ პაჩეკთან კი ამდენი არ გამოუვიდა.

ჩვენებური იქაც ცდილობდა ანალოგიური სტილის დაპირისპირებას და რამდენჯერმე შებოჭვაც სცადა, მაგრამ შვედი გაექცა... ერთხელ შვედმა მომენტზე დაიჭირა, როცა ეს ცოტა ახლოს მივიდა, მან სწრაფად გადაავლო და მოგვერდით ვაზარზე დაიქნია. ბექამ დიდი ძალებით შეუტია და შეხვედრის მიწურულს თავადაც დასცა ილეთზე, რაც მსაჯმა იპონად შეაფასა, თუმცა ზემდგომთ გააუქმებინეს. ეს ეპიზოდი ყველაზე საკამათო იყო, მგონი, მთელ ტურნირზე, თუმცა უცხოელმა მსაჯებმაც და ქართველმა სპეციალისტებმაც ერთნაირად განმარტეს: ღვინიაშვილმა ფეხის მოძრაობა ბოლომდე არ დაასრულა და გდებად ამიტომ არ ჩაეთვალაო...

ძალზე საკამათო ეპიზოდი იყო, თუმცა შვედს გაცილებით მეტი გაფრთხილება ეკუთვნოდა - მაშინ სხვანაირი ჭიდაობა წავიდოდა, პაჩეკი გარისკავდა, რაც ქართველის შანსებს გაზრდიდა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ღვინიაშვილმა ბრუნით ულამაზეს იპონზე დააგდო უზბეკი სოიბ ყურბანოვი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე წონაში ურიგოდ არც ლაშა ტაველურს უჭიდავია, ვინც ასევე იმსახურებს მეტ შანსს.

პაპინაშვილის დაკარგული შანსი
პაპინაშვილზე რა ვთქვათ, არც კი ვიცით, ბედმა შანსი მისცა და ვერ გამოიყენა - ვიდრე თვითონ უკრაინელ დენის ბილიჩენკოს ამარცხებდა, ამასობაში ჯერ მისთვის უხერხული ერთი მეტოქე გავარდა - ყაზახი მსოფლიოს ფინალისტი რუსტამ იბრაევი, მალე კი მას მეორეც მიჰყვა - ებრაელი ევროპის პრიზიორი არტიომ არშანსკი, ამან კი ყირგიზეთის სახელით მოჭიდავე ოთარ ბესტაევთან წაგება მოახერხა!

თანაც, დასრულებამდე 10-ოდე წამით ადრე, როცა გაფრთხილებებით იგებდა. ეს ბესტაევი წარმოშობით გორიდან ყოფილა, თბილისში კი სახელოვან მწვრთნელთან, ტამერლან ტმენოვის აღმზრდელ ალიკ ბეკმურზაევთან ერთად იყო ჩამოსული.

პაპინაშვილმა დამამშვიდებელში ბულგარელ იანისლავ გერჩევსა და თურქეთში გადასულ ბეკირ ოზლუს (ბეთქილ შუკვანს) აჯობა. პაპინაშვილს სალიცენზიო ქულები არ სჭირდება, მაგრამ სასურველია, განთესილ რვა კაცში რაც შეიძლება მაღლა დამკვიდრდეს.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან გიორგი პაპუნაშვილს (81) გამოვარჩევთ - მან ფილიპინელ კოდო ნაკანოსთან, ალბათ, ტურნირის საუკეთესო გდება შემოგვთავაზა, როცა კისრულით უნაკლოდ გადმოიღო; პორტუგალიელ დიოგო ლიმას ვაზარით აჯობა, მაგრამ დასანანი მარცხი იწვნია მასტოპულოსთან - გაფრთხილებით იგებდა, როცა დასრულებამდე 10 წამით ადრე ვაზარი გაუშვა... სამწუხაროდ, დანარჩენები მალევე გამოვარდნენ...

ჯანაშვილის გამოცდა
ჩვენი ქალებიდან სამნი: მარიამ ციხელაშვილი (57), ესტერ სტამი (70) და ელენე ქებაძე (+78) პირველივე წრიდან გამოვარდნენ, თუმცა ქებაძემ მომავალ ჩემპიონთან, თურქ კაირა საიტთან წააგო.

მარიამ ჯანაშვილმა მართლაც დამაჯერებლად იჭიდავა და ტიტულოვან მეტოქეებსაც მოუგო: ჯერ ყაზახი გაუხარ ტურმახანოვა დააიპონა, მერე ბელორუსთა მსოფლიოს პრიზიორ მარია სკრიპნიკს აართვა ვაზარი და იპონი, მესამე წრეში კი ბრაზილიელთა მსოფლიოს ფინალისტი ერიკა მირანდა გაფრთხილებებით გააგდო. თანაც, ისე, რომ არაფერი დაუთმო და არც შანსი მისცა.

სამწუხაროდ, მეტი გამოცდილება არ ეყო - ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა ებრაელ ჟილ კოენთან, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი კორეელ მი-რი კიმთან დათმო.

თუმცა, ვფიქრობთ, ეს მისთვის მაინც უდიდესი სკოლა იყო - მორალურადაც, ფსიქოლოგიურადაც, გამოცდილების მხრივაც და ამიერიდან უფრო თამამად იბრძოლებს სარეიტინგო ქულებისთვის.

თბილისის გრან-პრი 2016
ვაჟები
60 კგ
1. დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი), 2. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი), 3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), 2. ფაბიო ბასილე (იტალია), 3. სინან სანდალი (თურქეთი), ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)
73 კგ
1. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო), 2. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი), 3. ფრიდონ გიგანი (საქართველო), ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
81 კგ
1. ალან ხუბეცოვი (რუსეთი), 2. ლევან გუგავა (საქართველო) , 3. რომან მასტოპულოსი (საბერძნეთი), უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი), 5. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
90 კგ
1. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია), 2. მარკუს ნიმანი (შვედეთი), 3. ცელიო დიასი (პორტუგალია), ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი)
100 კგ
1. მარტინ პაჩეკი (შვედეთი), 2. ჯავად მაჰჯოუბი (ირანი), 3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), ხორხე ფონსეკა (პორტუგალია), 7. ლაშა ტაველური (საქართველო)
+100 კგ
1. ორ სასონი (ისრაელი), 2. როი მეიერი (ჰოლანდია), 3. მაცეი სარნაცკი (პოლონეთი), რაფაელ სილვა (ბრაზილია)

ქალები
48 კგ
1. მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი), 2. ტაციანა ლიმა (გვინეა-ბისაუ), 3. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა), ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
52 კგ
1. ოდეტა გიფრიდა (იტალია), 2. ჟილ კოენი (ისრაელი), 3. მი-რი კიმი (კორეა), ერიკა მირანდა (ბრაზილია), 5. მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)
57 კგ
1. რაფაელა სილვა (ბრაზილია), 2. ნორა ჟაკოვა (კოსოვო, 3. ჰედვიგ კარაკასი (უნგრეთი), მირიამ პოპერი (გერმანია)
63 კგ
1. კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია), 2. გემმა ჰაუელი (ბრიტანეთი), 3. ედვიგ გვენდი (იტალია), მარიელე პრივო (საფრანგეთი)
70 კგ
1. კიმ პოლინგი (ჰოლანდია), 2. ესტელა ფანი პოსვიტე (საფრანგეთი), 3. ასმაა ნიანგი (მაროკო), ბისავეტ ტელციდოუ (საბერძნეთი)
78 კგ
1. მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია), 2. გუუსხე სტეენჰუსი (ჰოლანდია), 3. მაირა აგიარი (ბრაზილია), ნატალი პაუელი (ბრიტანეთი)
+78 კგ
1. კაირა საიტი (თურქეთი), 2. მარია სუელენ ალტემანი (ბრაზილია), 3. სისი მა (ჩინეთი), მარინა სლუცკაია (ბელორუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Ikneb sareitingo mdgomareobac dagewerat
0
66 კგ–ში მარგველაშვილი მე–19–ზე კია, მაგრამ 3 იაპონელი, 2 მონღოლი და 2 რუსი უსწრებს, ანუ რეალურად მე–15 ადგილზეა, თუმცა მის უკან დიდი სიმჭიდროვეა და კიდევ უნდა დააგროვოს ქულები. –100 კგ–ში ღვინიაშვილი 39–ეა 456 ქულით. აქედან 7 კაცი თავის ქვეყნებში მეორეა და აკლდება, ანუ რეალურად 32–ეა
მერაბი
13:13 28-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული