25-26 ივნისს ბუდაპეშტში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, თუმცა მას სალიცენზიო დანიშნულება უკვე აღარ აქვს - ამ რანგის ტურნირები 31 მაისს დამთავრდა, მას შემდეგ გამართულები კი ქულებს მხოლოდ მსოფლიოს რეიტინგისთვის იძლევიან.
ბუდაპეშტში ჩვენი ეროვნული ნაკრები არ გამოვა, რადგან ისინი ახლა ოლიმპიადისთვის ინდივიდუალურად ემზადებიან. ამით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისარგებლა და თავად გადაწყვიტა იქ გამოსვლა.
მოგეხსენებათ, ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მოსამზადებელ ციკლში კი მთელი რიგი ნოვაციები წამოიწყო, რაც მზადების პროცესის, სავარჯიშო სისტემისადმი ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს.
ამას ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობაც აკეთებს და, მაგალითად, სეზონის დასაწყისში გიორგი კაციაშვილი (73) სოფიაშიც წაიყვანეს ევროპის "ღია კონტინენტურ თასზე", სადაც ვერცხლიც მოიპოვა, მაგრამ ეროვნულს თავისი გეგმები, თავისი კვოტა აქვს, რის გამოც ახალგაზრდებს ინტენსიურად ვერ გამოცდის. ამ მისიის თავზე აღება ასაკობრივი გუნდის ხელმძღვანელობამ ითავა და ადრევე დაგეგმა, რომ უფროსთა რომელიმე ტურნირში, სადაც ჩვენი ეროვნული ნაკრები არ გამოვიდოდა, თავისი შეგირდები წაეყვანა.
ასეთ შეჯიბრებად უნგრული "დიდი პრიზი" შეარჩიეს, სადაც ჩვენები სრული გუნდით გამოვლენ. ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო დუეტმა (ირაკლი ცირეკიძე, მინდია ბოდაველი) იქ გასაგზავნად ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: რობინზონ ბეგლარაშვილი, ირაკლი კუპატაძე (ორივე - 60), თორნიკე ნაგლიაშვილი, ბექა უდესიანი (66), გიორგი კაციაშვილი (73), თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი ქურდიანი (ორივე - 81), ონისე სანებლიძე (90), დავით ოზბეთელაშვილი (100) და გურამ ქოსმენაშვილი (+100).
მწვრთნელებს ბუდაპეშტში დამატებით კიდევ ერთი სპორტმენი მიჰყავთ - დავით გეჯაძე 60 კილოგრამში, თუმცა, რადგან ამ რანგის ტურნირზე კვოტირების სისტემა მოქმედებს და წონაში 2 კაცზე მეტს ვერ გამოვიყვანთ, ის იქ არ იჭიდავებს, მხოლოდ შეჯიბრების შემდეგ გასამართავ ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატისთვის ის 55-ისთვის ემზადება.
შემადგენლობაში გარკვეული დისონანსი შეიტანა კირაკოზაშვილის ფიგურამაც. აქამდე ის, ძირითადად, 73-ში ჭიდაობდა, თუმცა პერიოდულად 81-შიც ცდიდა ძალებს. ახლა, როგორც მინდია ბოდაველმა გვითხრა, მას წონა მოემატა და გადაწყვიტეს, არ დააკლებინონ, 81-ში დააყენონ. ამ წონაში მას ბოლოს ბრაზილიაში დააკვირდნენ გუნდურ ტურნირზე, სადაც ჯერ 81-ში იჭიდავა ჩინებულად, მერე კი, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, 90-ში დააყენეს. თავი არც იქ შეურცხვენია - ჯერ გერმანელთა ქართველს, ამ წონაში უკვე ანგარიშგასაწევ სანდრო მაქაცარიას მოუგო, მერე კი, იტალიელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
კირაკოზაშვილს, ვისაც ვიზუალურად მართლაც ძალიან დაეტყო ზემოაღნიშნული უცხოური ფიზმომზადების შეკრებები, ახალ წონაში ჯერ კიდევ დააკვირდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"