ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი: უზბეკებმა რა გვიყვეს!

AutoSharing Option
ბერლინში დამთავრდა "ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი", რომელშიც ჩვენებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მერვეზე ვართ.

ოთხივე მედალი ბიჭების მონაგარია, გოგოები კი ამჯერად ჯილდოს გარეშე დარჩნენ.

ვიცე-ჩემპიონები გიორგი კაციაშვილი (81) და ონისე სანებლიძე (90) გახდნენ, ხოლო მესამეზე თორნიკე ნაგლიაშვილი 66) და კობა მჭედლიშვილი (81) გავიდნენ. თამაზ კირაკოზაშვილი (81) მეხუთეზე დარჩა, დავით ოზბეთელაშვილი (100) და მარიამ ჯანაშვილი (57) - მეშვიდეზე.

როგორც ვხედავთ, ყველაზე წარმატებით 81 კილოგრამში გამოვედით და ყველაზე წონადი წარმომადგენლობაც აქ გვყავდა. აკი ამ
წონის ნახევარფინალში ორი კაცი გავიდა, სამმა მედლისთვის იჭიდავა და 2 ჯილდოც მოვიპოვეთ, მაგრამ ოქროს გარეშე დავრჩით.

ამასთან, რაც ყველაზე ცუდია, სამივე ჩვენებური ერთსა და იმავე ფალავანთან, უზბეკ დავლატ ბობონოვთან დამარცხდა. ცოტა გვეხამუშება ისიც, რომ ამ წონის წონად "აბორიგენებს" 73-დან ამონაცვლებულმა კაციაშვილმა აჯობა. მას ამ ტურნირზე არ დააკლებინეს, თორემ სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატზე ის ისევ ქვედა წონაში იჭიდავებს.

ბობონოვმა ჯერ კირაკოზაშვილს მოუგო, ვინც მასთან ერთად მოხვდა ჯგუფში. ახალი თაობის ქართველი ტალანტი, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი (ოღონდ - 73-ში) კირაკოზაშვილი ამ ტურნირისთვის ისევ წონის პრობლემამ შეაწუხა - ამჯერად დაიკლო და 76-მდე დავიდა, რამაც ცუდი კვალი დაატყო მის ჭიდაობას.

იქნებ მართლაც ჯობდეს, ეს ბიჭი 73 კილოგრამში დააბრუნონ, სადაც მოიპოვა ტიტულების აბსოლუტური უმეტესობა, თორემ 81-ში რაღაც ვერ არის ის, რასაც მისგან ველოდით. ამის სურვილი მას და მის პირად მწვრთნელსაც გამოუთქვამთ, თუმცა ამ საკითხზე მწვრთნელები ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ - მას ამ ტურნირზეც დააკვირდებოდნენ და ჰოლანდიაშიც გააგრძელებენ დაკვირვებას, სადაც ჩვენი გუნდი შეკრებაზე გადავა ისევ ბრამ სტრიკთან, ვისთანაც ამას წინათ ივარჯიშეს.

ბობონოვთან წაგებამდე კირაკოზაშვილმა სამი იპონი მიითვალა - გერმანელ ფრედერიკ შრაიბერთან, ფრანგ კრისტ გენგუსთან და რუს რუსლან გოდიზოვთან. უზბეკთან თვითონაც წმინდად წააგო (ისე, მასთან ვაზარიც გაუშვა და იუკოც), დამამშვიდებელში კი გერმანელ ელიას ფრანკს ისევ იპონით, იტალიელ კრისტიან პარლატის კი გაფრთხილებებით მოუგო, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრა პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან დათმო.

უთუოდ ქების ღირსია კაციაშვილი, რომელიც, როგორც გითხარით, ზედა წონაში ჭიდაობდა. თან ჯგუფში წმინდად მოუგო ფავორიტად მიჩნეულ რუს ტურპალ ტეპკაევს. მანამდე ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელმა მესამეპრიზიორმა გერმანელი ტიმო კაველიუსიც დააიპონა, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ იესპერ სმინკსაც ასევე მოუგო, ნახევარფინალში კი ზემოხსენებული ლუზიტანი მარტინო დააკრა ტატამზე ბეჭებით. ფინალში ქართველმა ჯერ ვაზარი გაუშვა, მერე კი წმინდად წააგო.

შეგახსენებთ, რომ კაციაშვილი თებერვალში ეროვნულ ნაკრებშიც გამოვიდა ბულგარეთში და იქაც მეორეზე გავიდა.

ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი მჭედლიშვილი ერთადერთი იყო მთელ ტურნირზე, ვინც ბობონოვს გდება გაუკეთა - იუკო აართვა. ისინი ნახევარფინალში შეხვდნენ და საბოლოოდ უზბეკმა ორი იუკოთი აჯობა, თუმცა ყველაზე მეტად ამ შეხვედრაში გაუჭირდა. მჭედლიშვილმა წინასწარებში ლატვიელ დავის დუდას იუკოთი, გერმანელ ჰენრიკ შრაიბერს წმინდად, ზემოხსენებულ იტალიელ პარლატის კი ვაზარით მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მან გერმანელი ტიმ გრამკოვი დააიპონა.

მჭედლიშვილმა წინა კვირას პრაღის ტურნირი მოიგო, ახლა კი ზედიზედ მეორე ტურნირში აჩვენა შედეგი. მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და მწვრთნელების დაბრუნებამდე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ვფიქრობთ, ამ შედეგებით მან თუ არ გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა, დიდი ნაბიჯი ნამდვილად გადადგა მისკენ. მით უფრო, ბერლინში სუსტად გამოვიდა გიორგი ქურდიანი - ჰოლანდიელი მაუკ მოერმანი კი დააიპონა, მაგრამ წააგო გერმანელ ფინ სეგერთან.

სანებლიძეც უზბეკთან დამარცხდა
ფინალი უზბეკთან წააგო ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ტალანტმა ონისე სანებლიძემაც, თუმცა გაფრთხილებებით დამარცხდა მუხამადკარიმ კურამოვთან. ევროპის ოლიმპიური ფესტივალის შარშანდელი გამარჯვებული სანებლიძე ჭაბუკებიდან წლეულს გადმოვიდა ახალგაზრდებში და ბერლინში რიგ შემთხვევებში 2-3 წლით უფროსებსაც ეპაექრა.

ამის მიუხედავად, ნახევარფინალამდე თავისუფლად მივიდა, ისე მიყარ-მოყარა მეტოქეები - ლიტველი ანტანას კმილიაუსკასი, გერმანელი ვალენტინ კიშე და პორტუგალიელი ჟაიმე სანტოსი ბეჭებზე დააწვინა, ნახევარფინალში კი ესტონელ მატიას კუუსიკს იუკოთი აჯობა. ამ წონაში ვერც გერმანელთა ქართველმა სანდრო მაქაცარიამ იყოჩაღა.

ნაგლიაშვილის რევანში ბეგლარაშვილის გამო
ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნაგლიაშვილმა თავიდან ორი იპონი მიითვალა - ფრანგ დენიელ ჟანთან და მოლდოველ რომან პოგრებანთან, რასაც თურქთა მომავალ ფინალისტ ბილალ ცილოღლუსთან მარცხი მიაყოლა.

სამაგიეროდ, დამამშვიდებელში ყოჩაღად დატრიალდა და ოთხი იპონი მიითვალა - გერმანელ მიშელ ადამთან, შვეიცარიელ მარკო პაპასთან, უზბეკ აზამატ მატიაკუბოვთან და ებრაელ იარინ მენაგედთან. აღსანიშნავია, რომ მატიაკუბოვთან მოგებით ნაგლიაშვილმა რევანში აიღო რობინზონ ბეგლარაშვილის მარცხის გამო.

პირველ დღეს ბიჭებში ყველაზე დიდი მოულოდნელობა სწორედ ბეგლარაშვილის მარცხი იყო, თუმცა ჭაბუკებში მსოფლიოს ფინალისტი ამჯერად 66-ში გამოვიდა. მან ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა თავიდან საკმაოდ გაუჭირდა აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვთან - გაფრთხილებებით დაამარცხა. სამაგიეროდ, კორეული წარმოშობის გერმანელ ნიკიტა მარატ პაკთან გაილაღა - სამივე სინჯის გდება ჩაუტარა და წმინდად მოუგო.

ამის შემდეგ ჩვენებური თავად დამარცხდა იტალიელთა მომავალ ჩემპიონ ჯოვანი ესპოზიტოსთან დაძაბულ ბრძოლაში - ორივემ თითო ვაზარი მიითვალა, გაფრთხილებაც ორ-ორი ჰქონდათ, მაგრამ იტალიელმა იუკოს აღებაც მოახერხა. დამამშვიდებელში ბეგლარაშვილმა ესტონელი არტურ კიკასი გაფრთხილებებით მოახსნევინა, მაგრამ იპონით წააგო უზბეკ მატიაკუბოვთან.

მძიმე სურათი მძიმე წონებში
ამჯერად დიდად საიმედო ვერაფერი გვაჩვენეს ზედა წონების ფალავნებმა - ოზბეთელაშვილმა და გურამ ქოსმენაშვილმა (+100). ოზბეთელაშვილმა ცოტა ხნის წინ ავსტრიაში კი გაიმარჯვა, მაგრამ ახლა ძირითად ბადეში მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო - გერმანელი ვიქტორ დრილერი დააიპონა, მაგრამ წააგო რუსთა მომავალ ჩემპიონ არმან ადამიანთან. დამამშვიდებელში ავსტრიელ აარონ ფარას კი აჯობა, მაგრამ გერმანელ იოჰანეს ფრეისთან ვერაფერს გახდა.

ქოსმენაშვილი თავიდან ისვენებდა, მერე გერმანელ ნიკლას პელზს იპონით აჯობა, თუმცა დამარცხდა სერბ მარკო კულუმთან. მედლისკენ მიმავალი გზა ჩვენებურს საბოლოოდ პოლონელმა კრშიშტოფ ზალეზნიმ გადაუკეტა დამამშვიდებელში, სადაც გაფრთხილებებით მოუგო.

ჩვენი ბიჭების ნაკრების სხვა წევრებიდან ბაჩუკი ჭიკაიძემ (66) მხოლოდ ფინელი ჰენრი მატა დაჯაბნა, მერე კი უზბეკ არტიომ შტრუბაბინთან წააგო და გავარდა. კიდევ კარგი, ტურნირზე მეტი უზბეკი არ შეგვხვდა, თორემ...

60 კილოგრამში დავით გეჯაძემ და ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორმა ირაკლი კუპატაძემ იჭიდავეს, თუმცა არც მათ დააკლებინეს წონა, თორემ საევროპოდ 55-ში იასპარეზებენ. ამათგან ძირითად ბადეში გეჯაძემ ერთი პაექრობა მოიგო, კუპატაძემ - ორი და მოგვიანებით სანუგეშოშიც გადავიდა, თუმცა იქ პირველივე შეხვედრა წააგო და საბოლოოდ დაემშვიდობა ტურნირს.

ჯანაშვილი და გოგოები
გოგოების ტურნირში ექვსი მონაწილე გვყავდა, რომელთაგანაც ყველაზე უკეთ ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი გამოვიდა. წონა არც მას დააკლებინეს და 57-ში აჭიდავეს, სადაც მერვედფინალში წააგო რუმინელთა მომავალ ფინალისტ სტეფანია ადელინა დობრესთან. მანამდე ჩვენებურმა იტალიელი ანიტა კანტინი გააცამტვერა - სამივე სინჯის გდება ჩაუტარა, დამამშვიდებელში ფრანგ სარა ლეონიე ჩისიქეს გაფრთხილებით, ხოლო ჰოლანდიელ შანონ ვან დე მეებერგს ვაზარით მოუგო, მედლისკენ სვლა კი პოლონელ ჯულია კოვალსკისთან მარცხით შეწყვიტა.

ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57), ვინც უფროსებში ჭიდაობდა, და ელისო სისაური (70) მეცხრე ადგილზე გავიდნენ, ნინო მგელაძე, სალომე მარგიანი (ორივე - 52) და ხატია ჯანაშვილი (57) კი ადრევე გავარდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ტალანტების თაობა წამო(უ)ვიდა(თ)? ))) პ.ს.ეს ძალისმიერი მზადება, გვიან იძლევა შედეგს - "იმ" ავსტრიელის ვარჯიშებმაც დაიგვიანა "ნაყოფის გამოღება". თუმცა, ვინ იცის, იქნებ ზედმეტად უცხოა შვენთვის კუნთების "კაჩავი"...
უზბეკებს, ძიუდოს ქართული სკოლის კარგად მცოდნე მწვრთნელი ჰყავთ,
16:32 01-08-2016
0

სიახლეები პოპულარული