U23. ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მეტი დისციპლინა, მეტი სანახაობა

AutoSharing Option
29 იანვარს თბილისში, ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე 23-წლამდელთა შორის, რომელიც მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა ამ ასაკის ევროპის ჩემპიონატისთვის.

ამიტომ შეჯიბრებამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ვისურვებდით, მათი დისციპლინაც ამ სურვილის ადეკვატური იყოს.

სამწუხაროდ, ამ მხრივ ბევრია სამუშაო, რაც ერთობლივად უნდა გასწიონ ფედერაციამაც, საკუთრივ გუნდებმაც და პირადმა მწვრთნელებმაც. სპორტულ ღონისძიებებს ხშირად ახლავს კამათიც, შეხლა-შემოხლაც და ვნებათაღელვაც, მაგრამ გუშინ ეს ყველაფერი დასაშვებზე მეტი იყო.
კიდევ კარგი, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, თუმცა ორთაბრძოლები ხშირად ჩერდებოდა, დღის ბოლოს კი 98 კილოგრამის ფინალი ვადამდე შეწყდა, რადგან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა, სამტრედიელმა გიორგი მელიამ შეხვედრა მიატოვა.

ეს ჩემპიონატი წლის პირველი შეჯიბრებაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და იმის მიუხედავად, რომ ასაკობრივი ტურნირია, მაინც ძალიან საინტერესოა ბევრი ფაქტორის გამო - ამ ასაკის ბევრი ფალავანი უკვე ეროვნული ნაკრების მთლად ლიდერი თუ არა, გაფართოებული შემადგენლობის წევრია, ბევრიც კი ეს-ესაა ემზადება იქ გადასასვლელად.

ერთი სიტყვით, ქომაგებსა და განსაკუთრებით - სპეციალისტებს ამ ტურნირზე საინტერესო და შესაფასებელი ბლომად აქვთ. შეჯიბრებას კი რაც შეეხება, ძირითადად მაინც კარგად ნაცნობმა პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს, რომლებსაც მშვენივრად ვიცნობთ ასაკობრივი გუნდებიდან, თუმცა ძველებს ახალი კადრებიც გამოერივნენ. მაგალითად, გარდაბნელი გიორგი ფოცხვერაშვილი, მარტყოფელი ბექა მამუკაშვილი (ორივე - 71), ქუთაისელი რამაზ კვეტენაძე, ხობელი ვარლამ კვარაცხელია (80) და, ნაწილობრივ - ოზურგეთელი ალექსი ლოდიაც (98).

ჩემპიონატში, ტრადიციულად, კარგად გამოვიდა აჭარის ნაკრები, გარდაბანმა, ოზურგეთმა და ქუთაისმა კი 2-2 მედალი დაინადავლა.

ჩემპიონები, ძირითადად, ფავორიტებად მიჩნეული ახალგაზრდები გახდნენ: ხელვაჩაურელი რამაზ ზოიძე (71), გელა ბოლქვაძე და თბილისელი კუკური კირცხალია (98), თუმცა ამ ბოლო წონაში მელიაც არანაკლებ ყურადღებას იმსახურებდა. ოღონდ ნამდვილად არ შეიძლება ითქვას, რომ რომელიმემ იოლად გაიმარჯვა - კონკურენტებმა ბოლომდე იბრძოლეს.

საინტერესო ფინალი ვიხილეთ 59 კილოგრამში, სადაც ახალი თაობის ორი ნიჭიერი ფალავანი დადგა ერთმანეთის პირისპირ. ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი შარშან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ევროპაზე კი მესამეზე გავიდა. აჭარის გუნდის წევრმა ლერი აბულაძემაც ზუსტად ასეთივე შედეგს მიაღწია, ოღონდ - ჭაბუკებში. თუმცა მას ეროვნულ ნაკრებშიც უასპარეზია და ოდნავ მეტი გამოცდილება აქვს, ხოლო 14 წლისა ახალგაზრდებში გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ამჯერად ორივე ახალ წონაში ჭიდაობდა, მაგრამ კარგად იასპარეზეს. ფინალში თავიდან აბულაძე უფრო აქტიურობდა და ამისთვის ქულაც მიიღო, კულმინაციური მომენტი კი ამ შეფასებიდან რამდენიმე წამში დადგა, როცა ჩხარტიშვილმა ვარდნაში, დაბალი ტრაექტორიის კისრულზე გადააგორა და 4-ქულიანი შეფასებაც მიიღო: 4:1 დაწინაურდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება აბულაძის მწვრთნელმა გააპროტესტა, რაც საბოლოოდ საბედისწერო გამოდგა: მსაჯებმა პროტესტი არ დააკმაყოფილეს და აბულაძე ქულით დასაჯეს: 5:1.

მოგვიანებით აბულაძემ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ ფრე ხელს ჩხარტიშვილს აძლევდა, რადგან უფრო მაღალი შეფასების ქულა ჰქონდა (4) და ხულოელი ფალავანიც ვა-ბანკზე წავიდა, რაც ქულად დაუჯდა - 6:5 ჩხარტიშვილის სასარგებლოდ.

ის უსაფუძვლო პროტესტი რომ არა, მაშინ გამარჯვება აბულაძეს დარჩებოდა, თუმცა იქნებ სხვა ანგარიშის შემთხვევაში ოზურგეთელსაც სხვანაირად ეჭიდავა, ამჯერად კი ჩხარტიშვილმა ანგარიშის შენარჩუნებაზე იზრუნა.

ილეთებით საკმაოდ მწირი გამოდგა 71-სა და 80-ის ფინალები, სადაც ფავორიტები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მეტოქეები ლამის "ყრუ" დაცვაში ქმნიდნენ გაუვალ ზღუდეებს. სამაგიეროდ, ეს პასიურობად და თითოქულიან სასჯელად უჯდებოდათ. ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონმა ზოიძემ, დაწინაურების მიუხედავად, შეხვედრის ბოლო წუთზე კი სცადა ჯვარედინი მოვლებიდან დგომში გადაგდება, მაგრამ ილეთი ვერ დაასრულა, თუმცა ფოცხვერაშვილი წრის გარეთ კი გაიყვანა და ქულა მიიღო. ბოლო წამებზე უკვე მეტოქე ცდილობდა ანალოგიურს, მაგრამ ზოიძემ კარგად დაიცვა თავი, "ჯვარზე" შეკვრამდეც არ მიუშვა და ასე გაიყვანა დრო სასტვენამდე: 3:1.

ბოლქვაძე მთელი შეხვედრის განმავლობაში კარნახობდა შეხვედრის მიმდინარეობას თემურ ჭკუასელიძეს და მისი პასიურობისთვის მიღებული ქულებით 3:0 უპრობლემოდ გახადა ანგარიში. ბორჯომელი ფალავანი მხოლოდ ბოლო წამებზე გამოფხიზლდა და თავზე გადახტომით დაუპირა გადაგდება ბოლქვაძეს, მაგრამ ესეც მომზადებული დაუხვდა და იქით გადაიყვანა ჩოქბჯენში: 5:0.

98 კილოგრამის ფინალში თავიდან მელია დაწინაურდა - 1:0, რადგან კირცხალია პასიურობისთვის ქულით დასაჯეს. მალევე ანალოგიური სასჯელი მელიამაც მიიღო და ანგარიში გათანაბრდა, საკამათო კი მომდევნო ეპიზოდი გახდა: კირცხალიამ ჯვარედინი მოვლებიდან გადააგდო, მელია კი ჩოქბჯენიდან ამოვიდა. მსაჯებმა კირცხალიას 2, მელიას კი 1 ქულა მისცეს და ანგარიში 3:2 გახდა თბილისელის სასარგებლოდ, თუმცა სამტრედიელებმა გააპროტესტეს. მსაჯთა კოლეგიამ არც ეს პროტესტი მიიღო და ქულა კირცხალიას დაუმატეს: 4:2.

ამით გაბრაზებული მელია შესვენებაზე დაემუქრა არბიტრს, შეხვედრის განახლებისთანავე კი გაორმაგებით შეუტია და მალე აქტიურობისთვის ქულაც მიიღო: 3:5. ცოტა ხანში "ჯვარზე" გდებასაც ცდილობდა, მაგრამ თავის მხრივ ყოჩაღად მოჭიდავე კირცხალიამ დაუხურა და იქით გადაიყვანა ილეთზე: 6:3 მის სასარგებლოდ. სასტვენამდე 11 წამი რჩებოდა, როცა ფინალი შეწყდა.

დღეს ოლიმპიურ პარკში დარჩენილი ოთხი წონის - 66, 75, 85 და 130-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ.

ბ/რ ჭიდაობა. 23-წლიანთა საქართველოს ჩემპიონატი
კვარცხლბეკი
59 კგ.
1. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი); 2. ლერი აბულაძე; 3. ირაკლი შავაძე, გიზო მელაძე (სამივე - აჭარა).

71 კგ.
1. რამაზ ზოიძე (აჭარა); 2. გიორგი ფოცხვერაშვილი; 3. გიორგი ტოტიკაშვილი (ორივე - გარდაბანი), ბექა მამუკაშვილი (მარტყოფი).

80 კგ.
1. გელა ბოლქვაძე (აჭარა); 2. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი); 3. რამაზ კვეტენაძე (ქუთაისი), ვარლამ კვარაცხელია (ხობი).

98 კგ.
1. კუკური კირცხალია (თბილისი); 2. გიორგი მელია (სამტრედია); 3. სულხან ბუიძე (ქუთაისი), ალექსი ლოდია (ოზურგეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული