ახალგაზრდა ქართველი ბერძენ-რომაელები ოქროს გარეშე დარჩნენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა ერთი ვერცხლით და ორი ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა ზაგრებში, თანატოლთა ევროპირველობაზე.

კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ლევან არაბული (120) გახდა, რობერტ ქობლიაშვილი (84) და იაკობ ქაჯაია (96) კი მესამეზე გავიდნენ.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კიდევ ორ ქართველს ჰქონდა - დავით სანიკიანს (50) და ფირუზ წულუკიძეს (60), თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა დათმეს და მეხუთეზე დარჩნენ. გუნდურ ჩათვლაში მეოთხეზე გავედით.

ეს ნაკრები "თავისუფლებზე" უკეთ გამოვიდა, რომელმაც ერთადერთი ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა ესენიც ოქროს გარეშე დარჩნენ. თან, აქაც იმავე უცნაურობას უნდა გავუსვათ ხაზი - გუნდი
მოსამზადებელ პერიოდში ბევრად უკეთ გამოვიდა.

არაბულმა ფინალამდე სამი ორთაბრძოლა მოიგო და ყველა ძირითად დროში - ფინელ იუუსო ჰუოვინენთან, უნგრელ ბალინტ ლამსა და ბულგარელ მიროსლავ მეთოდიევთან, ფინალში კი გერმანელ კრისტიან ჯონთან ვერაფერს გახდა.

თუმცა ისიც დიდი შემართებით დაიწყო და პირველი პერიოდი ქულებით სუფთად მოიგო - 6:0. სამწუხაროდ, ოქროს მედალთან ასე ახლოს მისული მეორეში 3:8 დამარცხდა და დამატებითშიც უსუსურად გამოიყურებოდა - 1:7 წააგო. დებიუტანტი ქართველისთვის ფინალიც კარგი შედეგია, მაგრამ ასეთი წაგებაა გულსატკენი, რაც, იმედია, სამომავლო გაკვეთილად გამოადგება.

ქაჯაიამ სრულად გაამართლა ფავორიტის იმედი, თუმცა იქნებ მწვრთნელები მისგან ცოტა მეტსაც ელოდნენ. იგი ნორვეგიელ მომავალ ფინალისტ ფელიქს ბალდაუფთან დამარცხდა ნახევარფინალში - 0:1; 0:2, მანამდე კი სომეხ ვაჰე სიმონიანს დამატებითში, შვედ მიქაელ ნუბერგს კი ძირითადში აჯობა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც საკმაოდ იოლად იმარჯვა გერმანელ გაბრიელ ფიქსთან.

ქობლიაშვილს წილისყრამ ძლიერი მეტოქე არგუნა - რუსთა მომავალი ჩემპიონი სოსრუკო კოძოკოვი.

ჩვენებურმა კი იბრძოლა - 0:1-ზე დათმობილი პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში 2:0 მოიგო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ იქ რუსმა 2:0 იმარჯვა. ქობლიაშვილმა სანუგეშოში გადასვლის შემდეგ შანსი მაქსიმალურად გამოიყენა.

მით უფრო, იქ წილისყრის თავისებურებაც წაეხმარა - პირველ წრეში თავისუფალი იყო და მედლის მოსაპოვებლად ორი ორთაბრძოლის მოგება დასჭირდა. ოღონდ ამათგან პირველი უკრაინელ არკადი ბლიუმინთან დაძაბული გამოდგა - ქობლიაშვილი თავიდან 0:1 ჩამორჩა, მაგრამ მომდევნო ორში ჯამში 6:0 მოიგო. ავსტრიელ დანიელ გასტს ბევრად იოლად აჯობა და მესამეზეც გავიდა.

ვფიქრობთ, ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი მეტოქე სანიკიანს ერგო - თურქთა მომავალი ჩემპიონი ტოლგაჰან კარატასი. გარდა იმისა, რომ მან ოქრო მოიპოვა, უფროსთა ნაკრებშიც უკვე სტაბილურად გამოდის, ხოლო ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში, 2009 წლიდან მოყოლებული, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე უმედლოდ არასოდეს დარჩენილა.

მართალია, აქამდე ოქრო არ ჰქონდა, მაგრამ გამოცდილებით ბევრად აღემატებოდა ჩვენებურს, ოღონდ სანიკიანსაც მეტი მართებდა.

სანუგეშოში მხოლოდ ერთი შეხვედრა უწევდა ბრინჯაომდე და ისიც არა თურქივით სახიფათო მეტოქესთან, მაგრამ ებრაელ ანდრეი ცარიუკთანაც დიდი ანგარიშით წააგო - 0:7 ორ პერიოდში. ამ წონაში მწვრთნელები ყოველთვის აღნიშნავდნენ საკადრო პრობლემებს და ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ.

წულუკიძისგანაც ბევრად მეტს ველოდით, რადგან საქართველოს პირველობაზე ჯერ უფროსებში, მერე კი თანატოლებში კარგი ჭიდაობით დაგვამახსოვრა თავი. თან უფროსებში 66-ში გამოვიდა და კინაღამ ჩემპიონიც გახდა.

რაღაც უცნაური ბედისწერით, მან ყველა შეხვედრა დამატებითში იჭიდავა. პირველ წრეში ახალგაზრდებში აზერბაიჯანელთა ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ როვშან ტაგიევთან ჩამორჩენა გააბათილა და დამატებითში მოუგო, როგორც - თურქ ენეს ბასარს, მაგრამ ნახევარფინალში მომავალ ფინალისტთან, უფროსთა შორის ასევე გამოცდილ ბელარუს ანდრეი პიკუზასთან ბედის მესამედ შემოტრიალება ვერ შეძლო.

არადა, თავიდან იმასაც უგებდა. წულუკიძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლიტველ რამუნას დაგუსს მეორე პერიოდში 5:0 აჯობა, მაგრამ მესამე 0:2 დათმო.

რამაზ სურმანიძე (55) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა, ლაშა გობაძემ (74) ერთი შეხვედრა მოიგო, გიორგი დავითაიამ (66) - ორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული