ქართველი "ბერძენ-რომაელების" დამალული საგზური და ძველი მიღწევის ახალი პერსპექტივა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში 10 მაისს ლიცენზიანტთა მორიგი ჯგუფი მიიწვიეს, ამჯერად - ბერძენ-რომაელები, რომლებმაც გასულ უქმეებზე ჰელსინკში გამართულ ბოლო სალიცენზიო ტურნირში სამი საგზური მოიპოვეს - რევაზ ლაშხმა (60), ვლადიმერ გეგეშიძემ (84) და გურამ ფერსელიძემ (120).

ახლა მათ ანგარიშზე 6 ლიცენზიაა - ადრე ლონდონში გამოსვლის უფლება 66, 74 და 96 კილოგრამებშიც გაინაღდეს, უსაგზუროდ კი მხოლოდ 55-ში დარჩნენ.

ცუდი სალიცენზიო სტარტის შემდეგ (სამი ცდიდან მხოლოდ სამი საგზური დაისაკუთრეს) მათგან ასეთ წარმატებას, ალბათ, არავინ ელოდა, მაგრამ მოჭიდავეებმა შანსი კარგად გამოიყენეს. წინა ოლიმპიადასთან
შედარებით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან პეკინში ბერძენ-რომაელები ხუთ წონაში გამოვიდნენ.

გუშინდელი შეხვედრაც სეოკ-ში ჩვეული ფორმატით ჩატარდა - პრესკონფერენცია, მილოცვები, მისასალმებელი სიტყვა და ლიცენზიანტთა დაფაზე ხელმოწერის ცერემონიალი.

მოჭიდავეებს თავდაპირველად სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი მიესალმა.
"ჰელსინკში ჩვენი გუნდის ოთხი წევრი იბრძოდა საგზურისთვის და მათგან სამმა მოიპოვა კიდეც. 55 კილოგრამში ძალიან ცოტა დაგვაკლდა ლიცენზიამდე - კიდევ ერთი შანსი რომ იყოს, ვფიქრობ, იქაც გავინაღდებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტი შესაძლებლობა აღარ გვეძლევა.

ჩემი აზრით, გუნდმა ძალიან კარგ შედეგს მიაღწია - შვიდიდან ექვსი ლიცენზია მოიპოვა. ასევე, გამორჩეულია მთლიანად ფედერაციის მიღწევაც - ორივე სახეობის ჭიდაობაში ჯამში 13 საგზური დავიმსახურეთ. ასეთი შედეგი კი მხოლოდ ერთხელ გვქონდა, ოღონდ მაშინ 8 წონითი კატეგორია იყო - ის 13 ლიცენზია 16 შესაძლებლიდან მოვიპოვეთ, ახლა კი - 14-დან.

ძიუდოსაც თუ მივათვლით, მთლიანად საჭიდაო სახეობებში 20 საგზურია მოპოვებული, რაც შთამბეჭდავი შედეგია. ვიმედოვნებ, ლონდონში რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება - ამ ოცეულიდან ყველას შეუძლია მედლის მოპოვება.

ბუნებრივია, მსოფლიოს ჩემპიონატებში აღებული ლიცენზია პრესტიჟულია, მაგრამ ჰელსინკში რაკი ბოლო შანსი იყო ყველასთვის, იმდენად ძნელი ორთაბრძოლები გაიმართა, ეს ტურნირი დაძაბულობით მსოფლიოს პირველობას არ ჩამოუვარდებოდა.

მონაწილეები გაორმაგებული შემართებით იბრძოდნენ, თუმცა მაინც არაერთი ტიტულოვანი ფალავანი დარჩა ულიცენზიოდ, ბევრმა ძლიერმა გუნდმა ვერ მოიპოვა სრულად ლიცენზია. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში"
- განაცხადა მან.

ჰელსინკში დამსახურებული საგზურებით საქართველოს ოლიმპიური გუნდის რაოდენობა 28-ამდე გაიზარდა, თუმცა, როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, კიდევ ორი საგზურია მოპოვებული, ოღონდ ამას ჯერ არ ახმაურებენ.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ორიდან ერთი ველური ბარათითაა, თუმცა რადგან ის სპორტსმენი ჯერ ისევ აგრძელებს გამოსვლას სალიცენზიო შეჯიბრებებში და - საკმაო წარმატებითაც, საგზურის მოპოვების შანსსაც ინარჩუნებს. ამიტომ უმალავენ მასაც და მწვრთნელსაც ამ ამბავს, იქნებ თავისითაც მოიპოვოსო.

პრესკონფერენციაზე ნაცვლიშვილი ლიცენზიების ზოგად თემასაც შეეხო და გამოთქვა იმედი, რომ საერთო რაოდენობით ადრინდელ მაჩვენებლებს გავუთანაბრდებით. საგზურებისთვის ბრძოლას ჩვენები ჯერ ისევ აგრძელებენ სპორტის 7 სახეობაში - მძლეოსნობაში, პლაჟის ფრენბურთში, ცურვაში, მშვილდოსნობაში, ჩოგბურთში, ნიჩბოსნობასა და ველოსპორტში. ამ სახეობებში მთლიანობაში 20 ლიცენზიაა გასაცემი.

ცხადია, ყველას ჩვენ ვერ მოვიპოვებთ, მაგრამ ნაცვლიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ მშვილდოსანთა წარმატების შემთხვევაში ქართულ რეკორდზე - 36 საგზურზე ისევ გავალთ. ძალიანაც კარგი, მაგრამ მოიპოვებენ კი მშვილდოსნები გუნდურ ლიცენზიას? მათი ბოლოდროინდელი გამოსვლები ამაში სერიოზულად გვაეჭვებს, თუმცა არც სხვა სახეობებშია გარანტია.

პრესკონფერენციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა და ფალავნებს ისიც მიესალმა.
"წინა ოლიმპიადასთან შედარებით, ამჯერად ლიცენზიების მოპოვება გართულებული იყო. ამ ოლიმპიადისთვის ისეთმა ქვეყნებმა დაისა
კუთრეს საგზურები, ადრე საერთოდ რომ არ ჩანდნენ შეჯიბრებებზე. ჩვენი ფალავნების წარმატებული გამოსვლა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი - ორივე ნაკრებმა 13 ლიცენზია მოიპოვა.

ვეთანხმები იმ აზრს, რომ იმ ერთ წონაშიც შეგვეძლო საგზურის აღება. მთლიანობაში, ბიჭებმა გვასახელეს და ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ საგზურების მაქსიმალური რაოდენობა მოგვეპოვებინა.

ახლა მზადების დასკვნითი ნაწილი იწყება და იმ დონეზე უნდა მოვემზადოთ, ოლიმპიური მედლის მოპოვების ყველა შანსი გამოვიყენოთ. მწვრთნელებიც და სპორტსმენებიც მზად არიან ამისთვის. პროგნოზების გაკეთებას ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ძალიან მინდა, ლონდონიდან წარმატებით დავბრუნდეთ"
.

ტურნირის შესახებ და ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ გეგმაზე ბერძენ-რომაელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას გავესაუბრეთ.
"წინა ოლიმპიადასთან შედარებით, ამჯერად ერთით მეტი ლიცენზია მოვიპოვეთ. უსაგზუროდ მხოლოდ 55-ში დავრჩით, სადაც სამივე ლიდერს მივეცით შანსი - გოდერძი დავითაძე სოფიაში გამოვცადეთ, ლაშა გოგიტაძე - ჩინეთში, ფინეთში კი ქემალ ხარაბაძე წავიყვანეთ.

სამწუხაროდ, იმედები ვერ გაამართლეს. დანარჩენ წონებში ლიცენზიები ძალიან დაძაბულ ბრძოლებში დავიმსახურეთ. ჰელსინკში ამ სამეულმა ყველაფერი გაიღო წარმატებისთვის. ლაშხმა სერბ დავორ სტეპანეკს, გეგეშიძემ კი სომეხ არტურ შაჰინიანს ბოლო წამებზე გამოგლიჯეს მოგებები.

ლაშხმა კარგად იჭიდავა. სერბთან დაკავშირებით კი მეც გამიჩნდა ეჭვი და ბევრ სხვასაც, რომ წონა არ დაუკლია - სასწორთან სერბები იდგნენ. ის ძალიან ბევრს იკლებს - 8-10 კილოგრამს, მაგრამ იქ დაკლებულისა არაფერი ეტყობოდა. ფერსელიძეს რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევი ფინალამდე ასცდა, დანარჩენებს კი იოლად მოუგო.

ფინალში ბაროევთან ხელის ტრავმის გამო არ უჭიდავია, თუმცა საშიში არაფერია. ის შეხვედრა არაფერს წყვეტდა და არც გავრისკეთ, რადგან მალე - 19 მაისს ამერიკელებთან გვიწევს გუნდური შეხვედრა.

ამერიკელები დიდი ხანია, გვთხოვდნენ ანალოგიურ პაექრობას და დიდი განსჯის მერე დავეთანხმეთ. იქ 16-ში გავემგზავრებით, იქიდან დაბრუნებულები კი 26-ში სომხეთში, წახკაძორში წავალთ საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე, რითაც ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულ მზადებას დავიწყებთ.

ამის შემდეგ ერთ შეკრებას დუშეთში გავივლით, მერე კი, ივნისის ბოლოს, გერმანიაში ან პოლონეთში აუცილებლად ვიასპარეზებთ ერთ ტურნირში. იქიდან მინსკში გავემგზავრებით "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე. დასკვნით შეკრებას კი საქართველოში გავივლით, ოღონდ დუშეთში თუ ბორჯომში, ეს ბოლოს გადაწყდება"
- გვითხრა დარჩიამ.

"ოლიმპიური რეკორდის კონტურები" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული