დოპინგ-სკანდალი: ნუგზარ ტატალაშვილისთვის საშიში კონკურენტი ჩავარდა

AutoSharing Option
დოპინგსკანდალი არა და არ ეშვება რუსულ სპორტს. უფრო სწორად, თავად რუსები არ ეშვებიან დოპინგს, რაც მათ ოლიმპიურ პერსპექტივას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქადის. ბოლო დღეებში ისევ გავრცელდა ცნობა რუს სპორტსმენთა მორიგი ჯგუფის დოპინგზე ჩავარდნის შესახებ, ოღონდ ითქვა მხოლოდ რაოდენობა - რვა კაცი და არა კონკრეტული გვარ-სახელები, თუმცა უკვე ოთხი მათგანის ვინაობა გაცხადდა.

ოთხივე ძიუდოისტია, რომელთაგანაც ორი ქალია - ნატალია კონდრატიევა (48) და ეკატერინა ვალკოვა (63), თუმცა ქალთა ძიუდო ჯერ ნაკლებად გვაინტერესებს, აი, ვაჟებიდან კი ორივე ჩვენთვის მეტად საყურადღებო კონკურენტია -
მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ფინალისტი და ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი, 28 წლის მიხაილ პულიაევი (66) და შარშანდელი მასტერსის ტურნირის გამარჯვებული, 25 წლის დენის იარცევი (73).

ორივე, როგორც ქალებში ვალკოვა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრების კანდიდატია. თანაც, რუსთა ნაკრებში საუკეთესო რეიტინგი აქვთ (ასეთივე ვითარებაშია კონდრატიევაც) - პულიაევი მეოთხეა, იარცევი - მეექვსე, ანუ, ფაქტობრივად, განაღდებული ჰქონდათ საგზურები და განთესილთა შორისაც შედიოდნენ.

ოთხივე მათგანის დისკვალიფიკაციის მიზეზი პროზაულად ქცეული მილდრონატი გახდა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან შეიტანეს აკრძალულთა სიაში.

ბოლო წლებში პულიაევის ქართველებთან პაექრობას დიდი ისტორია არ აქვს, უფრო ადრე ხვდებოდა ჩვენებს; იარცევი კი საშიში კონკურენტია ნუგზარ ტატალაშვილისთვის: მათ შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 2:2, თუმცა რუსმა მოიგო ბოლო ორი დაპირისპირება, შარშან მასტერსზე და წლეულს - პარიზის "დიდ მუზარადზე". ოღონდ პარიზულ პაექრობაში მსაჯის ფაქტორმა იმთავითვე დიდი ეჭვები გააჩინა, მის მიერ ჩვენებურისთვის მიცემული გაფრთხილებები მართლაც ძალზე საეჭვო იყო.

იარცევს ჩვენს სხვა ფალავნებთან არ უჭიდავია, მათ შორის - არც ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილთან, რომელიც შედარებით ახალი გადასულია ამ წონაში.

არც ერთი მათგანი არ აღიარებს მილდრონატის მიღებას და განმეორებით სინჯს ითხოვს, თუმცა რუსულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს პულიაევი გამოტყდა ამ წამლის მოხმარებაში, ოღონდ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საჭიროებით ახსნაო. ეს თავის დაძვრენის ერთგვარი მეთოდია, როგორც აღიარება და საერთაშორისო ანტიდოპინგურ კომისიასთან თანამშრომლობა, თუმცა ამით სასჯელს მხოლოდ შეამცირებენ, თორემ სრულად თავიდან ვერ აიცილებენ.

ისიც ლამის გამორიცხულია, 6-თვიანზე ნაკლები სასჯელი აკმარონ (ჯერ 6 თვემდე შემცირებაც ძალზე ძნელია) ანუ დიდი ალბათობით, მათ ოლიმპიადის გამოტოვება მოუწევთ. ცხადია, ასეთ ფალავანთა გამოკლება ზრდის ჩვენს შანსებს ბრაზილიაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დოპინგით თუ იჭიდავებ, ძლიერი იქნები, აბა რა. აღდგენა რომ არ გაგიჭირდება.
Teimuraz
16:59 08-04-2016
0
zaza, კარგი რა თუ ძმა ხარ. რა აზროვნებაა, გასაკვირია პირდაპირ. როცა მეტოქე დაძლიერებულია დოპუნგით, რომელიც ისედაც ძლიერია, მასთან შანსები რომ შემცირებული გაქვს, ახლა გაიგე. ხალხნო, რა გემართებათ. სულ დაკარგეთ აზროვნების უნარი?
tamazi
17:24 08-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული