ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ყვარელში მოემზადება

AutoSharing Option
ფოტოზე: რობინზონ ბეგლარიშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ყვარელში გაემგზავრა, სადაც 2 სექტემბრამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მორიგ შეკრებას გაივლის.

მოგეხსენებათ, ამ გუნდმა ივლისის ბოლოს ჯერ გერმანიაში იჭიდავა, მერე კი ჰოლანდიაში გადავიდა, სადაც ფიზმომზადების მწვრთნელ ბრამ სტრიკთან შეკრება გაიარა. ჩვენებმა მასთან ადრეც ივარჯიშეს და კმაყოფილებიც დარჩნენ. ახლაც ძალიან ემადლიერებიან ჰოლანდიელ სპეციალისტს, თუმცა ამჯერად ცოტა განსხვავებული ტიპის ვარჯიშები ჰქონდათ - სისწრაფე, გამძლეობა და ასე შემდეგ...

ნაკრების მწვრთნელებმა - ირაკლი ცირეკიძემ და მინდია ბოდაველმა ყვარელში გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანეს. ევროპის პირად-გუნდური
ჩემპიონატი 16-18 სექტემბერს ესპანურ მალაგაში ტარდება. მწვრთნელებს იქ წასაყვანი ბირთვი გამოკვეთილი ჰყავთ, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია რამდენიმე წონის საკითხი პირად პირველობაში და აგრეთვე - გუნდურის მონაწილენი.

ჯერჯერობით გარკვეულია 15 სპორტსმენი, რომლებიც ესპანეთში იჭიდავებენ, ხოლო ვინ როგორ გადანაწილდება პირადიდან გუნდურში, ამას მწვრთნელები უახლოეს მომავალში დაალაგებენ. ეს 15 კაცია: ირაკლი კუპატაძე, დავით გეჯაძე (ორივე - 55), რობინზონ მარგველაშვილი (60), თორნიკე ნაგლიაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე - 66), გიორგი კაციაშვილი, გიგა გიგაური (73), თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი ქურდიანი (სამივე - 81), ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი (ორივე - 90), დავით ოზბეთელაშვილი (100), გურამ ქოსმენაშვილი და ჯაბა მუმლაძე (ორივე - +100).

როგორც ხედავთ, 60 კილოგრამში მხოლოდ ერთი მონაწილეა, ანუ ბეგლარაშვილს განაღდებული აქვს ევროპის პირველობაზე ჭიდაობა, სხვებს კი მწვრთნელები უახლოეს დღეებში გადაანაწილებენ.

ყველაზე გაურკვეველი ვითარება, ანუ ყველაზე დიდი კონკურენცია 81 კილოგრამშია, სადაც მწვრთნელთა განკარგულებაში სამი ძლიერი კანდიდატია.

ეს გუნდი დასკვნით შეკრებასაც ყვარელში გაივლის. 2 სექტემბერს ისინი სახლებში დაბრუნდებიან, ორი დღით დაისვენებენ და 5-ში ისევ ყვარელში დაბრუნდებიან. ის შედარებით ხანმოკლე - 9-დღიანი შეკრება იქნება, ესპანეთში კი 14 სექტემბერს გაფრინდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
60-ში მარგველაშვილი თუ ბეგლარიშვილი?
დათო ნაცვლი.
19:31 23-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული