ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ბოლო შანსი გამოიყენეს - სამი ლიცენზია ჰელსინკიდან

AutoSharing Option
საქართველოს ბერძენ-რომაელთა ეროვნული ნაკრებისთვის ბოლო სალიცენზიო ტურნირი უჩვეულოდ ხვავრიელი გამოდგა - ჰელსინკში 6 მაისს დასრულებულ ამ რანგის შეჯიბრებაზე ლონდონის ოლიმპიადის კიდევ სამი საგზური მოიპოვა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც გუნდს მსოფლიოს შარშანდელი პირველობიდან მოყოლებული დღემდე ჰქონდა.

ამჯერად ლიცენზიები ევროპის ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა (60), ვლადიმერ გეგეშიძემ (84) და გურამ ფერსელიძემ (120) დაიმსახურეს. ლაშხი ჩემპიონი გახდა, გეგეშიძე და ფერსელიძე კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ამდენად, ბერძენ-რომაელები ლონდონში ხუთკაციანი გუნდით გამოვლენ. შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს პირველობაზე ლიცენზია მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანმა მანუჩარ ცხადაიამ (66) მოიპოვა. წლეულს
კი მას ოლიმპიურ გუნდში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ზურაბ დათუნაშვილი (74) და უფროსებში ევროპის მესამე პრიზიორი სოსო ჯაბიძე (96) შეუერთდნენ.

დასამალი არაა, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატიდან მოყოლებული, ლაშხის გამოსვლას გამორჩეული ინტერესით ვაკვირდებოდით - შარშან ის დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი და საცოდაობა იქნებოდა, მისი მონაცემების ათლეტი ოლიმპიადის გარეშე დარჩენილიყო.

ეს შიში კიდევ უფრო გაგვიძლიერდა წინა შაბათს, როცა ლაშხს ჩინეთში ხელი მოეცარა და ბოლო შანსად ჰელსინკი დარჩა. საბედნიეროდ, იქ სრულად გაამართლა ქომაგთა იმედები და საკმაოდ ძნელი გზის გავლით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ჰელსინკში ლაშხმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი ძირითად დროში მოიგო - მოლდოველ მაქსიმ მამულატთან, ხორვატ ტონიმირ სოკოლთან, ნახევარფინალში შვედ ფრუნზე ჰარუთინიანთან და ფინალში გამოცდილ ნორვეგიელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ სტიგ ანდრე ბერგთან. დამატებითი დრო კი მხოლოდ სერბ ევროპის მედალოსან დავორ სტეფანეკთან დასჭირდა.

საყურადღებოა, რომ რამდენიმე შეხვედრაში დიდი უპირატესობით იმარჯვა, ანუ შედეგის გარდა, ქულებიც ბლომად მოიხვეჭა, თვითონ კი იშვიათად კარგავდა - მამულატს ორი პერიოდის ჯამში 5:0 მოუგო, ჰარუთინიანს და ბერგეს - 4:0.

მთელ ტურნირზე მან მხოლოდ ერთი ქულა დათმო და ისიც - სტეფანეკთან, როცა მეტოქემ პირველი პერიოდი 1:0 მოიგო.

სამაგიეროდ, მომდევნოებში ჩვენებურმა 1:0; 2:0 იმარჯვა. ლაშხის საერთო სტატისტიკური მონაგარი ასეთია - 18:1 (ორი ქულა ხორვატთან მოიპოვა), რაც შთამბეჭდავი შედეგია.

ბუნებრივია, ეს არ იყო უძლიერესი ტურნირი. მეტიც, იქ წონის ელიტა არც გამოდიოდა, რადგან უკვე ლიცენზირებულებს არ ჰქონდათ მონაწილეობის უფლება. სასიხარულოა, რომ ლაშხი თანდათან იბრუნებს ფორმას. იმედია, ოლიმპიადამდე კიდევ მოუმატებს.

ტრავმებით გატანჯულ გეგეშიძეს ლიცენზიამდე წინა შეჯიბრებაზეც ცოტა დააკლდა, ახლა კი ღვთით ბოძებული შანსი და შედარებით ლმობიერი წილისყრა კარგად გამოიყენა - ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინეთში მანაც ხუთი შეხვედრა გამართა და მხოლოდ ფინალი დათმო ბულგარელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ჰრისტო მარინოვთან.

დანარჩენი ოთხიდან გეგეშიძემ სამში ძირითად დროში იმარჯვა. ყველაზე დიდი შემართებით კი პირველი შეხვედრა ჩაატარა ინდოელ მანოი კუუმართან - 5:0; 5:0 მოუგო.

ჩვენებურს დამატებითი დრო მხოლოდ სომეხ არტურ შაჰინიანთან დასჭირდა, რომელთანაც პირველი პერიოდის შემდეგ 1:0 დაწინაურდა, მაგრამ მეორეში ცივი შხაპი მიიღო - 0:5 დათმო.

ასეთი მარცხის შემდეგ დამატებითში მობილიზება, როცა უკან დასახევი გზაც მოჭრილია, იოლი ნამდვილად არ იქნებოდა, თუმცა გეგეშიძემ ნერვები მოთოკა და დაძაბულ შეხლაში ბედის სასწორი თავისკენ გადახარა.

ბრძოლა კი მართლაც მაგარი გამოდგა - 3:3 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულის დამსახურებით, ქართველმა იმარჯვა და მესამე წრეში გავიდა. იქ სხვებზე მეტად გამოცდილ მოლდოველ ადრიან მოკანუს იოლად აჯობა - 3:0 ძირითად დროში, ნახევარფინალში კი ყირგიზ იანარბეკ კენიევსაც დამაჯერებლად მოუგო - 5:0 და საგზურიც გაინაღდა. მან ფინალიც აღმავლობით დაიწყო მარინოვთან - პირველი პერიოდი 1:1-ზე მოუგო, მაგრამ მომდევნოებში ერთნაირი ანგარიშით - 1:0 დამარცხდა და ჩემპიონობა ძლიერ კონკურენტს გადააბარა.

ფერსელიძემ გუშინ იასპარეზა და თავისი ბოლო შანსიც კარგად გამოიყენა, თუმცა პირველივე შეხვედრაში დამატებითი დრო დასჭირდა - ბერძენ ქსენოფონ კოციუმპასთან ორთაბრძოლა 0:1 წაგებით დაიწყო; მერე თვითონ ორჯერ იმარჯვა ასეთივე ანგარიშით, მომდევნო შეხვედრებში კი ტაჯიკ მუროდინ ტუჩიევსა და ბულგარელ ივან ივანოვს ძირითად დროში აჯობა საერთო ანგარიშით, შესაბამისად, 4:0 და 5:1. ფინალში ჩვენებური საჭიდაოდ აღარ გასულა რუს ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ბაროევთან და მეორე ადგილს დასჯერდა.

ჩვენი გუნდიდან ულიცენზიოდ მხოლოდ ქემალ ხარაბაძე (55) დარჩა. ამ წონაში ყველაზე მეტად სომეხი რომან ამოიანისა გვეშინოდა, მაგრამ ხარაბაძე იქამდეც ვერ მივიდა - რუმინელ ვირგილ მუნტეანუსთან დამარცხდა, თუმცა საბოლოოდ სომეხიც ჩაფლავდა.

66 კილოგრამში უსაგზუროდ დარჩა რუსეთის ნაკრებიც - ამჯერად მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ისლამ-ბეკ ალბიევმა წააგო. მანამდე კი ვერც ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა ამბაკო ვაჩაძემ ივარგა.

ასევე ხელმოცარულნი დარჩნენ უკრაინელი ევროპის პრიზიორი დმიტრი პიშკოვი, ბესიკ სალდაძე უზბეკეთიდან, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი დავით სალდაძე, ასევე, უზბეკეთიდან და სხვები.

"თავისუფლებშიც" ტიტულოვანთაგან ბევრი დარჩა ლონდონის მიღმა. ჩვენები კი სრული გუნდით იქნებიან ლონდონში, რაც ვერ მოახერხეს ისეთმა ძლიერმა გუნდებმა, როგორებიც აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული