ახალგაზრდები ევროპირველობისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
1 ივნისს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ერთბაშად ორ შეჯიბრებას მიეძღვნა - ანკარაში ჩატარებულ დიდ საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირს "ჩემპიონები" და "თავისუფალთა" ნაკრების მიერ მოგებულ ინდოეთის "დიდ პრიზს".

ანკარაში დიდი წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი ახალგაზრდები - ბერძენ-რომაელებმა 8 მედალი მოიპოვეს (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 6 ბრინჯაო), "თავისუფლებმა" - 7 (3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო).

ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონები იაკობ ქაჯაია (96) და ლევან არაბული (120) გახდნენ, შოთა გოგისვანიძე (120) მეორეზე გავიდა, რამაზ სურმანიძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), ლაშა გობაძე (74), რობერტ ქობლიაშვილი (84)
და კუკური კირცხალია (96) - მესამეზე.

"თავისუფალთაგან" ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (55), ჯუმბერ ყველაშვილმა (74) და ომარ გუსოშვილმა (96) მოიპოვეს, ვერცხლი - ლევან ქელეხსაშვილმა (60) და გიორგი მეშვილდიშვილმა (96), ბრინჯაო - ლაშა ბიტარაშვილმა (60) და ზურაბ იაკობაშვილმა (66).

ახალგაზრდა მოჭიდავეების ეს წარმატება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატზეც ასეთივე წარმატებით გამოვლენ, თუმცა მწვრთნელები მის ოპტიმიზმს არ დაეთანხმნენ და პროგნოზებში ბევრად ფრთხილნი იყვნენ.

როგორც იქნა, ჭიდაობის ევროპულსა და საერთაშორისო ფედერაციებს კალენდარის შეთანხმების ჭკუა ეყოთ. ამიტომ ევროპის პირველობა 19-24 ივნისს გაიმართება ზაგრებში, მსოფლიოს პირველობას კი 4-9 სექტემბერს ტაილანდური პატაია უმასპინძლებს.

ჩვენი ახალგაზრდული გუნდები 3-4 ივნისს უკვე დაიწყებენ ევროპირველობისთვის მზადებას, თუმცა მწვრთნელები შემადგენლობის დასახელებას არ ჩქარობენ. კაცმა რომ თქვას, გასარკვევიც არაფერია, რადგან საქართველოს ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირების შედეგებს თუ გადავხედავთ, ისედაც იოლი მისახვედრია, ვინ პირველი ნომერია და ვინ - მეორე.

რაც შეეხება ინდოეთის "დიდ პრიზს", ის ნიუ დელში გაიმართა და მასში საქართველოს, ინდოეთის, ირანის, იაპონიის, რუსეთის, აშშ-ს, პაკისტანის, ყაზახეთის, კანადის, ბელარუსის, ავსტრალიის, კორეის, ყირგიზეთის, შვეიცარიისა და შვედეთის გუნდები გამოდიოდნენ.

შეჯიბრება პირად პირველობაში ტარდებოდა, თუმცა იქ დაგროვილი ქულებით ჯამდებოდა გუნდური მაჩვენებელი და ასე ირკვეოდა მთავარი პრიზის მფლობელი.

ჩვენი ნაკრები ინდოეთში ასეთი შემადგენლობით გამოდიოდა: ბესარიონ გუჩაშვილი (55), გიორგი ბალიაშვილი (60), გიორგი ლობჟანიძე (66), იაკობ მაქარაშვილი (74), თორნიკე სვანიძე (84), დავით ქერაშვილი (96), გიორგი საკანდელიძე (120). ამათგან გუჩაშვილი, ქერაშვილი და საკანდელიძე თავიანთ წონებში ჩემპიონები გახდნენ, ლობჟანიძე კი მეორეზე გავიდა.

სხვებმა მედლები ვერ მოიპოვეს, მაგრამ გუნდს ჩასათვლელი ქულები მისცეს და გუნდურშიც პირველზე ჩვენები გავიდნენ. გეწაძის თქმით, დიზაინის მხრივ ეს ყველაზე დიდი და მასშტაბური თასია, რაც კი ჩვენებს მოუგიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული