ძიუდოისტთა რეიტინგები: ვინ გველოდება ბრაზილიაში [დასასრული]

AutoSharing Option
დასასრული. იხ. დასაწყისი:
ძიუდოისტთა რეიტინგები: ვინ გველოდება ბრაზილიაში [დასაწყისი, -60 კგ]

მარგველაშვილი: ანი, ებინუმა-ზანთარაია
ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66) მსოფლიოს რეიტინგში მეათეა, თუმცა ოლიმპიურში მერვე იქნება, ანუ განთესვაში მოხვდება, რადგან წინ მდგომი ორ-ორი იაპონელიდან და მონღოლიდან თითო ამოვარდება.

თუმცა მაინცდამაინც კარგი ბადე არ შეხვდება, რადგან მისი გზა კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონ ბაულ ანსა და იაპონელთა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებულზე, ოლიმპიურ პრიზიორ მასაში ებინუმაზე გადის. ვერაფერს იტყვი, უფრო ცუდს, უბრალოდ, ვერ მოიფიქრებდი, მაგრამ იქნებ მარგველაშვილმა თანაქალაქელ ლაშა შავდათუაშვილივით სიურპრიზი შემოგვთავაზოს, რომელმაც წინა ოლიმპიადაზე
ებინუმა დაამარცხა და ჩემპიონიც გახდა.

თითქმის გამორიცხულია, წინა შვიდეულიდან ვინმე შეიცვალოს, მარგველაშვილმა წინ რომ წაიწიოს და ამ "აზიურ ხაფანგს" თავი დააღწიოს. ჩვენ წინ ისეთი ქვეყნებია, მხოლოდ თითო ლიცენზიანტი რომ ჰყავთ. შეცვლა მარტო იაპონიას და რუსეთს თუ შეუძლიათ (შეგახსენებთ, რომ შემცვლელიც უნდა შედიოდეს სალიცენზიო, 22-კაციან სიაში). იაპონელები ისედაც აკეთებენ ერთ ცვლილებას - მეოთხეზე მყოფი ტომოფუმი ტაკაჯოს ნაცვლად მეშვიდეზე მყოფ ებინუმას აყენებენ (ჯერჯერობით საოლიმპიადე შემადგენლობა იაპონიამ და საფრანგეთმა დაასახელეს) და არა გვგონია, მესამეზე შეაჩერონ არჩევანი.

არადა, გაზაფხულზე იაპონიის წლევანდელი პირველობა ამ წონაში 18 წლის ჰიფუმი აბემ მოიგო, ფინალში ებინუმა დაამარცხა, მაგრამ ჩანს, იქაური მწვრთნელები გამოცდილებას უფრო ენდნენ.

რუსებს განთესილი მსოფლიოს ორგზის ფინალისტის - მიხაილ პულიაევის ნაცვლად განუთესავთაგან ორი არჩევანი აქვთ: ევროპის ფინალისტი კამალ ხან-მაგომედოვი ან ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში ცუდად ჭიდაობდა. ოღონდ პულიაევს ბევრად ხელსაყრელი ბადე ელოდება, ვიდრე ეროვნებით ტაბასარანელ ხან-მაგომედოვს ან გალსტიანს, რაც მათი წასვლის შანსს ამცირებს.

მარგველაშვილს მასტერსზე რომ ეჭიდავა, იქნებ ცოტა წინ წაეწია, მეორე მხარეს აღმოჩენილიყო და ამ უსიამოვნო წილისყრისთვის თავი დაეღწია, ახლა კი ბოლომდე უნდა იომოს. თუმცა გავიხსენოთ, რომ ერთი წლის წინ ამ წონაში საგზურის მოპოვებაც კი ოცნებად ჩანდა, არათუ - განთესვა, რაც მარგველაშვილმა რეალობად აქცია და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მის მიმართ.

მეოთხედფინალში იკვეთება მარგველაშვილისა და უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას გზები, თუმცა არსებობს რაღაც შანსი, რომ ისინი ერთმანეთს ასცდნენ.

ზანთარაია რეიტინგში მეხუთეა, თუმცა რადგან იაპონელები ტაკაჯოს შინ ტოვებენ, საოლიმპიადოდ მეოთხეზე გადავა. მისი წილისყრა ახლა მონღოლებზეა დამოკიდებული - უკრაინელთა ქართველი იდეალურ განთესვას მიიღებს, აზიელები მეორეზე მყოფ ტუმურკულეგ დავაადორჯს სახლში თუ დატოვებენ და მეექვსეზე მყოფ ალტანსუკ დოვდონს დაეყრდნობიან. ამ შემთხვევაში ზანთარაია მესამეზე გადაინაცვლებს და ებრაელ გოლან პოლაცკისა და პულიაევზე გადის, დავაადორჯის შემთხვევაში კი მეოთხეზე რჩება და მეოთხედფინალში ებინუმა, მერე კი ანი ელის. აი, სწორედ ამ ვარიანტში იკვეთება მისი გზა მარგველაშვილთან, თუმცა ეს - თეორიულად, პრაქტიკულად კი რამდენად განხორციელებადია, თავად განსაჯეთ.

ტატალაშვილს იოლი, შავდათუაშვილს - ძნელი ბადე
აქ ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი მესამეა, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი - მეხუთე.

ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა საქმე იქით მიდის, რომ შავდათუაშვილს წაიყვანს. მან ეს მართლაც დაიმსახურა, რადგან ბოლო შეჯიბრებებში აშკარად ძლიერად იასპარეზა, კონკურენტზე უფრო უკეთ წარმოაჩინა თავი და აპრილში კინაღამ ევროპის ჩემპიონიც გახდა - ცოტა მეტად რომ გაეკონტროლებინა თავი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი უკვე გატეხილი ჰყავდა და ძალიან იოლად დაამარცხებდა.

თუმცა ტატალაშვილს ოლიმპიადაზე ბევრად იოლი ბადე შეხვდებოდა - ასცდებოდა კორეელთა მსოფლიოს მესამეპრიზიორ ჩანგრიმ ანის და იაპონელთა მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულ შოჰეი ონოს, ხოლო დასკვნით ეტაპებზე ჯერ რუს დენის იარცევს, ხოლო შემდეგ მონღოლ ოლდბაიარ განბაატარსა და ორუჯოვს შორის მოგებულს შეხვდებოდა.

ტატალაშვილის სახლში დატოვებით ყველა განთესილი ერთი ადგილით წინ წაინაცვლებს - მესამეზე ებრაელთა ევროპული თამაშების გამარჯვებული საგი მუკი გადავა, შავდათუაშვილი მეოთხე გახდება და სწორედ ანი-ონოს მხარეს ხვდება...

ესეც უარესთა შორის ყველაზე უარესი ვარიანტია, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს...

ნაგასე აგვცდა, ავიცილოთ პიეტრი
ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი რეიტინგის ლიდერია და ფინალამდე არ ხვდება ყველაზე საშიშ კონკურენტს, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს.

განუთესავებშია მისი კიდევ ერთი საშიში კონკურენტი, ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი, თუმცა იქ კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ფალავანია. განთესილებიდან პირველად, შესაძლოა, ბერძენთა ქართველთან - რომან მასტოპულოსთან მოუწიოს შეხვედრა. თუმცა ჯერ არ ვიცით რუსების გუნდი - ისინი მეექვსეზე მყოფ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ხასან ხალმურზაევს თუ არ ენდობიან და ვინმე სხვას ამჯობინებენ, მაშინ მასტოპულოსი წინ წაიწევს, ჭრიკიშვილი კი მის ნაცვლად არაბული საემიროების მოლდოველ ევროპის მედალოსან სერგიუ ტომას შეხვდება, მაგრამ ესეც იოლი ლუკმაა.

რუსებს ინგუში ხალმურზაევის ალტერნატივად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ივან ნიფონტოვიც ჰყავთ, თუმცა ის რუსების გუნდში მხოლოდ მეოთხეა - მას ოსი ალან ხუბეცოვიც უსწრებს და დაღესტნელთა ავარელი ევროპის ორგზის გამარჯვებული სირაზუდინ მაგომედოვიც.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილის სავარაუდო მეტოქე ბულგარელ ივაილო იორდანოვსა და ამერიკელ ტრევის სტევენსს შორის მოგებული იქნება, ან ის ფალავანი, ვისთანაც ესენი მანამდე წააგებენ.

ლიპარტელიანი: გვაკი-დენისოვიდან ერთ-ერთი
ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი რეიტინგში მესამეა და მეოთხედფინალში ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი ელოდება, ნახევარფინალში გასვლისას კი კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონ დონჰან გვაკსა და რუს კირილ დენისოვს შორის გამარჯვებული.

ეს აშკარად კარგია, რადგან რუსი მისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა - 10 პაექრობიდან 7 წააგო მასთან.

კორეელთან ადრეულ წლებში ორჯერ კი მოიგო, მაგრამ შარშან მსოფლიოზე დამარცხდა, ანუ ორივე ძლიერი კონკურენტია, თუმცა მათგან ერთი ნაადრევად გამოაკლდება.

ლიპარტელიანს ცოტა კიდეც წაადგა, მესამემდე რომ დაქვეითდა, თორემ მეორეზე დარჩენით დენისოვს მეოთხედფინალში ხვდებოდა. ახლა ვილოცოთ, რომ განუთესავებიდან მის მხარეს არ მოხვდნენ კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი და ბერძენთა ქართველი, მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი.

სულაც არ ვამბობთ, რომ ჩვენებური რომელიმე მათგანთან უშანსოდაა, მაგრამ მათი ჩამოწერაც არ იქნება გამართლებული.

ვინაიდან ვაჟებში 100-შიც და მძიმეშიც, აგრეთვე - ქალებში 70-ში განუთესავებში ვართ, აქ შეუძლებელია რაიმეს გათვლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მედლის რეალური შანსი შვიდივე ძიუდოისტს აქვს. მთავარია არ "დავთარსოთ" გადამეტებული ოპტიმიზმით და ზედმეტი პასუხისმგებლობით. მსაჯუბის ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება. გამარჯვებებს გისურვებთ ბიჭებო!!!
tngh
13:18 09-06-2016
0
ჭრიკი აუცილებლად ოქრო, ლიპო ოქრო, მარგველაშვილი ოქრო, შავდათუაშვილს დიდი მეორედ ოქრო რომ ლეგენდებში შევიდეს დატაინსონა ხო ოქრო და ოქროა.სხვებმაც თითო ოქრო რავქნა სხვა მედალი ვერ გავიმეტე თქვენთვის....
სსს 21
12:39 09-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული