ორივე გუნდის მონაგარი 5-5 მედალია, მაგრამ განსხვავებაა ხარისხში - ორივემ 4-4 ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა ბერძენ-რომაელებს 1 ოქრო აქვთ "თავისუფალთა" 1 ვერცხლის წილ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები ორივე სახეობაში მესამეზე გავიდნენ.
ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონი გიორგი კურტანიძე (46) გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელი ეკრემ ოზთურქი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები გიორგი ხუჭუამ (54), თემურ კვაჭაძემ (58), გელა ბოლქვაძემ (63) და ბექა კანდელაკმა (100)
"თავისუფლად" მოჭიდავეთაგან ფინალში გასვლა მხოლოდ გიორგი ჩხარტიშვილმა (76) შეძლო, მაგრამ ირანელ ალი მოჯერლოსთან ვერაფერს გახდა და წააგო. აქ მესამე ადგილზე შმაგი თოდუა (42), ტარიელ გაფრინდაშვილი (63), ომარ გურჯიძე (69) და ირაკლი მწითური (85) გავიდნენ.
ამ ტურნირს წინ რამდენიმე შიდა თუ უცხოური შეჯიბრება უსწრებდა, ყველა ერთად კი ევროპის ჩემპიონატისთვის ოპტიმალური შემადგენლობის ძიებას ემსახურება. ამიტომ მწვრთნელებმა კუშადასში ყველა კანდიდატი წაიყვანეს, თუმცა წინა ტურნირებზე ორივე გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე გარკვეულია.
ამის მიუხედავად, თურქეთში რამდენიმე წონაში მაინც ვიხილეთ ისეთი შედეგი, რაც კონკურენციას გაზრდის. ეს კი წარმატების წინაპირობაა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 17-22 ივლისს პოლონური კატოვიცე უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"