ეთერ ლიპარტელიანი: ჩემპიონობით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტიც მომეთხოვება

AutoSharing Option
ეთერ ლიპარტელიანი (57) ზედიზედ მეორე წელიწადია, ევროპული მასშტაბის ჩემპიონი ხდება - შარშან თბილისში ოლიმპიური ფესტივალი მოიგო ტრიუმფით, წლეულს კი საჩემპიონო ამბიციებით უცხოეთში გავიდა და წინა კვირაში ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა ასაკში ზედიზედ მეორე წელიწადია, ევროპის ჩემპიონი გვყავს - შარშან მზია ბებოშვილმა გაიმარჯვა 52 კილოგრამში.

ფინეთში ლიპარტელიანმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი საუკეთესო თვისებები და დაამტკიცა, რომ, ასაკის მიუხედავად, მაღალი კლასის ძიუდოისტია. მას აქვს მებრძოლი ხასიათი, ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც ძალიან კარგად ჭიდაობს და სავსებით ლოგიკურია ეს გამარჯვება.

მისმა ჭიდაობამ
თურმე უცხოელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ ეს სხვანაირად ვერც იქნებოდა, იქ ისეთ დონეზე იასპარეზა. ფინალში იუკოც დაკარგა, მაგრამ მალევე მშვენივრად გამოცერა მეტოქე და თან შებოჭვაზეც დაიჭირა. ზოგადად, დაბლაჭიდში ჭიდაობა მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა, რასაც ჩინებულად იყენებს. მას ევროპის ჩემპიონატის შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ.

- ჩემპიონობით კმაყოფილი ვარ - გვითხრა ლიპარტელიანმა, - ევროპის პირველობა მოვიგე, თუმცა მეტიც მომეთხოვება: იყო შეხვედრები, როცა ქულა არ უნდა დამეკარგა, მაგრამ მაინც ასე მოხდა.

პირველი შეხვედრა იმდენად არ გამჭირვებია რუმინელ ილინკა მოროსანუსთან. მეორეში ძლიერი მეტოქე მყავდა - ხორვატი ივა ობერანი, ვისაც შარშანაც შევხვდი ევროპის პირველობაზე და მოვუგე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი აქვს მომატებული. ყველგან შედეგი ჰქონდა - ხან ჩემპიონი ხდებოდა, ხან მეორეზე გადიოდა. თუმცა მაინც შევძელი მასთან მოგება. მესამე წრეში ძლიერი მეტოქე მყავდა - ფრანგი კამილე ტანდო, ძალიან ძლიერი კონკურენტი, მაგრამ მისი დამარცხებაც მოვახერხე, რადგან, თუ მოგება გინდა, ყოველთვის გაიმარჯვებ.

ფინალში იტალიელ ნიკოლე დისანტოსთან ცოტა გამიჭირდა, იუკოზე დამაგდო, მაგრამ მისი დამარცხებაც მოვახერხე.

- საინტერესოა, ევროპის ჩემპიონატზე როგორი განწყობით, რა გეგმით მიდიოდით?
- ბუნებრივია, ძალიან მინდოდა ჩემპიონობა, სულ ამაზე ვფიქრობდი. იმედიც მქონდა, რომ მიზანს მივაღწევდი - თუ გულით გინდა, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. აქედანაც ამ მიზნით წავედი.

- ფინალში მწვრთნელ გია თენაძის დარიგებები გესმოდათ თუ ვერ აქცევდით ამას ყურადღებას? როცა დისანტო დააგდეთ, ის გიყვიროდათ, არ გაუშვაო. შებოჭვა მისი კარნახით დაიწყეთ თუ თქვენი ინიციატივით?
- სხვა შეხვედრებში მესმოდა მისი დარიგებები. მაგალითად, როცა ხორვატთან ქულა დავკარგე, ძალიან გამიბრაზდა, თუმცა მჯეროდა, რომ მოვუგებდი და დავამარცხე კიდეც.

ფინალში მაგ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ხმა არ გამიგონია, იმ დროს დიდი ხმაური იყო და არ მესმოდა. ასე ჭიდაობა ჩემი სტილია და იტალიელი დავაგდე თუ არა, უმალვე შებოჭვაზე გადავედი. დაბლაჭიდში ხშირად ვჭიდაობ და ფინეთშიც ორი შეხვედრა ასე მოვიგე - ნახევარფინალში ფრანგთან და ფინალში იტალიელთან.

- დგომში უფრო გეიოლებათ ჭიდაობა თუ დაბლაჭიდში?
- რა თქმა უნდა, დგომში უფრო მეიოლება ილეთების კეთება, მაგრამ თუ არის შანსი, რომ დაბლაჭიდში შებოჭვაზე დავიჭირო მეტოქე, ხელიდან არ ვუშვებ.

- ცოტა ძალისმიერი სტილის მიუხედავად, ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდით, გაუძელით სატურნირო დაძაბულობას...
- მეორე შეხვედრაში კი დავიღალე ობერანთან, ხელები გამეთიშა და ვიფიქრე, წავაგე-მეთქი, თუმცა შევძელი და დავამარცხე, მერე კი აღარ გამჭირვებია.

ძალიან სასიხარულოა, როცა შრომა დაგიფასდება. მადლობას ვუხდი მწვრთნელებს - კახა მოცრაძეს და გია თენაძეს. ისინი გულს დებენ ვარჯიშში, რომ კარგ შედეგებს მივაღწიოთ.

- ჩემპიონობა ნაცნობი შეგრძნებაა, შარშანაც გაიმარჯვეთ ოლიმპიურ ფესტივალში. ამ ორი სიხარულიდან რომელია უფრო ღირებული განცდა?
- ჩემპიონი შარშანაც გავხდი, მაგრამ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა უცხოეთში ხდები ჩემპიონი, დგები კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, გაისმის შენი ქვეყნის ჰიმნი და შენი დროშა ყველაზე მაღლა ადის. ეს სულ სხვანაირი გრძნობაა.

ამ ჩემპიონობას ვუძღვნი ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით კი - ბიძაჩემს. მე მასთან ვცხოვრობ და ძალიან უხარია ჩემი წარმატებები. მწვრთნელებს ხომ ლომის წილი აქვთ ამ ჩემპიონობაში, ბიძაჩემის ამაგიც დიდია. პატარაობიდან მასთან ვიზრდები და ყველანაირად მეხმარება.

- მშობლები, ახლობლები როგორ შეხვდნენ ამ გამარჯვებას? აპირებთ სვანეთში ასვლას?
- სამწუხაროდ, სვანეთში ამ ზაფხულს საერთოდ ვერ წავალ - მალე ჩეხეთში მივდივარ ახალგაზრდებთან ერთად. იქიდან გერმანიაში გადავალთ ტურნირზე და ეს ზაფხული ჩემთვის აღარ არის.

ბუნებრივია, მშობლებსაც ძალიან გაუხარდათ ჩემი ჩემპიონობა და მომილოცეს. ისინი მხურვალედ მქომაგობენ, სადაც უნდა ვჭიდაობდე. მინდა, კიდევ ბევრჯერ გავახარო ისინიც და საერთოდ, მთელი ქვეყანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული