"საგარეჯო" სუპერსტარ! ქართულმა კლუბმა პუტინის ფავორიტი გროზნოში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ბარბარობა დღეს - 17 დეკემბერს ქართულმა ძიუდომ მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად - საკლუბო დონეზე: გროზნოში ჩატარებული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, "ოქროს ლიგის" გათამაშებაში კვარცხლბეკზე ერთბაშად ჩვენი ორი კლუბი ავიდა: "საგარეჯო სუპერსტარი" ჩემპიონი გახდა, ხოლო "მებრძოლი" მესამეზე გავიდა.

ტურნირში კიდევ ერთი ქართული კლუბი გამოდიოდა - "შევარდენი 2005", რომელიც მეშვიდეზე დარჩა.

"მებრძოლი" ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და წლეულსაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. ჯაბანი არც "საგარეჯოა", თუმცა უფრო ტიტულოვანი შემადგენლობა მაინც "მებრძოლს" ჰყავს. ოღონდ ეს კია, 73 კილოგრამში მათ აკლდათ ფეხმტკივანი ლიდერი,
ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, მაგრამ "საგარეჯომ" მართლაც ჩინებულად იასპარეზა და დიდ მონდომებასთან ერთად მაღალი კლასიც აჩვენა.

გამარჯვებას ათმაგ ფასს ის გარემოებაც სძენს, რომ ჩვენებმა ფინალში უძლიერესი რუსული კლუბი, რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტი სანკტპეტერბურგული "იავარა ნევა" დაამარცხა მეტისმეტად დაძაბულ ბრძოლაში - 3:2.

ამ შეხვედრის გმირად მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი იქცა, ვინც 2:2-ზე, ბოლო და გადამწყვეტ პაექრობაში დგომიდან, მაღალი ტრაექტორიით ჩინებული კისრულით წამოიღო მასზე ბევრად ტანმაღალი რენატ საიდოვი და წმინდა მოგებით საკუთარ კლუბს პირველი, ქართულ ძიუდოს კი მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"საგარეჯოს" წარმატება აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ შიხალიზადამ, ახალგაზრდა ბაგრატ ნინიაშვილმა (ორივე - 66), ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73), კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ოღონდ საბერძნეთის მოქალაქე ქართველმა რომან მასტოპულოსმა (81), უნიჭიერესმა ბექა ღვინიაშვილმა (90), ლევან მატიაშვილმა და გუგა კიბორძალიძემ (ორივე - +90) მოუტანეს.

იქიდან გამომდინარე, რომ 8-გუნდიან ტურნირში სამი ქართული კლუბი გამოდიოდა, ჯგუფებში მათი ერთად მოხვედრა გარდაუვალი იყო. წილისყრამ ერთ მხარეს "მებრძოლი" და "შევარდენი" მოახვედრა, თუმცა ისინი ერთმანეთს სანუგეშო წრეში შეხვდნენ და არა ძირითად ბადეში, რადგან პირველივე წრეში ორივემ წააგო. თუმცა ამათგან უფრო მოულოდნელი "მებრძოლის" მარცხი იყო ნალჩიკის "გრენ ჰილთან" - 2:3.

ამასობაში "საგარეჯომ" პორტუგალიურ "სპორტინგს" მოუგო ასეთივე ანგარიშით. მომდევნო პაექრობაში "საგარეჯომ" არც ისე დიდი ხნის წინ ევროპული საკლუბო ძიუდოს ფლაგმანი, გერმანული "აბენსბერგი" "გათელა" - 5:0. როგორც გითხარით, ფინალში ჩვენებმა "იავარა ნევას" სძლიეს დრამატულ შეხვედრაში - 3:2.

სანუგეშო წრეში "მებრძოლი" და "შევარდენი" პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და "მებრძოლმა" 4:1 მოიგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ასეთივე ანგარიშით "აბენსბერგს" მოუგო.

შეხვედრის ყველაზე ტექნიკურ მონაწილედ "საგარეჯოს" წევრი ბექა ღვინიაშვილი (90) დაასახელეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გიგა-ს

მე ცნობილი რუსეთემე ვარ. ვაღიარებ. ჩვენი კლუბის გამარჯვება არ გამხარებია, პირიქით, ძალიან მეწყინა.აი, გოიმობას და ქაჯობას ნაღდად ვერ ვიტან. გულზე მჯიღის კვრასაც და ქართული გენის და ნიჭის უნიკალურობასაც არ ვაღიარებ.ჩემი შემთხვევა მძიმეა.
rene
19:31 19-12-2016
0
ბიჭებო გაიხარეთ
ბესო
18:40 19-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული