წაგებულის შემობრუნება - როგორ უნდა მოვემზადოთ შეჯიბრებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე.

ამ უმთავრესი შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი ბორჯომელი რევაზ ლაშხი (60) გახდა (იხილეთ ვიდეო), მესამეზე კი ხობელი მანუჩარ ცხადაია (66) გავიდა (იხილეთ ვიდეო).

ორივე სპორტსმენის მიღწევა დიდი წარმატებაა მათი მშობლიური რაიონებისთვის. ამასთან, თბილისელი ვლადიმერ გეგეშიძე (84) და ხელვაჩაურელი გურამ ფერსელიძე (120) მეხუთეზე გავიდნენ, ზურაბ დათუნაშვილი (74) - მეშვიდეზე. თუმცა გეგეშიძეზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეხუთეზე მსაჯებმა გაიყვანეს და უმედლოდაც მათ დატოვეს, თორემ შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა.

ასევე გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვექნებოდა, ცხადაიას
ჩვეული შეცდომა რომ არ დაეშვა და ნახევარფინალში უნგრელისთვის მოგება არ ეჩუქებინა.

გუნდის გამოსვლა სტატისტიკაში ასე შეიძლება შევაფასოთ: 6 წევრიდან ორმა მედალი მოიპოვა, ოთხმა მედლისთვის იჭიდავა და სამი ნახევარფინალისტი გვყავდა.

Sportall.Geურიგოდ არც მეხუთე მონაწილე გამოსულა - 21 წლის დათუნაშვილი, რომელიც გუნდში ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე გამოუცდელია. მას ეროვნულ ნაკრებში ევროპის პირველობაზეც არ უჭიდავია, ისე იასპარეზა ოლიმპიადაზე და თავი არ შეურცხვენია.

შედეგებიდან ისე ჩანს, რომ 96 კილოგრამში ჩავარდნა გვქონდა, თუმცა წილისყრიდან და შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მთლად ასეც ვერ ვიტყვი - ამ ნაკრებიდან წილისყრამ ყველაზე მეტად სოსო ჯაბიძე დაჩაგრა, თუმცა ბულგარელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ელის გურთან ფარ-ხმალი არ დაუყრია და რაც შეეძლო, იბრძოლა.

მეტოქე უფრო გამოცდილია და გარკვეულ კომპონენტებში აჯობა, რამაც მისი მოგება განაპირობა, მაგრამ უგულოდ არც ქართველს უჭიდავია და არც უსუსურად გამოიყურებოდა. მართალია, ძლიერთან მოგების გარეშე ჩემპიონი ვერ გახდები, მაგრამ ბედი და იღბალი რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ვგონებ, საკამათო არაა. ჯაბიძესაც ცოტა რომ გამართლებოდა, პირველივე წრიდან არ გამოვარდებოდა.

თუმცა ამ ერთი წონის გარეშეც ნაკრების გამოსვლა დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან გუნდმა მიზანმიმართული მუშაობით კარგ შედეგს მიაღწია. ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ სეზონის დასაწყისში ამ გუნდისგან საერთოდ არაფერს ველოდით, არათუ მედლებს, ხოლო ასეთ გამოსვლას ყველაზე თამამი ოპტიმისტები თუ იფიქრებდნენ.

სეზონის დასაწყისში, როცა ძირითადი სალიცენზიო ტურნირი - მსოფლიოს პირველობა უკვე მომთავრებული იყო, აქტივში მხოლოდ ერთი ლიცენზია გვქონდა. თუმცა მთავარი უბედურება ის იყო, რომ გუნდი ძალიან სუსტად გამოვიდა. მართალია, მასში კვლავაც კრთოდნენ ვარსკვლავები, მაგრამ არ ჩანდა მომზადება, პერსპექტივა, მწყობრი სისტემა...

სურათი "ნისლიანი ალბიონივით" კიდევ უფრო ჩაამუქა ევროპის წლევანდელმა პირველობამ, სადაც ცხადაიას ვერცხლის ამარა დავრჩით (იქ 74-ში გამოვიდა), დანარჩენები კი მედალს ვერ მიუახლოვდნენ. თუმცა გეგეშიძის მეშვიდეზე დარჩენის გამო მსაჯებზე იქაც გვეთქმოდა საყვედური...

ერთი სიტSportall.Geყვით, ლონდონში მიმავალი გუნდის ირგვლივ ბრიტანეთისთვის დამახასიათებელი ბურუსი და გაურკვევლობა იდგა.

თუმცა ჩათავდა კონტინენტის პირველობა, მწვრთნელ-სპორტსმენებმა გადაიტანეს კრიტიკა და თავჩარგულები შეუდგნენ ოლიმპიადისთვის მზადებას. თვალსაჩინო პროგრესიც მალევე განიცადეს და ბიჭებმა თანდათან უმატეს, გზად კი ბრიტანული მარგალიტივით აკრიფეს ლიცენზიები.

საბოლოოდ 6 საგზური მოიპოვეს და მხოლოდ 55-ში დარჩნენ ოლიმპიადის მიღმა, თუმცა ერთია ლიცენზია და მეორე - ჭიდაობის ხარისხი. აი, სწორედ ეს გვაძლევდა ოპტიმიზმს - ბიჭები ტურნირიდან ტურნირამდე უმატებდნენ, ლიდერები ფორმასა და ვარსკვლავურ სიკაშკაშეს იბრუნებდნენ, სხვები კი თვალსაჩინო წინსვლას გვიჩვენებდნენ.

პირველად დათუნაშვილმა გაგვაოცა, როცა ეროვნულ გუნდში პირველივე სადებიუტო შეჯიბრებაზე - სოფიაში გამართულ სალიცენზიო ტურნირში უნგრელ ევროპის ჩემპიონ პეტერ ბასცისთან გაკეთებული "მფრინავი ილეთით" მსოფლიო გააკვირვა, ჩვენ კი უზომოდ გაგვახარა ლიცენზიის მოპოვებით.

ამას ჯერ გეგეშიძის საოცარი ბრძოლისუნარიანობით მოგებული, განწირული შეხვედრის შემობრუნება მოჰყვა, როცა პირველად დაგვარწმუნა საკუთარ საოლიმპიადო პერსპექტივაში; მერე კი ფერსელიძის სასწაული უკუგდებები ვიხილეთ, ამ 120-კილოგრამიან დევკაცებს ზურგს უკან რომ ისროდა მაყურებლებში.

თუმცა ეს პროგრესი მაინც არ იყო ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლის გარანტია, რადგან ყველაფერთან ერთად, იმ ჩავარდნას თაობათა ცვლაც დაემთხვა და ბეგი დარჩიას ხელში დებიუტანტთა ექვსეული აღმოჩნდა. ზოგიერთს საკმაო გამოცდილება კი უმაგრებდა ზურგს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტვირთი მაინც დიდი იყო.

დღეს, როცა ბიჭებმა ამ დაწოლას გაუძლეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერძენ-რომაელებმა აჩვენეს, თუ როგორ უნდა მოამზადო გუნდი კონკრეტული შეჯიბრებისთვის.

ალბათ, იკითხავთ, მსოფლიოსთვის ან ევროპისთვის რატომ ვერ შეძლესო. კითხვა სავსებით მართებულია, თუმცა თაობათა ცვლასთან ერთად, ამას სხვა მიზეზიც აქვს, რაც მართვის პრობლემას უკავშირდება, ოღონდ ეს სხვა საუბრის თემაა.

ბეგი დარჩიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის მომზადება ხელეწიფება. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბიც აუცილებლად უნდა დავასახელოთ - ოთარ ტატიშვილი, აკაკი ჩაჩუა და პირადი მწვრთნელებიც: ვაჟა კრავეიშვილი, ვილიამ ხარაზოვი (ტატიშვილი და ჩაჩუა ამ კატეგორიაშიც გადიან).

Sportall.Geლონდონში დანახული ნაკლოვანებები
ობიექტურობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ხარვეზები, რომლებიც ლონდონურ ნისლში გამოჩნდა და რომელთა აღმოფხვრაც მომავალ ოლიმპიურ ციკლში მთავარ სტრატეგიად უნდა იქცეს.

მით უფრო, ყველა მათგანი ქართული საჭიდაო სკოლისთვის ტიპურია და წლიდან წლამდე მეორდება.

ბუნებრივია, ეს ჩვენი თვალთახედვაა, თორემ იქნებ მწვრთნელებმა მეტიც დაინახეს ან სულ სხვა ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება.

უბრალოდ, ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ და ასეთთა შორის, უპირველესად, ფიზმომზადებას დავასახელებთ.

მართალია, ახლა ამ მხრივ ადრინდელივით კატასტროფული მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე ფალავანს გარკვეულ ეპიზოდებში დაღლა დაეტყო. ჩვენების ერთი დამახასიათებელი ნაკლი ჩოქბჯენში არცთუ კარგი ჭიდაობაა, რაც, ვფიქრობთ, ისევ არასათანადო ფიზიკური მომზადებითაა გამოწვეული.

თუმცა ჩოქბჯენსაც გააჩნია - ამ ტურნირზე დაცვაში ჩვენები კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რამდენადაც დამაჯერებელნი იყვნენ ამ კომპონენტში, იმდენად სუსტად გამოუდიოდათ შეტევაში ჭიდაობა.

აკი რამდენიმე შეხვედრა სწორედ იმიტომ წავაგეთ, რომ ჩოქბჯენში ჩაყენებული მეტოქის დატრიალება ვერ მოახერხეს.

ეს მხარე აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, რადგან დღევანდელი ჭიდაობა დიდწილად ფიზიკურ მომზადებაზე, გამძლეობაზეა დამოკიდებული; ჩოქბჯენი კი მისი განუყოფელი ნაწილია და თუ კარგად არ მოვემზადებით, კიდევ ბევრჯერ დაგვიდებს კვანტს.

ვიცი, მწვრთნელები აუცილებლად შემომედავებიან, მაგრამ ფიზმომზადების მთლიანი სისტემაა შესაცვლელი და არა მხოლოდ ჭიდაობაში. ამას კი სახელმწიფოს ყურადღებაც სჭირდება კადრების მომზადების თუ სხვა დამხმარე ღონისძიებების სახით, თორემ მარტო ფედერაციები ბევრს ვერაფერს გახდებიან.

ჩოქბჯენის ზSportall.Geედა-ქვედა პოზების თვალსაზრისით, ძალზე საყურადღებო იყო ლაშხის შეხვედრა რუს ზაურ კურამაგომედოვთან, როცა პირადი მწვრთნელი ჩაჩუა ლამის ეხვეწებოდა, როგორმე წუთნახევარი გაეძლო და საქმე ჩოქბჯენამდე მიეყვანა.

მართალია, ლაშხს შესახვეწი არაფერი სჭირდა, რადგან სჯობდა მეტოქეს და როგორც მოჭიდავეები იტყვიან, მიჰყავდა შეხვედრა, მაგრამ მწვრთნელებს ყველაფერზე ეტყობოდათ, რომ ჩოქბჯენი იყო მათი მთავარი სტრატეგია. არადა, იქ დაბლა ქართველი უნდა ჩამდგარიყო, მაგრამ მაინც ასე ერჩივნათ!

ეტყობა, ეიმედებოდათ თავის და მართლაც ვერ დაატრიალა რუსმა, მოიგო ლაშხმა.

კიდევ ერთი თვალსაჩინო ხარვეზი დგომში გდებების დეფიციტი იყო - უმეტესობას უჭირდა. მაგალითისთვის თუნდაც მეორე დღე ავიღოთ, როცა სამი ქართველი ჭიდაობდა - ცხადაია, გეგეშიძე და ფერსელიძე. თავისი უზადო გდებებით კი მხოლოდ ფერსელიძე გამოირჩეოდა.

არსებითად, ამ სამეულიდან ჯვარზე მხოლოდ ის ეკვროდა მეტოქეებს, სხვებისგან კი ეს არც მახსოვს და მგონი, არც კი ცდილობდნენ ამას. ალბათ, იმიტომ, რომ დგომში გდებებს ვერ აკეთებენ, უამისოდ კი შეკვრას აზრი არ აქვს და ამიტომ სხვა სტილის ჭიდაობას ირჩევდნენ.

წარმატებისკენ მიმავალი ნებისმიერი გზა გამართლებულია, მაგრამ სპორტის ზოგ სახეობაში თუ, მაგალითად, ტყვიის სროლაა მთავარი, ზოგან - ისრის, შუბის, უროს, ბადროს, ბირთვის და ასე შემდეგ, ზოგან ფეხით ან ხელით დარტყმაა აუცილებელი, ზოგან - ახტომა-დახტომა. ჭიდაობაში ილეთია მთავარი, მის გარეშე კი დიდი წარმატება ძნელად თუ მოვა.

ამ მხრივ გამონაკლისებიც იყო (მაგალითად, ლაშხმა რამდენიმე შეხვედრაში კარგი გდებები აკეთა), მაგრამ აქ რომ უფრო ძლიერები ვყოფილიყავით, რამდენიმე შეხვედრას არ წავაგებდით. თუნდაც დათუნაშვილის მარცხი გავიხსენოთ აზერბაიჯანელ ემინ აჰმადოვთან - ჩვენებურმა ჩოქბჯენიდან ჯერ ვერ დაატრიალა, მერე კი მეტოქემ ლამის სალტო გააკეთა, ისეთი მოძრაობით გადააგდო ილეთზე...

მოკლედ, მედალს მუდამ ორი მხარე აქვს და წარმატებასთან ერთად, ნაკლოვანებებიც უნდა დავინახოთ, რომ გამოვასწოროთ და მომავალში კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მივიღოთ. პროგრესი მხოლოდ ასე მიიღწევა, თორემ ჩვენს იმ ხარვეზებს მეტოქეები კარგად სწავლობენ და ბევრჯერაც გამოიყენებენ.

Sportall.Geრას ერჩოდნენ გეგეშიძეს?
სამწუხაროდ, ჩვენი მოჭიდავეების გაუგონარი დაჩაგვრის გარეშე ოლიმპიადა არ ჩაივლის... აკაკი ჩაჩუას, ლუკა კურტანიძის და სხვათა დარად, ამას ახლა ვლადიმერ გეგეშიძე ემსხვერპლა.

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ მისი ლამის ყველა შეხვედრა საკამათო იყო, ლამის ყველგან დააკლეს ქულები, თუმცა ბრინჯაოსთვის დანიელ გაჯიევთან შეხვედრაში რაც მოხდა, ძნელად თუ წარმოვიდგენდით! (იხილეთ ვიდეო)

ჩვენებური ჩოქბჯენში ლამის ორთაბრძოლის მიწურულამდე წარმატებით უძალიანდებოდა მეტოქეს. ბოლოს კონტრშეტევით დაუსხლტა და ზემოდან მოქცეულმა იქით დააგდო ავარელი ყაზახი. მსაჯმაც სამართლიანად მისცა ორი ქულა, რაც ყაზახთა პროტესტის მერეც ძალაში დატოვეს, ანუ მეორედ შეუფასეს გდება, თუმცა საბოლოოდ მაინც შეცვალეს - მეტოქეს მიანიჭეს და ჩვენებური უმედლოდ დატოვეს.

საკამათო იყო ნახევარფინალიც რუსთა მომავალ ჩემპიონ ალან ხუგაევთან. შესაძლოა, იქ ეს იმანაც განაპირობა, რომ იმ დროს ერთი კაცი უკვე ფინალში გვყავდა და პატარა ქვეყანას მეორე ფინალს არავინ მისცემდა - ვიცი, მკითხველს გაუკვირდება, რასაც ვწერ, მაგრამ მსგავსი მიდგომა რომ ადრეც არსებობდა, ქვემოთ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის კომენტარშიც წაიკითხავთ.

გაჯიევთან შეხვედრაზე ერთადერთი კომენტარი, რაც მოვისმინეთ, სპორტის მინისტრის მოადგილემ, ყოფილმა მოჭიდავემ, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა და წარმატებულმა მწვრთნელმა გია გალდავამ გააკეთა. მან მსაჯების ნათქვამი გაახმოვანა, ჭიდაობის გეოგრაფიის გაფართოების მიზნით ყაზახეთს მედალი სჭირდებოდა და იმიტომ მოვიქეცით ასეო!!!

მკითხველს ნურც ეს ფრაზა გაუკვირდება, რადგან ესეც დიდი ხანია, მესმის სხვადასხვა ტურნირზე. არადა, ამაზე მეტი სისულელე არ იქნება!

სამართლიანი ბრძოლა ხომ ოლიმპიადის მთავარი პრინციპია, რომელიც ასეთი დამოკიდებულებით ფეხქვეშ ითელება. ძლიერმა რომ უნდა გაიმარჯვოს, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელსაც მტკიცება მხოლოდ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში სჭირდება, მაგრამ რა პასუხს გასცემენ ისინი უსამართლოდ დაჩაგრულ ფალავნებს, კონკრეტულად კი გეგეშიძეს?

კაცმა იშრომა, თვეების განმავლობაში პირადი ცხოვრება გვერდზე ჰქონდა გადადებული, უამრავი რამე მოიკლო, უზღვავი ენერგია, შრომა ჩადო მზადებაში და ვიღაც ასე უნამუსოდ ართმევს!

ეს დანაშაულია არა მხოლოდ კონკრეტული ფალავნების, არამედ ქომაგთა წინაშეც, რომელსაც სამართლიანობა აინტერესებს და არა დადგმული სპექტაკლები. გეოგრაფიის გაფართოებაზე კი ყველამ შრომით იზრუნოს და ისე ივარჯიშოს, როგორც გეგეშიძე ემზადებოდა.

მედლებს თუ გეოგრაფიული პრინციპით ანაწილებენ და არა სპორტულით, ბარემ ეგეც გვითხრან.

ჭიდაობაში მსგავსი მიდგომა რომ არ აღმოიფხვრა და ასეთი პრინციპებით ხელმძღვანელობს დღემდე, ამის გამოძახილი მგონია, ოლიმპიადაზე წონაში მხოლოდ 19-20 კაცი რომ გამოდიოდა. ეტყობა, სოკ-საც მოსწყინდა მსგავსი ფარსი! შედარებისთვის - ძიუდოში წონაში 30-37 ათლეტი გამოდიოდა, აქ კი თუ ასე გაგრძელდა, იქნებ საერთოდ ამოიღონ ჭიდაობა ოლიმპიადიდან.

გავიხსენოთ - ჯერ კიდევ 8 წლის წინ იყო ლაპარაკი ბერძნულ-რომაულის ამოგდებაზე!

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რას აკეთებს ჩვენი ფედერაცია, ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტრო, ზოგადად - ქართული სახელმწიფო საკუთარი სპორტსმენის დასაცავად, როცა მსგავსი უსამართლობა პერმანენტულად გვატყდება ხოლმე თავს - არა მხოლოდ ოლიმპიადაზე, სხვა ტურნირებზეც? ნუთუ არ არსებობს თავდაცვის, სამართლიანობის მექანიზმი ჭიდაობაში?

კიდევ ერთ კულუარულ ხმებს გავახმოვანებ. არცთუ იშვიათად ამბობენ, რომ ძველი ვალებისთვის ვისჯებით. მარტივად რომ ვთქვათ, იმ გაჭირვების წლებში, როცა ფედერაციებს ვერ აფინანსებდნენ და ფული არათუ მსაჯთა პატივსაცემად, ტურნირებზე წასასვლელადაც არ იყო, ქართველებმა რამდენჯერმე "გადააგდეს" მსაჯთა გილდიაო...

ვიცი, ეს მამალ ჭორს ჰგავს, თუმცა ბევრი ფაქტის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ სიტყვა ისედაც გაგვიგრძელდა... უბრალოდ, თუ მართლაც ამისთვის ვისჯებით, ერთხელ და სამუდამოდ ეს ვალიც გადავიხადოთ და დავისვენოთ. თუ ფული არაფერ შუაშია და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია უძლურია, მსგავსი უსამართლობისგან დაგვიცვას, მაშინ მის პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის რაღას "ვეტენებით" და ძმობას ვეფიცებით?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სპეციალისტის კომენტარი - მიხეილ სალაძე: გულდასაწყვეტი მხოლოდ გეგეშიძის შემთხვევაა
სპეციალისტის კომენტარი - გურამ საღარაძე: ჩვენი ბერძენ-რომაელები ნორმალურად გამოვიდნენ

მანუჩარ ცხადაია - ცხადი ბრინჯაო საოცნებო ოქროს ნაცვლად [+VIDEO]
ქართველები ოლიმპიადაზე: მოპოვებული ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი მადლობა ბიტებს, მგლებივიტ იბრდზოლეს, გაიხარეტ. . .
0
გეგესიდზე ცვენტვის ცემპიონია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული