ქართველები ოლიმპიადაზე: მოპოვებული ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის 6 აგვისტო ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა ბერძენ-რომაელთა სამეულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად კარგად იასპარეზა - რევაზ ლაშხი (60) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ვლადიმერ გეგეშიძემ (84) და გურამ ფერსელიძემ (120) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს...

ჯერ კიდევ 6 აგვისტოს დილით ასეთ შედეგს ვერავინ წარმოვიდგენდით, თუმცა ოლიმპიადაზე საჭიდაო შეჯიბრებამ, როგორ შეიძლება, ჩვენთვის სკანდალურად არ ჩაიაროს და ახლაც მსაჯებს გეგეშიძის ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გაუგონარი წესები რომ არ მოეგონებინათ, შედეგი უკეთესი გვექნებოდა...

მომხდარი უსამართლობის მიუხედავად, მაინც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა ზედ
საოლიმპიადოდ დასძლია ჩავარდნა და მას შემდეგ, რაც ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულ მზადებაზე გადავიდა, საგრძნობლად მოუმატა.

Sportall.Geპროგრესი ისეთ ფალავნებსაც დაეტყოთ, რომლებიც მანამდე ვერაფრით ახერხებდნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. თან ეს წინსვლა არ იყო უმნიშვნელო.

გავიხსენოთ თუნდაც ის შეხვედრები, როცა მძიმეწონოსანმა ფერსელიძემ ამ ზორბა მეტოქეების ზურგს უკან გდებები დაიწყო... ასეთი თამამი ფანდი შემსრულებლისგან არაადამიანურ ფიზიკურ ძალას მოითხოვს, მაგრამ ერთი სიამოვნებაა მაყურებლისთვის...

ასევე საგრძნობი წინსვლა ჰქონდა ვლადიმერ გეგეშიძესაც, რომელმაც ლიცენზიისთვის ბრძოლაში საოცარი მოგება მიითვალა აქტივში, თუმცა რად გინდა - მსაჯებმა ყველაფერი წყალში ჩაუყარეს.

აქ არაფერს ვამბობთ ნაკრების ტიტულოვან წევრებზე, რადგან მათი აღმასვლა არც გვიკვირდა. ალბათ, გუნდის შრომა უნდა დაფასებულიყო და ასეც მოხდა...

ქართული სამაია ლონდონში
ქართულმა ტრიომ "ექსელ-ცენტრში" გამოსვლა ლამის ერთდროულად დაიწყო და სამივემ წარმატებით იჭიდავა, ოღონდ გეგეშიძეს მეგობრებზე ბევრად მეტი ჯაფა დაადგა - დამატებითი დრო დასჭირდა. თუმცა ყველაზე ძლიერი მეტოქეც მას ჰყავდა - ირანიდან აზერბაიჯანში გადაბარგებული მსოფლიოს მესამე პრიზიორი სამან აჰმან ტახმასები.

Sportall.Geგეგეშიძემ ის პირველ პერიოდში შედეგიანად დაატრიალა, პრობლემების გარეშე და ერთი ქულა მიითვალა. მეორეში უკვე თვითონ ჩადგა ჩოქბჯენში და კარგა ხანსაც უძალიანდებოდა, წარმატებით იცავდა თავს, თუმცა ბოლო წამებზე მეტოქემ მაინც მოახერხა დატრიალება.

ოღონდ საკითხავია, დაასრულა თუ ვერა ეს მოძრაობა, რომელიც გეგეშიძემ დაუხურა, თუმცა არბიტრმა ტრიალი ჩაუთვალა, რაც ჩვენებმა გააპროტესტეს, ოღონდ - უშედეგოდ.

გეგეშიძემ მთელი ჯავრი მესამე პერიოდში იყარა, სადაც საქმე ისევ ჩოქბჯენამდე მივიდა, რომელშიც აზერბაიჯანელი ჩადგა. ლადომ თავისუფლად აიტაცა ლეიბიდან და ძალზე ჭკვიანურად მოიქცა - წრის კიდეზე მიიყვანა, სადაც გარეთ გადააგდო. ასე მოიგო მან ეს შეხვედრა - 2:1 პერიოდებში.

ამ დროს ლაშხი და ფერსელიძე იოლად უსწორდებოდნენ მეტოქეებს. ფიზიკური ჯანით გამორჩეულმა ფერსელიძემ ჩილელი ანდრეს ანტონიო აიუბ ვალენსუელა ასევე იოლად ატრიალა და 2:0; 2:0 მოუგო.

დიდი ჯაფა არც ლაშხს დასდგომია ეგვიპტელ საიედ აბდელმონემ ჰამედთან - პირველ პერიოდშიც ორჯერ უპრობლემოდ მოიპოვა თითო ქულა, ხოლო მეორეში სულაც თავბრუ დაახვია - ხელში აიტაცა და ხუთქულიანზე გადააგდო. მანამდე ერთი ქულაც ჰქონდა მოპოვებული და პერიოდი სუფთად მოიგო (იხილეთ ვიდეო).

ამის შემდეგ ჩვენებურთა გზები გაიყო და მივყვეთ ქართველთა კვალს ცალ-ცალკე.

ჩვენს ტრიოს პირველი გურამ ფერსელიძე გამოაკლდა, ნახევარფინალში კი გეგეშიძეც დამარცხდა, რომელსაც მსაჯები რატომღაც "გადაემტერნენ" - მის ყველა შეხვედრაში იყო საკამათო ეპიზოდები, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრამ ყველაფერი გადაფარა...

ლაშხმა ისტორიას არ დაუთმო
ბოSportall.Geრჯომელ ევროპის ჩემპიონ ლაშხს მეოთხედფინალში რუსთა დაღესტნელ-ავარელი მსოფლიოს პრიზიორი ზაურ კურამაგომედოვი ელოდა, რომელიც ტალანტთა კატეგორიას არ მიეკუთვნება.

ლაშხმა მასთან ჭიდაობა ტაქტიკურად სწორად წარმართა, სადაც, ძირითადად, ჩოქბჯენში კარგი ჭიდაობით იმარჯვა.

განსაკუთრებით საინტერესო მეორე პერიოდი მომეჩვენა, როცა პირადი მწვრთნელი, თავადაც ოლიმპიური პრიზიორი აკაკი ჩაჩუა პირდაპირ მოუწოდებდა, როგორმე წუთნახევარი გაეძლო და საქმე ჩოქბჯენამდე მიეყვანა. არადა, იქ დაბლა ჩადგომა მას უწევდა, ანუ ჩვენებს დაცვისა ეიმედებოდათ.

საბოლოოდ ასეც მოხდა - ლაშხმა თავი კარგად დაიცვა და ნახევარფინალში გავიდა (იხილეთ ვიდეო).

აი, იქ უპრინციპულესი მეტოქე ელოდა და ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასიც იყო - აზერბაიჯანელ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ჰასან ალიევს ხვდებოდა, რომელსაც შარშან დორტმუნდში ევროპის პირველობის ნახევარფინალში მოუგო და მისი ლამის სამწლიანი წაუგებელი კარიერა შეწყვიტა - ალიევმა უფროსებამდე დუბლი ახალგაზრდებშიც გააკეთა.

Sportall.Geაზერბაიჯანელმა მოგვიანებით აღიარა, რომ იმ წაგებამ ძილი გაუფრთხო და მოსვენება დაუკარგა, მსოფლიოს შარშანდელი პირველობის წინ კი რევანშით დაიქადნა. მაშინ ორივე ნაადრევად გავარდა, თუმცა რევანშის შესაძლებლობა ვერც ახლა გამოიყენა. ეტყობა, ლაშხმა კარგად მოარგო გასაღები მის სტილს.

ჩვენებურმა მხოლოდ მეორე პერიოდში დაკარგა შეხვედრის სადავეები, პირველი და მესამე კი მჭიდრო, შეკრული ჭიდაობით დამაჯერებლად მოუგო (იხილეთ ვიდეო).

ფინალში აშკარად გვერჩივნა, იაპონელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუიტარო მაცუმოტო შეხვედროდა და არა ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ომიდ ნოროოზი - ლაშხმა მაცუმოტო შარშან მსოფლიოზე იოლად დაჯაბნა, მაგრამ ირანელი ამ ეტაპზე იაპონელზე ძლიერიცაა და - ქართველზეც...

სამწუხაროდ, მან ჩვენებურს შანსი არ დაუტოვა და ორივე პერიოდში, მართალია, მხოლოდ 1:0; 1:0 იმარჯვა, მაგრამ მთელი შეხვედრა ფლობდა ინიციატივას (იხილეთ ვიდეო).

ამდენად, რევაზ ლაშხი ვერცხლს დასჯერდა, მაგრამ კბილი არც მედალს გაესინჯება - ესეც მშვენიერი შედეგია.

გეგეშიძის დრამა
როგორც გითხარით, გეგეშიძის ყველა შეხვედრა საკამათო იყო. ერთადერთი, უკრაინელ ევროპის ჩემპიონ ვასილ რაშიბასთან არ იყო არაფერი საჭოჭმანო იმის მიუხედავად, რომ აქაც დამატებითი დრო დასჭირდა (იხილეთ ვიდეო).

Sportall.Geსაერთოდ, მან თანაგუნდელებზე უფრო ძნელი გზა გაიარა ნახევარფინალამდე და ვფიქრობთ, იქ დაღლილიც გავიდა საჭიდაოდ ოს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალან ხუგაევთან - მალევე მოუწია ეს შეხვედრა და დასვენება ვერ მოასწრო. თუმცა მან თავისი საქმე იქაც გააკეთა და, ვფიქრობთ, მსაჯებმა პირველ პერიოდში ქულები დააკლეს.

ოსის ტრავმების და თავის გადახვევის გამო არაერთგზის გაჩერებული ამ ბრძოლის პერიოდები გეგეშიძემ 1:3; 0:3 დათმო, თუმცა ეს არაფერია დამამშვიდებლის ფინალში ყაზახ დანიელ გაჯიევთან მომხდართან.

აქ ძირითად დროში ჩვენებურმა თავიდან ჩოქბჯენში წარმატებით დაიცვა თავი, თუმცა მეორეში იმავე მდგომარეობიდან თვითონ ვერ დაატრიალა მეტოქე. არადა, ერთი ქულაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

მთავარი ამბები დამატებით დროში მოხდა და ისევ ჩოქბჯენში. ამჯერად თავს ქართველი იცავდა და წარმატებითაც - არათუ არ დაუთმო არაფერი, იქით დაუხურა და მსაჯმაც ორი ქულა მისცა. არბიტრებმა გადაწყვეტილება ყაზახთა პირველი პროტესტის მერეც ძალაში დატოვეს, მაგრამ ხელახლა განიხილეს და ჩვენებურს შედეგი გაუუქმეს, სანაცვლოდ კი ყაზახს მისცეს ერთი ქულა (იხილეთ ვიდეო).

რატომ, რა მიზეზით - ვერ გეტყვით, რადგან ქართველმა ის ტრიალი წესების დაცვით დახურა. შესაძლოა, მსაჯებმა წრიდან გასვლა დაინახეს, ანუ ვიდრე მეტოქეს ხალიჩიდან სწევდა, სხეულის წინა ნაწილით გავიდა გარეთ...

Sportall.Geმოგვიანებით გეგეშიძემ ისევ დაკარგა ერთი ქულა, მაგრამ ეს უკვე არაფერს ნიშნავდა - იმ დროს შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ აღმოჩნდა გეგეშიძის ამდენი შეხვედრა საკამათო... მხოლოდ ხუგაევთან ორთაბრძოლაზე შეგვიძლია ეჭვის გამოთქმა - მანამდე ლაშხმა მოუგო რუსთა ფალავანს. ამ დროს მათი მესამე მონაწილე, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მძიმე წონაში ხასან ბაროევი გავარდნილი იყო, ამდენ წაგებას კი რუსები არ დაუშვებდნენ.

აკი ხუგაევი მერე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა, როცა ფინალში ეგვიპტელი ოლიმპიური ჩემპიონი, ოღონდ - 96 კილოგრამში, მართლაც ფენომენალური კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმი დაამარცხა, მაგრამ ყაზახთან შეხვედრა რაღა იყო? ნუთუ აქაც რუსულ-კავკასიური კვალია?

ცნობისათვის - გაჯიევი ყაზახეთში გადაბარგებული დაღესტნელია.

ფერსელიძის მაქსიმუმი
Sportall.Geფერსელიძეც უმედლოდ დარჩა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი ლოგიკურად მიგვაჩნია. ჩვენებურმა მოსაგები შეხვედრები მოიგო და წასაგები წააგო, ანუ რეალურად ძლიერ ფალავნებთან დამარცხდა.

პირველად კუბელ ოლიმპიურ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ მიჯაინ ლოპეს ნუნიესთან წააგო; მერე დამამშვიდებლის ფინალში - თურქ მსოფლიოს ჩემპიონ რიზა კაიაალპთან, რომელიც მანამ კუბელმა გამოაგდო და მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე მარცხისთვის რევანში აუღო.

ორივე წონის გამოკვეთილი ფავორიტია და კუბელი კარიერაში მეორედ ძალზე იოლად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი - ფინალში ესტონელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჰეიკი ნაბი მისი ღირსეული კონკურენტი ვერანაირად ვერ იქნებოდა.

ესტონელს წილისყრამ გაუმართლა, რადგან კუბელი და თურქი ერთ მხარეს მოხვდნენ, ესტონელს კი არცერთ სოლიდურ ფალავანთან არ მოუხდა შეხვედრა (სხვათა შორის, ის მსოფლიოზეც ასე გაძვრა ოქრომდე 2006 წელს, როცა 96-ში ჭიდაობდა).

Sportall.Geფერსელიძემ დამამშვიდებელში ერთი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მოგებასაც გააჩნია - ეგვიპტელი აბდელრახმან ელტრაბილი დამატებით დროში დაამარცხა და სამჯერ გაუკეთა თავისი გმირული უკუგდება.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მეორე პერიოდის მიწურული იყო, როცა 1:0-ს იგებდა, მაგრამ მაინც შეეკრა და სამქულიანზე გადააგდო იმის მიუხედავად, რომ ამას კონტრშეტევის დიდი რისკიც ახლდა. ამ მომენტში ჩვენებურმა შესაშური მებრძოლი სული გამოავლინა.

ამდენად, ოლიმპიადის მეორე დღე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ერთი ვერცხლით დავამთავრეთ. დაველოდოთ 7 აგვისტოს გასამართ შეხვედრებს და წარმატების იმედი დავიტოვოთ.

კვარცხლბეკი
60 კგ
1. ომიდ ნოროოზი (ირანი); 2. რევაზ ლაშხი (საქართველო); 3. ზაურ კურამაგომედოვი (რუსეთი), რუიტარო მაცუმოტო (იაპონია).

84 კგ

1. ალან ხუგაევი (რუსეთი); 2. ქარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმი (ეგვიპტე); 3. დანიალ გაჯიევი (ყაზახეთი), დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი). 5. ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო).

120 კგ

1. მიჯაინ ლოპეს ნუნიესი (კუბა); 2. ჰეიკი ნაბი (ესტონეთი); 3. რიზა კაიაალპი (თურქეთი), იოჰან მაგნუს ეურენი (შვედეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული