- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მედლებით, მაგრამ წარუმატებლად
არადა, ამ თაობას ბევრად მეტი შეუძლია, რამდენიმე ტალანტი კი იმდენად შორს იდგა თავისი შესაძლებლობებისგან, რომ, ვფიქრობთ, შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გვაქვს. ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთადერთია - დაშვებულ შეცდომებზე იმსჯელონ სპეციალისტებმა და სრულად გააანალიზონ, თუ რატომ მოხდა ეს, რათა სამომავლოდ ვით
მით უფრო, გუნდს პირობები არ აკლდა და თან ახალი სისტემით, ახლებურ პირობებში ემზადებოდა. ალბათ, დადგა დრო, ფედერაციამ იმსჯელოს, ძველი ჯობდა თუ - ახალი, თუმცა ამას უფრო სისტემასთან დაკავშირებით ვგულისხმობთ, თორემ ნაკრების ხელმძღვანელობის მიერ ფიზიკურ მომზადებაზე აღებული კურსი (ახალ პირობებში სწორედ ამას ვგულისხმობდით) საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია. უბრალოდ, ეს მომზადება იმგვარად უნდა გადანაწილდეს, რომ სპორტსმენები ფორმის პიკს მთავარ ტურნირზე შეხვდნენ, იმისთვის შემოინახონ ძალები, არ გადაიღალონ და ორგანიზმმა ბოლომდე შეირგოს ის მზადება.
თუმცა ეს მაინც ნიუანსია (ოღონდ ძალზე აუცილებელი და ჰაერივით საჭირო), მთავარი კი პრინციპია - ჩვენებს ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ფიზიკური მომზადება, მაგრამ საკითხავია, იყო თუ არა გამართლებული ფიზმომზადების იმდენი შეკრება. ან, იქნებ, მას სხვა ტიპის მოსამზადებელი ეტაპი უნდა მოჰყოლოდა, რაც ძალებს დაუზოგავდა სპორტსმენებს.
ერთი სიტყვით, საქმიანი მსჯელობა თუ იქნება, შესაძლებელია, ისეთ დასკვნამდეც მივიდეთ, რაც სამომავლოდ არა მხოლოდ ამ ნაკრებს, მთლიანად სპორტსაც გამოადგება, ანუ ამ კუთხით კარგი საქმე გაკეთდეს.
ახალი სისტემა ასაკობრივი გუნდების გაერთიანებას გულისხმობდა და საკითხავია, რა აზრის არიან ამაზე თავად მწვრთნელები, ფედერაცია...
მოგეხსენებათ, გაერთიანებულ გუნდს სათავეში სამწვრთნელო დუეტი ჩაუდგა, თუმცა მუშა პროცესში მაინც ისე დაიყო ფუნქციები, რომ ჭაბუკებთან ძირითადად ირაკლი ცირეკიძე დარჩა, ახალგაზრდებთან - მინდია ბოდაველი. გაერთიანების იდეა იმთავითვე კარგი ჩანდა, რადგან ორივე გუნდი ერთმანეთს დაეხმარებოდა მომზადებაში და მთელი სეზონი დაკავებული იქნებოდა (მოგეხსენებათ, ჭაბუკებს სეზონის პირველ ნახევარში უწევთ მთავარი შეჯიბრებები, ახალგაზრდებს - სეზონის ბოლოს), მაგრამ როგორც გითხარით, თავად მუშა პროცესმა გაყო და გაანაწილა ფუნქციები სამწვრთნელო დუეტს შორის. სწორედ ამიტომაა დღეს საინტერესო მათი აზრი, თორემ სულაც არ ვამტკიცებთ, რომ ახლანდელი შედეგი ამ გაერთიანებამ მოიტანა. პირიქით - იქნებ ეს კარგიცაა და იქნებ მართლაც შეავსო ის ზემოხსენებული ვაკუუმი, რისთვისაც ეს ნაბიჯი გადაიდგა.
ალბათ, საკადრო გადაწყვეტილებებზე თავად მწვრთნელებსაც ექნებათ გულში ხინჯი, რადგან გუნდურშიც გამოჩნდა, რომ სათადარიგოდ დატოვებულმა რამდენიმე ათლეტმა ძირითადებზე უკეთ იჭიდავა. ვფიქრობთ, მსჯელობა ამ საკითხზეც გაგრძელდება.
გუნდური ძალა
ჩვენები რომ გუნდურ შეჯიბრებებს განსაკუთრებული აღმავლობით ჭიდაობენ, არახალია - აქ თითქოს გაასკეცებით ემატებათ ძალა და იშვიათად, მათი შეჩერება ვინმემ შეძლოს. თან ეს ხდება ყველა დონეზე, ყველა ასაკის ნაკრებში.მალაგაში ჩვენმა ახალგაზრდებმაც დაამტკიცეს ეს ჭეშმარიტება. მოგეხსენებათ, იქ მწვრთნელებმა 5 ფალავანი დამატებით წაიყვანეს სწორედ გუნდურისთვის და თავიდან ძირითადად მათ დაეყრდნენ. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩვენებმა რუმინეთს 5:0 მოუგეს და მწვრთნელებმა მთლიანად სათადარიგო ხუთეული დააყენეს: ბაგრატ ნინიაშვილი (66), გიგა გიგაური (73), კობა მჭედლიშვილი (81), გიორგი გველესიანი (90) და ჯაბა მუმლაძე (+90). არცთუ მარტივი ამოცანა ხუთივემ პირნათლად შეასრულა.
გამარჯვებული ხუთეული მწვრთნელებმა არც მომდევნო შეხვედრაში შეცვალეს ავსტრიასთან და პირველმა ოთხეულმა აქაც იყოჩაღა, აი, მუმლაძე კი სტეფან ჰგისთან დამარცხდა (გიგაურს მეტოქე არ ჰყავდა). ამ პაექრობაში ჩვენებმა 4:1 იმარჯვეს.
ნახევარფინალში მეტოქედ რუსეთი გველოდა, რომელიც ძალიან ძლიერი ჩანდა. ამოცანის გართულების კვალად, მწვრთნელებმაც შეცვალეს შემადგენლობა და მძიმე წონის გარდა (იქ ისევ მუმლაძე დააყენეს) პირველ ოთხ წონაში ძირითადი ფალავნები დააყენეს: ნაგლიაშვილი (66), კაციაშვილი (73), თამაზ კირაკოზაშვილი (81) და ონისე სანებლიძე (90).
სწორედ აქ გამოავლინეს ნაგლიაშვილმა და კირაკოზაშვილმა, რაოდენ მაღალი კლასის ფალავნები არიან. აკი ორივემ იოლად მოიგო - ნაგლიაშვილმა ამირ შეგუშევი ვაზარით დაამარცხა, კირაკოზაშვილმა კი რუსლან გოდიზოვი დააიპონა. ამით მან შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა ჩვენს სასარგებლოდ, რადგან წინა პაექრობა კაციაშვილმაც წმინდად მოიგო ედვარდ კაიუმოვთან, და ანგარიში 3:0 გახდა.
ცოტა უცნაურია გველესიანის შეცვლა, რადგან წინა შეხვედრები კარგად ჩაატარა, თუმცა, შესაძლოა, მწვრთნელებმა ფსიქოლოგიურ მომენტზე "ითამაშეს" და 81-ში მიხაილ იგოლნიკოვს მაინც სანებლიძე დაუყენეს: ჩვენებური მასთან ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა და იქნებ, ახლა მორიგი შანსი მისცეს. თან ის წაგება "წითელი ნაჭრის" როლს შეასრულებდა... ჩვენებს ადრეც მიუმართავთ ამ ხერხისთვის, თუმცა ამჯერად დარჩენილი ორი პაექრობა დავთმეთ, მაგრამ 3:2 მაინც ვიმარჯვეთ და გავედით ფინალში.
იქაც ნამდვილად ძლიერი კონკურენტი გყავდა - მეზობელი აზერბაიჯანი, ვისთანაც მწვრთნელებმა ერთი ცვლილება განახორციელეს - კირაკოზაშვილის ნაცვლად მჭედლიშვილი დააბრუნეს, დანარჩენი ოთხეული კი უცვლელად დატოვეს. შესაძლოა, ზემოხსენებული "წითელი ნაჭრის" ეფექტი აქ კაციაშვილთან მიმართებაში გამოიყენეს, ვინც ინდივიდუალურის ფინალში მის მძლეველ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაუყენეს. თუ მართლაც იყო ასეთი ექსპერიმენტი, მან არც ამჯერად გაამართლა - ჰეიდაროვმა კვლავ მოუგო ჩვენებურს (იპონი) და საერთო ანგარიში 1:1 გახადა.
მანამ ნაგლიაშვილმა ისევ ჩინებულად იასპარეზა და ასევე სუფთად აჯობა ილკინ ბაბაზადას. შეხვედრა მერეც ასე ქულა-ქულაში გაგრძელდა: მჭედლიშვილმა რუფატ ისმაილოვი დააიპონა, თუმცა სანებლიძე ასლან მირზაევთან ვაზარით დამარცხდა. აქაც ცოტა გასაკვირია გადაღლილი სანებლიძის დაყენება და არა გველესიანის.
ამდენად, 4 შეხვედრის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო და ყველაფერი მძიმეწონიანთა შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა. ამ კრიტიკულ მომენტში მუმლაძემ ლიდერის თვისებები გამოავლინა და აზარ იაგუბოვს სუფთად მოუგო, რითაც გუნდს გამარჯვება და ევროპის მორიგი ჩემპიონობა მოუტანა...
იჭიდავეთ ქართულად, იცეკვეთ ქართულად
...გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ იყო ნაგლიაშვილის "ლეზგინკა", რომლის საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს. ეს შენიშვნა არც მხოლოდ ნაგლიაშვილს ეხება, რადგან ბოლო ხანებში ტენდენციად იქცა ჩვენი სპორტსმენების მიერ ჩრდილოკავკასიური ცეკვების შესრულება... - ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება ცეკვით და სალტოთი აღნიშნა [VIDEO]
არადა, ქართული ცეკვა მათზე გაცილებით დახვეწილია, ნატიფი და რაოდენ მოუხდებოდა ამ გამარჯვებას ქართული ცეკვის ერთი-ორი ილეთი...
გვესმის, რომ არჩევანში ყველა თავისუფალია, მაგრამ მშობლიურს თუ იმიტომ ვერ ცეკვავენ, რომ უფრო ძნელი შესასრულებელია, სხვისას მაინც შეეშვან. როცა მოჭიდავეთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ თურქეთში დაბადებულმა ეთნიკურმა ქართველმა ქართული ცეკვა შეასრულა, აქ დაბადებულებმა რატომ უნდა იცეკვონ სხვისი?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"