ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ბაქოში იასპარეზებენ

AutoSharing Option
უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში ბაქო ახალგაზრდა და ჭაბუკ მოჭიდავეთა თავშეყრის ადგილად იქცევა - 25-28 აპრილს ამ ასაკობრივ ჯგუფებში "სერხედჯის" ოლიმპიური კომპლექსი "აზერბაიჯანის ფედერაციის თასის" გათამაშებას უმასპინძლებს ორივე სტილის მოჭიდავე ბიჭებს შორის.

ეს საერთაშორისო ტურნირი უკვე ტრადიციული გახდა და მასში ჩვენებიც სისტემატურად მონაწილეობენ, რადგან იქ წასვლა იაფია და შანსი ეძლევათ, რაც შეიძლება მეტი კანდიდატი გამოსცადონ. ამასთან, ბევრი საკუთარი ხარჯითაც მიდის.

ასეთები წლეულსაც ბლომად არიან. ბაქოს თასი ერთ-ერთი უმთავრესი მოსამზადებელი შეჯიბრებაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წასაყვანი ნაკრებების დასაკომპლექტებლად, რადგან იქ მუდამ ძლიერი
შემადგენლობა იკრიბება. თან საპრიზო ფონდიც ასაკის კვალობაზე საკმაოდ მაღალია - ახალგაზრდებში გამარჯვებული ჯილდოდ 600 ამერიკულ დოლარს მიიღებს (მწვრთნელს 150 დოლარი ერგება), ვიცე-ჩემპიონი 300-ს, მესამე პრიზიორები - 150-150-ს.

ჭაბუკებში პრემიები ადგილების მიხედვით ასეა განაწილებული - 400 (მწვრთნელის წილი 100 დოლარია), 200 და 100-100 დოლარი.

ტურნირში თავდაპირველად ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკები ჩაებმებიან - 25-ში იასპარეზებენ. 26-ში უკვე ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ჯერია, 27 - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა, 28 კი ახალგაზრდების დღეა.

ჩვენი ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ნაკრები 23 აპრილს საღამოს მატარებლით გაემგზავრა ბაქოში მთავარ მწვრთნელ ვაჟა კრავეიშვილის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში კი, ფედერაციისა თუ საკუთარი ხარჯებით დაფინანსებულთაგან, გენადი ჩიტაძე, თემურ შავაძე, დავით ჩხარტიშვილი (სამივე - 42), რამაზ ზოიძე, გიორგი კურტანიძე (ორივე - 46), ირაკლი შავაძე (50), ბაკურ გოგოლი, გიორგი ხუჭუა (ორივე - 54), თემურ კვაჭაძე, გიორგი ტოტიკაშვილი, ლაშა ებელაშვილი (სამივე - 58), გიორგი ჯაფარიძე, მურთაზ ჩაბრავა, გელა ბოლქვაძე (63), გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი გოგნიაშვილი (ორივე - 69), ნიკა გავაშელი, გიორგი დარჩია, ვასილ თავბერიძე (სამივე - 76), ნიკოლოზ კახელაშვილი, სულხან ბუიძე (ორივე - 85) და ბექა კანდელაკი (100) შედიან.

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები ბაქოში 24 აპრილს საღამოს წავლენ ასევე მატარებლით. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ადეიშვილს იქ გიზო მელაძე (50), ნიკა ცეცხლაძე, რამაზ სურმანიძე, აბესალომ ქათამაძე (სამივე - 55), ამირან შავაძე, ხვიჩა ჭითავა, სულხან ნიკოლიშვილი (60), გიორგი დავითაია, თენგიზ ფარცვანია (ორივე - 66), თორნიკე ძამაშვილი, ლაშა გობაძე (74), დავით ჩაკვეტაძე, რობერტ ქობლიაშვილი, ლაშა შალიკაშვილი, ირაკლი კოვზირიძე (ოთხივე - 84), იაკობ ქაჯაია, ბექა ქურცაძე, კუკური კვირკველია (სამივე - 96), ლევან არაბული, ზურაბ გედეხაური და შოთა გოგისვანიძე (12)0 მიჰყავს. თუმცა, შესაძლოა, ნიკოლიშვილმა 66-ში იჭიდაოს - ეს ადგილზე გადაწყდება.

ადეიშვილს 50-ში საქართველოს ჩემპიონი დავით სანიკიანის წაყვანაც სურდა, მაგრამ გვარის გამო გადაიფიქრა, ვაიდა, სომეხი არ ეგონოთო.

სანიკიანი ქუთაისელი სვანია, მაგრამ მისი გვარის დაბოლოება მართლაც ჩამოჰგავს სომხურს. ასეთებისთვის კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა მართლაც დიდი რისკია - სომხური ეროვნების ფალავნებს იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ხვდებათ, როცა კი ევროპა-მსოფლიოსა თუ სხვა აუცილებელ შეჯიბრებებში უწევთ ჩასვლა. თან ეს ეხებათ არა უშუალოდ სომხეთის ნაკრების წევრებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ სომხებსაც.

მაგალითად, 2007 წელს ჭიდაობაში მსოფლიოს სალიცენზიო პირველობაზე ბაქოში ჩასვლა ვერ გაბედეს რუსეთის, შვედეთის, პოლონეთის და სხვათა სომეხმა ფალავნებმა, ხოლო რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი არსენ გალსტიანი შარშან მასტერსზე კი ჩავიდა, მაგრამ აეროპორტშივე დააპატიმრეს და პოლიციის განყოფილებიდან რუსეთის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. შინ დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა, რომ აღარასოდეს ჩავიდოდა აზერბაიჯანში.

ბაქოში საჭიდაოდ ჭაბუკ "თავისუფალთა" ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ბენდიანიშვილს ფედერაციამ შემდეგი ფალავნები დაუფინანსა: შმაგი თოდუა, ირაკლი მხეიძე (ორივე - 42), გიორგი პასიკაშვილი, ტაიფუნ აბდულაევი (46), გიორგი ლეჟავა (50), ლევან მურცხვალაძე (54), ედუარდ ნიკოლიშვილი, ავთანდილ კობახიძე (ორივე - 58), ტარიელ გაფრინდაშვილი, ტრისტან მაისურაძე (63), ომარ გურჯიძე, ირაკლი კობახიძე (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), თორნიკე ბასილაშვილი, ნიკა მელიქიშვილი (ორივე - 85), ბექა კახეთელიძე (100). ამასთან, აქ 5-6 მოზარდი საკუთარი ხარჯითაც მიდის.

ადეიშვილის მსგავსად, ახალგაზრდა "თავისუფალთა" მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელიც მთლიანად საქართველოს პირველობის შედეგებს დაეყრდნო - ბაქოში უკლებლივ ყველა წონაში ფინალისტები მიჰყავს: ბექა ბუჯიაშვილი, რამაზ დარჩიძე (ორივე - 50), ლაშა ტალახაძე, ოთარ გოგავა (55), ლევან ქელეხსაშვილი, ლაშა ბიტარაშვილი (60), კონსტანტინე ხაბელაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი, კახა თავაძე (74), სანდრო ამინაშვილი, ლევან ანზორის ძე გოგრიჭიანი (84), გიორგი მეშვილდიშვილი, ომარ გუსოშვილი (96), გენო პეტრიაშვილი, ლევან თენგიზის ძე გოგრიჭიანი (120). ამ ნაკრებში საკუთარი ხარჯით მხოლოდ ამირან ჯაჭვაძე (74) მიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული