საქართველომ ამერიკას 4:3 მოუგო

AutoSharing Option
ამერიკულ ლაგრანდში ჩატარებულ "ქერბის თასზე" საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მასპინძელთა გუნდს 4:3 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ეს ამხანაგური შეხვედრა ამერიკელთა ინიციატივით გაიმართა და ლონდონის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთი ბოლო სატურნირო ეტაპი იყო.

ანგარიში თავიდანვე ქართველებმა გახსნეს და 2:0 დაწინაურდნენ - ჩვენი ნაკრების ულიცენზიოდ დარჩენილ ერთადერთ წონაში ლაშა გოგიტაძემ (55) სპენსერ მანგო ორ პერიოდში 2:0, 1:0 დაამარცხა, რევაზ ლაშხმა (60) კი ასევე ძირითად დროში ძალიან იოლად დაჯაბნა დმიტრი რიაბჩინსკი - 1:0, 4:0.

ამის შემდეგ უკვე მასპინძლებმა იმარჯვეს ასევე წყვილად და ანგარიში გაათანაბრეს
- მანუჩარ ცხადაია (66) მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსან იუსტინ ლესტერთან დამარცხდა (არადა, მას შარშან მსოფლიოს პირველობაზე ნახევარფინალში მოუგო), მანუჩარ კვირკველია კი - ბენ პროვისორთან.

შეხვედრა ამის შემდეგაც ქულა-ქულაში წარიმართა და ყველაფერი მძიმეწონოსანთა შერკინებამ გადაწყვიტა. დარჩენილი შეხვედრებიდან ვლადიმერ გეგეშიძემ (84) ჩაშ ბეტსთან ჩოქბჯენში კარგი ჭიდაობის ხარჯზე 2:0, 1:0 იმარჯვა და კვლავ წინ გაგვიყვანა - 3:2, რითაც სოსო ჯაბიძეს (96) გამარჯვებულის გამოვლენის შანსი მისცა.

მსოფლიოს პრიზიორ იუსტინ რუისთან შერკინებაში ჯაბიძეს ამის რეალური შანსიც ჰქონდა - მას შემდეგ, რაც მეტოქეებმა ჩოქბჯენში ვერ ივარგეს, ანუ ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, შეხვედრა დამატებითში გაგრძელდა. იქ ერთხანს თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ ჯაბიძე კისრულის მცდელობისას შეცდა და რუისმა ბეჭებზე დადო.

ჩვენს ნაკრებს გადამწყვეტი მოგება მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ მოუტანა, რომელმაც მეორე პერიოდში ჯვარიდან ჩინებულ სამქულიანზე გადააგდო მასზე ბევრად მძიმე მსოფლიოს მედალოსანი დრემილ ბიერსი. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკში, სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალშიც ბულგარელი ივან ივანოვი ჯვარიდან ზუსტად ასეთი გდებით გადააგდო სამქულიანზე. გეგეშიძესთან ერთად, მისი პროგრესიც თვალსაჩინოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული