ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წესებში მორიგი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში უახლოეს მომავალში შევა - ამ რეფორმებს პრაქტიკაში ზუსტად ერთ თვეში, 16-17 იანვარს ტუნისში გასამართავ "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" გამოსცდიან.

მთავარი სიახლე შეხვედრის დროის შემცირებაა - ქალებშიც და ვაჟებშიც ჭიდაობა 4 წუთს გაგრძელდება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია დაჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ადრინდელ რეკომენდაციას ქალთა და ვაჟთა უფლებების გათანაბრების შესახებ და გადაწყვიტა, ვაჟების საჭიდაო დრო ქალებისას გაუთანაბროს, რისთვისაც მათ ერთი წუთი ჩამოაკლო.

საკმაოდ სერიოზული სიახლეა ისიც, რომ ამიერიდან გამარჯვებულის ბედი გადაწყდება მხოლოდ ტექნიკური ქულებით,
ანუ ილეთებით, გაფრთხილება ქულად აღარ შეფასდება. ყოველ შემთხვევაში - ძირითად დროში, ხოლო დამატებითში მათ რაოდენობას კიდევ მიექცევა ყურადღება იმ შემთხვევაში, ანგარიში თუ თანაბარი იქნება.

პაექრობა დამატებით დროში მხოლოდ იმ ვარიანტში გადავა, ძირითადში საერთოდ თუ არ გაკეთდება ქულა, ან - თანაბარი ოდენობისა იქნება (როგორც გითხარით, ამ მონაკვეთში გაფრთხილება ქულად არ ფასდება). მონაწილეებს დამატებითში გადაჰყვებათ ძირითად დროში მოპოვებული ქულები და გაფრთხილებები, იქ კი შეხვედრა გაგრძელდება "ოქროს ქულამდე", ხოლო, თუ ილეთი კვლავაც ვერ გაკეთდა, მაშინ დაითვლება გაფრთხილებების რაოდენობა.

იცვლება შიდოების წესიც - 4-ის ნაცვლად იქნება 3 და აქამდე თუ 4 გაფრთხილებაზე ხსნიდნენ, ახლა სამზე მოიხსნება, ანუ 3 შიდო უდრის იპონს.

სერიოზულად იცვლება ქულათა შეფასების სისტემაც - რამდენიმე წლის წინათ გაუქმებულ კოკას გზას ამჯერად იუკოც მიჰყვება, რომელიც ასევე უქმდება, მათ ნაცვლად კი რჩება მხოლოდ ორი შეფასება - ვაზარი და იპონი. ის გდება, რაც აქამდე იუკოდ ფასდებოდა, ამიერიდან ვაზარი იქნება.

სამაგიეროდ, უქმდება ვაზარების შეკრების წესი, ანუ ორი ვაზარი აღარ იქნება წმინდა მოგება. თავიდან ითქვა, თითქოს 4 ვაზარზე შეწყდებოდა ორთაბრძოლა, მაგრამ მერე ესეც გააუქმეს.

ცოტათი იცვლება შებოჭვის წესიც - 10-წამიანი ბოჭვა შეფასდება ვაზარად, 20-იანი კი იპონი იქნება და შეხვედრაც შეწყდება.

გამარტივდება გაფრთხილებების მიცემაც, რაც უმეტეს შემთხვევაში მაყურებლისთვის გაუგებარი იყო. ამიერიდან აღარ დაისჯება სახელურებში თითების შეყოფა, კიმონოს თუ მაჯების არასწორი ჩავლება, ორივე ხელით ცალ მხარეს ან ქამარზე ჩავლება. პირველ ჯერზე ასევე არ დაისჯება ფეხზე ხელის მოკიდება, რაზეც აქამდე პირდაპირ ხსნიდნენ. ახლა "ჰანსოკუმაკე" მხოლოდ განმეორებით შემთხვევაზე იქნება, პირველზე კი, უბრალოდ, გააფრთხილებენ.

ისევ დიდი ყურადღება მიექცევა იმას, რომ არ დავარდეს შეხვედრის ტემპი. ამიტომ კვლავაც დასჯადი იქნება ჩამშლელის პოზიციაში ყოფნა, პასიური ჭიდაობა, თუმცა ახლა შეტევის მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო - 45 წამი ექნებათ და სავალდებულო არაა ეგრევე ილეთზე გადასვლა, დაყოვნებისთვის არ გააფრთხილებენ. ასევე დაისჯება ცრუ ჩავარდნები. ორ იდაყვზე დავარდნა ჩაითვლება დასრულებულ მოქმედებად, ცალზე - არა.

ისევ და ისევ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებით და ქალთა როლის გასაზრდელად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გეგმავს, ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდური შეჯიბრებები შემოიღოს. აქამდე ისინი გუნდურებს ცალ-ცალკე ჭიდაობდნენ, ახლა კი ერთიანი გუნდი შეიქმნება, ექვსი წონითი კატეგორიით, რომელშიც ვაჟები 73, 90 და +90 კილოგრამებით იქნებიან წარმოდგენილნი, ქალები - 57, 70 და +70-ით.

ამასთან, საერთაშორისო ფედერაციამ უსაფრთხოებაზეც იზრუნა, რათა ძიუდო რაც შეიძლება, ნაკლებად ტრავმიანი სპორტი იყოს. ამიტომ დაისჯება ისეთი მოქმედება, რაც საფრთხეს შეუქმნის მეტოქის ხერხემალს, თავს, ყელს, კისერს. ამის ჩამდენს ჩაეთვლება წაგება და მოიხსნება, მაგრამ მხოლოდ იმ კონკრეტული შეხვედრიდან, სანუგეშოში კი, თუ ამის შანსი მიეცემა, ისევ დართავენ ასპარეზობის ნებას.

ასევე იცვლება რეიტინგში ქულათა დარიცხვის სისტემაც, თუმცა დეტალებს მოგვიანებით დაგვიზუსტებენ, უფროსთა რეიტინგში კი ახალგაზრდების ქულებიც შევა, ოღონდ მხოლოდ მათი ასაკის მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებული.

აი, ესაა რეფორმების ძირითადი პაკეტი, რომელიც საშეჯიბრო კომიტეტმა წარმოადგინა. თუმცა რაღაცები აქაც აუცილებლად შეიცვლება - ტურნირებზე კიდევ დააკვირდებიან, რისი შეცვლა სჯობს, რათა ძიუდო კიდევ უფრო სანახაობრივი გახდეს.

ბუნებრივია, ყველა სიახლეს ახლავს გარკვეული რისკი, გარკვეული შიშიც და გამონაკლისი არც ეს პაკეტია, მაგრამ, ჯერჯერობით, რაც დაამტკიცეს, ჩვენთვის კარგი ჩანს.

მაგალითად, ძალიან კარგია შეხვედრის დროის 4 წუთამდე შემცირება - ჩვენებს ფიზიკურად ყოველთვის უჭირთ სუნთქვა, გამძლეობა, რისი საშიშროებაც ახლა ბევრად მცირდება. თუმცა ეს კომპონენტი კომპლექსურად თუ არ გავაუმჯობესეთ, დროის შეკვეცა დიდი შეღავათი მაინც ვერ იქნება.

ოღონდ ამაზე უფრო საყურადღებოდ ცალმხრივი და ქამარზე ჩავლებების, გადავლების აკრძალვა მეჩვენება - ეს ჩვენებს საშუალებას მისცემს, ისევ წარმატებით გამოიყენონ ქართული ჭიდაობის ილეთები.

ასევე კარგია, ჩავლება-გადავლების მერე შეტევის მოსამზადებლად მთელი 45 წამი რომ ექნებათ, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას - ეჭვიც არ მეპარება, აწ უკვე მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში კიდევ ბევრ სიახლეს ვიხილავთ. მთავარია, ამან ძიუდო სანახაობრივად გაალამაზოს. მის მესვეურთა მიზანიც ხომ ესაა და წესებში ცვლილებებიც ამიტომ შეაქვთ.

წარმოდგენილ სიახლეებში ჩვენთვის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ქალთა ძიუდო სათანადოდ არ გვაქვს განვითარებული და შერეული გუნდის შემთხვევაში პირველ ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა ეს ფედერაციას უბიძგებს, რაც შეიძლება, სწრაფი ტემპით განავითაროს ქალთა ძიუდო და არაა გამორიცხული, მანამ, ვიდრე ჩვენი მართლაც კარგი ნორჩი თაობა სათანადოდ მოიზრდება, ჰოლანდიელი ესტერ სტამის (70) მსგავსად, საქართველოს ნაკრებში სხვა ნატურალიზებული უცხოელებიც ვიხილოთ.

თუმცა საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ისედაც აქცევს ყურადღებას ქალთა სპორტს და ამ დღეებში შეხვედრაც კი გაუმართა მათ მწვრთნელებს, მშობლებს, სადაც დასახეს განვითარების გეგმები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
დემე ბატონო, სტამისნაირებს მხოლოდ ჩამოყვანა კი არა, - განვითარება და სრულყოფა სჭირდებათ, სიქის გაძრობა ვარჯიშით და არა მიშვება თავის ნებაზე, - ნიჭიერი გოგოა და თავისი საქმე იცისო..
giorgi demes
17:15 28-12-2016
0
არ ვიცი, მსოფლიო ძიუდოს მესვეურები რითი აზროვნებენ, მაგრამ ტვინი რომ არ მოქმედებს, ეს ფაქტია... იუკო და ვაზარი როგორ უნდა გაათანაბრო? ეგ კი არა, კოკაც უნდა აღედგინათ... თანამედროვე ძიუდო ათანაბრებს მოჭიდავეთა შანსებს, - ყველამ ისწავლა ჭიდაობა.. შესაბამისად, შეფასების კრიტერიუმები ფაქიზი უნდა იყოს და არა ისეთი მოუხეშავი, ახლა რომ გვთავაზობენ!
giorgi
17:02 28-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული