ქართველი ბერძენ-რომაელები "გორბის თასზე" - ამერიკაში

AutoSharing Option
16 მაისს, ღამით, საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდება, სადაც 19 მაისს მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან ოლიმპიადისთვის მზადების მიზნით საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა ამ მატჩს ლონდონის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს და იქ წასაყვანი შემადგენლობაც ამის გათვალისწინებითაა შერჩეული.

ამერიკაში ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) იჭიდავებენ.

როგორც ვხედავთ, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ცხადაია თავის მშობლიურ წონას - 66 კილოგრამს უბრუნდება;
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ კვირკველიას კი მწვრთნელი ბეგი დარჩია მორიგ შანსს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ამ წონაში ლიცენზია ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა და ევროპის მედალოსანმა ზურაბ დათუნაშვილმა მოიპოვა და ჯერჯერობით უპირველესი კანდიდატიც ისაა, მაგრამ საგზური ფედერაციას ეკუთვნის და არა სპორტსმენს. ამდენად, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი კვირკველიასაც რჩება.

ეს გუნდური შეჯიბრებაა - "გორბის თასი", რომლის ინიციატივაც ამერიკელებს ეკუთვნით, თუმცა ჩვენები კარგახანს თავს იკავებდნენ - მათ ჯერ ლიცენზიები ჰქონდათ სადარდელი და ამაზე ფიქრისთვის არ ეცალათ, თან გზის სიშორე ადარდებდათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ, რადგან საოლიმპიადოდ სტარტი სჭირდებათ.

მოგვიანებით ისინი კიდევ ერთ ტურნირში გამოვლენ - გერმანიაში ან პოლონეთში, თუმცა მანამდე მინსკში მიდიან შეკრებაზე. ამერიკიდან ისინი 23 მაისს დაბრუნდებიან და მალევე წავლენ ბელორუსში, სადაც სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ შეკრებას გაივლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგიტაძე გენაცვალე მამაშენოვიჩ:) გვისახელე უბანი
baraq
11:25 16-05-2012
0

სიახლეები პოპულარული