მარცხი კარგი ჭიდაობით - ზურაბ დათუნაშვილის ზოგადქართული ხარვეზები

AutoSharing Option
5 აგვისტოს ოლიმპიადაზე მოჭიდავეთა ტურნირიც დაიწყო, რომელშიც ჯერ ბერძენ-რომაელები ჩაებნენ.

ჩვენგან გუნდის დებიუტანტმა, 20 წლის ზურაბ დათუნაშვილმა (74) იჭიდავა და თუმცა უმედლოდ დარჩა, უნიათო ჭიდაობას და უგერგილობას ვერ დავწამებთ. მით უფრო, მან დამაჯერებლად მოიგო პირველი ორი შეხვედრა და არც მესამეში გამოიყურებოდა ურიგოდ...

საწყის ორ ეტაპზე ჩვენებურმა სამხრეთკორეელი ჯინჰეოკ კიმი და ამერიკელი ბენჯამინ პროვისორი აოტა ძირითად დროში იოლად დაამარცხა.

კორეელს პირველივე პერიოდიდან დაატყდა რისხვად - 5:0 მოიგო, მეორეში კი ჩოქბჯენში თავი კარგად დაიცვა და ერთი მომგებიანი ქულა მიითვალა (იხილეთ ვიდეო).

ამერიკელთან
შეხვედრაც მსგავსი სცენარით წარიმართა, ოღონდ შებრუნებით - აქაც ერთ პერიოდში იმარჯვა დიდი უპირატესობით, ოღონდ - მეორეში, როცა მეტოქე ვარდნაში მშვენივრად გადმოიღო სამქულიანზე, რასაც მალევე ორქულიანი ტრიალიც მიაყოლა, ბოლოს კი წრიდან გაყვანისთვის მეექვსე ქულა მიიღო, რაც პერიოდის წმინდად მოგებას ნიშნავს (იხილეთ ვიდეო).

პირველში აქ 1:0 იმარჯვა და ეს ქულაც კვლავ ჩოქბჯენში თავის დაცვისთვის მიიღო.

ამდენად, ეს ორი შეხვედრა დათუნაშვილმა ჩინებული შედეგით მოიგო - 13:0. იქნებ მეტოქეები არ იყვნენ ძალიან ძლიერები, მაგრამ ორ შეხვედრაში ამდენი ქულა და თან ისე, რომ თვითონ ერთიც არ დაუკარგავს, მშვენიერი შედეგი იყო. მით უფრო, რომ დამაჯერებლად ჭიდაობდა და მაღალი ხარისხი გამოავლინა.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი ემინ აჰმადოვი აღმოჩნდა, რომელმაც წინა შეხვედრაში ხორვატი მსოფლიოს პრიზიორი ნევენ ზუგაი დაამარცხა.

წინასწარი მონაცემებით, ამ წონაში აზერბაიჯანელები ევროპის ჩემპიონ რაფიკ გუსეინოვს აყენებდნენ, 22 წლის აჰმადოვი კი კანდიდატადაც არ განიხილებოდა - მეორე ნომრად ელვინ მურსალიევს აყენებდნენ. აჰმადოვი აზერბაიჯანელთა თურქი მწვრთნელის - სალეჰ ბორას მოულოდნელი კოზირი იყო. თუ როგორ აღმოჩნდა ოლიმპიადაზე, ვერ გეტყვით...

დათუნაშვილმა მასთან შეხვედრაც წარმატებით დაიწყო - პირველი პერიოდი მოიგო და მეორეშიც ახლოს იყო მიზანთან, როცა მეტოქე ჩოქბჯენში ჩადგა, მაგრამ მისი დატრიალება ვერ შეძლო. ამ ორთაბრძოლის პირველი ორი პერიოდი ერთმანეთის იდენტური გამოდგა - ორივე 3:0 დასრულდა, ჩოქბჯენიდან კონკურენტის დატრიალება კი ვერცერთმა მოახერხა;

ორივემ თავი უბრალოდ კი არ დაიცვა, არამედ გდებაც დაუხურა მეტოქეს და ორი ქულა ასე მიითვალა, რასაც მესამე ქულა დაცვაში წარმატებული ჭიდაობისთვის დაუმატეს.

მესამე პერიოდი ჩვენთვის დრამატული გამოდგა, სადაც ქართველის მინუსები გამოჩნდა - მას ცოტათი დაღლაც დაეტყო და თან ერთ მომენტში ძალიან ადვილად დაუთმო თავი, მეტოქეს ჯვარზე შეკვრის საშუალება უპრობლემოდ მისცა. მეტოქემ პირველი ქულა ასე მიითვალა.

ამ მომენტიდან დათუნაშვილს უკვე ეტყობოდა, რომ თავისი საფირმო ილეთის გასაკეთებლად - თავზე გადასახტომად ემზადებოდა. ცხადია, მისი ეს "მფრინავი გდება" აჰმადოვმაც კარგად იცოდა და ფრთხილად იყო, თუმცა მცირეოდენი სამზადისი და დათუნაშვილი მაინც გადაახტა თავზე.

ნახტომი მთლად ზუსტად ვერ შეასრულა, მაგრამ მეტოქეს ზურგიდან კი მოექცა და ჩოქბჯენში ჩასაყვანად მშვენიერი შანსი მიიღო. სამწუხაროდ, აზერბაიჯანელმა არ დააცალა. პირიქით, შეკვრაც მოახერხა და მშვენიერი უკუგდებით სამქულიანზე გადააგდო (იხილეთ ვიდეო).

4:0 - ასე მოიგო აჰმადოვმა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მართლაც ძლიერად მოჭიდავე სომეხ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ არსენ ჯულფალაკიანთან დამარცხდა და ჩვენებურიც გავარდა.

ეჭვი არაა, რომ დათუნაშვილის სახით ძლიერი ფალავანი გვეზრდება, რომელიც ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს თამაშებამდე იტყვის სათქმელს და იმ ოლიმპიადაზეც გაგვახარებს. ისიც ცხადია, რომ ამჯერად გამოუცდელობამაც დააზარალა, მაგრამ ჩვენი ჭიდაობისთვის სიმპტომური რამდენიმე ხარვეზიც გამოავლინა.

მაგალითად, ჩოქბჯენში დაცვაში უშეცდომოდ იჭიდავა, მაგრამ შეტევაში ვერ ივარგა და ნახევარფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი გაანიავა.

არახალია, რომ ჩვენს ფალავნებს უჭირთ ამ კომპონენტში. საქართველოს ჩემპიონატზე რამდენჯერმე ისეც მოხდა, როცა არჩევისას ფალავანმა (მათ შორის - საკმაოდ ცნობილებმაც) ჩოქბჯენში ქვევით არჩიეს დადგომა - ალბათ, "ზევიდან" არც თავის იმედი ჰქონდათ და თან იცოდნენ, ვერც მეტოქე დაატრიალებდა.

ალბათ, ფიზიკური მომზადებაც გასაუმჯობესებელია...

სორიანის ახდენილი ოცნება
ამ წონაში რუსმა რომან ვლასოვმა გაიმარჯვა - ფინალში ჯულფალაკიანი ძირითადი დროის თითო პერიოდში მინიმალური ანგარიშით, 1:0; 1:0 დაამარცხა. ის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, თუმცა მაინცდამაინც "ვარსკვლავის" შთაბეჭდილება ვერ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ კარელინის მწვრთნელ ვიქტორ კუზნეცოვის მოსწავლეა. ჯულფალაკიანს ცოტა დააკლდა მამამისის - ლევონის მიღწევის გამეორებამდე, რომელიც სეულის ოლიმპიადის ჩემპიონია, ახლა კი სეკუნდანტად ეჯდა შვილს. ევროპის ჩემპიონ არსენის კარიერაში ეს დიდი ტურნირების მეორე ვერცხლია - 2010-ში მსოფლიოს ფინალიც წააგო.

ამ წონაში ლიტველი ალექსანდრ კაზაკევიჩის ბრინჯაო დიდი წარმატებაა. მესამეზე გასვლით უკმაყოფილო არც აჰმადოვი უნდა იყოს, რომელმაც ბრინჯაო ბელარუს ევროპის ჩემპიონ ალექსანდრ კიკინაუს წაართვა.

55 კილოგრამში ისეთი ფინალი გაიმართა, წასაგებად ორივე მეტოქე შეგეცოდებოდა - აზერბაიჯანელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, დედით ქართველი როვშან ბაირამოვი ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, იქით კი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი, ირანელი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჰამიდ სორიანი იდგა.

ირანელი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, თუმცა მოიგო 2005-10 წლებში გამართული მსოფლიოს უკლებლივ ყველა, ხუთივე ჩემპიონატი. ეს ტურნირი 2008 წელს ოლიმპიადის გამო არ გაიმართა და იმ პერიოდში ირანელმა მხოლოდ პეკინის თამაშები ჩააგდო, თუმცა ბრინჯაოსთვის იქაც იჭიდავა.

ლონდონში მან ოცნება აისრულა და აქამდე მოუგებელი ერთადერთი დიდი შეჯიბრება - ოლიმპიადაც მოიგო.

საცოდაობა იქნებოდა, ამ დონის ფალავანს კარიერა ოლიმპიური ოქროს გარეშე დაესრულებინა, 25 წლის ბაირამოვი კი ისევ ვერცხლს დასჯერდა.

ცხადია, ოქრო მასაც დაამშვენებდა, მაგრამ მისი უოქროობა უფრო ნაკლებად ალოგიკურია, ვიდრე - ირანელისა, რომელიც უფრო დიდი ტალანტია. თუმცა ასაკიდან გამომდინარე, ორივე სპორტსმენს აქვს კიდევ ერთ თამაშებზე გამოსვლის შანსი.

ევროპის რამდენიმეგზის უნგრელი მედალოსანი პეტერ მოდოსი ტიტულს ვერც ამჯერად შესწვდა, თუმცა უმედლოდ მაინც არ დარჩა - მესამეზე გავიდა. მეორე ბრინჯაოს რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი, ყალმუხი მინგიან სემენოვი დაეუფლა, რომელიც პირველივე შეხვედრაში ბაირამოვთან დამარცხდა.

კვარცხლბეკი
55 კგ.
1. ჰამიდ სორიანი (ირანი); 2. როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი); 3. პეტერ მოდოსი (უნგრეთი), მინგიან სემენოვი (რუსეთი).

74 კგ.
1. რომან ვლასოვი (რუსეთი); 2. არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი); 3. ალექსანდრ კაზაკევიჩი (ლიტვა), ემინ აჰმადოვი (აზერბაიჯანი). 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული