მოგეხსენებათ, ჩვენმა "თავისუფლებმა" შვიდივე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს, ბერძენ-რომაელთათვის კი ჰელსინკი ბოლო შანსია ოთხ წონაში, რადგან სამში უკვე ვფლობთ საგზურს. მათ მოსაპოვებლად ფინეთში ქემალ ხარაბაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ ფერსელიძე (120) ჭიდაობენ, თუმცა 5 მაისს მხოლოდ პირველი სამეული იასპარეზებს, ფერსელიძე კი 6-ში იბრძოლებს ლონდონში წასასვლელად.
შეგახსენებთ, რომ ჰელსინკში ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. წილისყრამ არ გაუმართლა ქემალ ხარაბაძეს,
სომეხი უდაოდ ძლიერი მოჭიდავეა, მაგრამ თუ დასჭირდა, არც ბინძურ მეთოდებს ერიდება და თან მიზეზთა გამო მსაჯებისგანაც ყოველთვის ზურგგამაგრებულია. ამოიანი ხარაბაძეს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება, თუმცა იქამდე სომეხის შეჩერების შანსიც, პრაქტიკულად, არაა.
მართალია, ბადის მეორე მხარეს ფინელი ევროპის ჩემპიონი იანი ჰააპამაკი და უკრაინელი ევროპის ვერცხლის მედალოსანი ვუგარ რაჰიმოვი არიან, მაგრამ ჩვენებურს მათთან მაინც მეტი შანსი აქვს, ვიდრე - ამოიანთან.
ხარაბაძე პირველ შეხვედრას ინდოელ ჯოგინდარ სინგთან გამართავს, ნახევარფინალამდე კი საკმაოდ ძლიერი რუმინელის, ევროპის პრიზიორ ვირგილ მუნტეანუს ბარიერის დაძლევაც მოუწევს.
თითქოს ურიგო ჯგუფში არაა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ლაშხი, რომელსაც პირველ მეტოქედ მოლდოველი მაქსიმ მამულატი ერგო, მასთან წარმატების შემთხვევაში კი პერუელ პაულ ანტონიო სობრადო ნუნტასა და სამხრეთ აფრიკელ მარიუს ზახარიას ლოოტს შორის მოგებულს ხვდება.
პერუელები ბოლო ტურნირებში კი გვაოცებენ შედეგებით, მაგრამ ეს სამეული მონაცემებით ჩვენებურის ტოლ-სწორი არაა. გააჩნია, ჩვენებური როგორ გამოიყენებს საკუთარ შანსს.
ბადის ამავე ნახევარში მოხვდნენ ევროპის წლევანდელი სლოვაკი ჩემპიონი იშტვან ლევაი, ამავე ტურნირის სერბი ბრინჯაოს მედალოსანი დავორ სტეპანეკი და სომეხი ედვარდ ბარსეგიანი, თუმცა დაუმარცხებელი არც ეს სამეულია. მაგალითად, სლოვაკი ევროპის პირველობაზე ფინალში იმდენად იოლი ჯგუფიდან გაძვრა, სერიოზულ ჩემპიონად ვერავინ აღიქვა. თან სლოვაკი და სომეხი პირველივე წრეში ხვდებიან ერთმანეთს.
ბადის ამ მხარეს სიძლიერით არა, მაგრამ გვარ-სახელით ერთი საინტერესო წყვილიცაა - ნამიბიელი იასონ შანონ აფრიკანერი და სომხური წარმოშობის შვედი ფრუნზე ჰარუთინიანი.
ემზარ მახარაძის გაწვრთნილ ინდოელთან - მანოი კუმართან (84) იჭიდავებს პირველ წრეში ვლადიმერ გეგეშიძეც, რომელსაც წილისყრამ ჩვენს სამეულში ყველაზე მეტად გაუმართლა. პირველი წარმატების შემთხვევაში ის ჩინელ ნინგ დიანსა და სომეხ არტურ შაჰინიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წონის მთავარი ფავორიტები - სომხური წარმოშობის შვედი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არა აბრაჰამიანი, იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ანდრეა მინგუზი, მსოფლიოს 2010 წლის და ევროპის წლევანდელი ბულგარელი ჩემპიონი ჰრისტო მარინოვი და უნგრელი ევროპის წლევანდელი პრიზიორი ვიქტორ ლორინცი ბადის მეორე მხარეს არიან.
"ჰელსინკში, ბოლო შანსისთვის" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტურნირის საიტზე ვნახე ახლახანს. ფინალის შედეგები ჯერ არ დაუდიათ. რომ დადებენ, დავწერ. ხარაბაძემ მერვედფინალშივე წააგო. სხვათა შორის, ის სომეხი ამოიანიც მალევე გავარდა