მთლიანად გუნდის გამოსვლას ცუდი ნამდვილად არ ეთქმის, რადგან ამ 5 ვერცხლის გარდა, კიდევ ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ, ერთიც მეხუთეზე გავიდა.
მოკლედ, 10 ფალავნიდან შვიდმა მედლისთვის იჭიდავა - საბოლოოდ 6 ჯილდო დავიმსახურეთ, რაც გუნდის სტაბილურობის დასტურია, თუმცა ამ მასშტაბურ წარმატებას ოქროს ბრწყინვალება დააკლდა.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 62 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს - ჩამორჩნენ 84-ქულიან აზერბაიჯანს, თვითონ კი 1 ქულით გაუსწრეს
გუნდურში მასპინძელთა ასეთი დიდი უპირატესობა გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხუთიდან სამი ფინალი მათთან წავაგეთ, თითო-თითო კი უკრაინასა და თურქეთთან.
პირდაპირ ეთერში ტურნირის სრულად ხილვის საშუალება არც ამჯერად მოგვეცა, თუმცა იმ ხუთი ფინალიდან რაც ვნახეთ, მსაჯებზე პრეტენზია მხოლოდ რამაზ ზოიძესთან (46) დაკავშირებით თუ გვექნება, თორემ სხვებს მოსაგებად მეტი გარჯა მართებდათ.
ზოიძის გარდა, ვერცხლის მედლებს გენადი ჩიტაძე (42), ბაკურ გოგოლი (54), გელა ბოლქვაძე (63) და ბექა კანდელაკი (100) დაეუფლნენ. მესამე ადგილზე ნიკა გავაშელი (76) გავიდა, მეხუთეზე - გიორგი ჩხარტიშვილი (69). ჩვენთვის უფრო წარმატებული 26 აგვისტო აღმოჩნდა, როცა ნახევარფინალში 5 ქართველი გავიდა, 4-მა ფინალში იჭიდავა, ჯამში კი ხუთივემ მედალი მოიპოვა.
ევროპის პირველობის შემდეგ კრავეიშვილმა ეს გუნდი გვარიანად რომ გადაახალისა, წინა წერილშიც ვწერდით - მხოლოდ სამი მედალოსანი დატოვა, დანარჩენები კი შეცვალა.
ვფიქრობთ, გამართლებული მიდგომაა და ნამდვილად სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ წარმატებულ მოზარდს ვერ ვიხილავდით.
მაგალითად - დებიუტანტ ჩიტაძეს, რომელიც პირველ დღეს ქართული გუნდის ლამის ერთადერთი გამონათება იყო. ამ ახალბედამ ტურნირი საკმაოდ მძიმე მარცხით დაიწყო - პირველივე შეხვედრაში პირველი პერიოდი ყაზახ მაირამბეკ ნადირბაევთან 0:4 წააგო, მაგრამ შეძლო ძალების მოკრება, მობილიზება და ჯერ 2:0 მოგებით ანგარიში გაათანაბრა, დამატებითში კი 1:0 იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა.
იქ თურქი სერგენ აი 3:0; 1:0 დაჯაბნა. ფინალში კი ორი პერიოდის ჯამში 0:6 წააგო უკრაინელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ არტურ პოლიტაიევთან.
გვაოცებს და სიმპათიებსაც იხვეჭს რამაზ ზოიძე, რომელიც აგრძელებს წარმატებულ სეზონს შინ თუ გარეთ - საქართველოს ჩემპიონი ორივე სტილით ჭიდაობაში უცხოეთში ბერძნულ-რომაულში ასპარეზობს ზედიზედ მეორე სეზონია, ევროპა-მსოფლიოზე მედლებს იგებს. თან შარშან თუ ოქრო და ბრინჯაო ჰქონდა, წლეულს ოქრო-ვერცხლი აქვს.
სხვა საქმეა, რომ შარშან ის ოქრო მსოფლიოზე მოიპოვა, წლეულს - ევროპაზე. კონტინენტის წლევანდელი გამარჯვებული ბაქოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ტიტულის შენარჩუნებასთან ახლოსაც იყო, მაგრამ მისთვის ნაცნობ მასპინძელ მიხაილ რახმანოვთან ფინალური პაექრობის მესამე პერიოდში გდება არ ჩაუთვალეს.
არადა, პირველ პერიოდში მეტოქეს ქულებით სუფთად აჯობა - 6:0. ქულათა საერთო მარაგი 6:4 იყო მის სასარგებლოდ, მაგრამ პერიოდებში 1:2 წააგო. ზოიძემ რახმანოვს წლეულს ევროპირველობის ფინალში სძლია და მასპინძლები ყველანაირად დაეხმარნენ თავისიანს რევანშის აღებაში.
ზოიძეს ნახევარფინალშიც ნაცნობი მეტოქე ელოდა ძველი ვალების გასასტუმრებლად - რუსი არიფ მირზაევი, რომელსაც ჩვენებურმა შარშან მსოფლიოს პირველობის ფინალში აჯობა, როცა ორივენი 42 კილოგრამში გამოდიოდნენ.
ცხადია, რუსს ბაქოში რევანში ძალიან სწყუროდა და კარგადაც დაიწყო ჭიდაობა, მაგრამ ქართველმა სასწაულებრივი ორთაბრძოლა მოუგო და ზედიზედ მეორედ დაამარცხა მსოფლიოს პირველობაზე - 1:9-ზე წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ შეძლო მობილიზება და მომდევნოებში 2:1; 6:0 გამარჯვება.
მანამდე ზოიძემ ინდოელი მეიტეი ინაკუნბა და ხორვატი სებასტიან ნადი დაამარცხა ძირითად დროში (ხორვატს პერიოდები 6:0; 8:0 (!) მოუგო).
ბაკურ გოგოლი ამ ნაკრებისთვის უცხო კადრი უკვე აღარაა და ამდენად, დროც იყო, შედეგი მოეტანა. ის პირველ წრეში ისვენებდა, მერე ოთხი შეხვედრიდან ბოლო ორი კი ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალისტებთან გამართა.
ამათგან ნახევარფინალში კონტინენტის რუს ჩემპიონ აზნაურ ოტევოვთან მოსაგებად ძალები ეყო (3:3; 1:0), ფინალში მასპინძელ ვერცხლისმედალოსან კარიმ ჯაფაროვთან - არა (0:3; 0:2). გოგოლმა პირველ შეხვედრაში ყაზახი აიან ალიპი იოლად დაამარცხა - 6:1; 1:0, თურქ ომერ ალფარსლან გისისთან მოსაგებად კი დამატებითი დრო დასჭირდა.
პირველი პერიოდი ჩვენებურმა ჩოქბჯენიდან დატრიალებით 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე იმავე სიტუაციაში ანალოგიური ანგარიშით წააგო. საბედნიეროდ, დამატებითში 2:0 იმარჯვა და საბოლოოდ ფინალამდე წარმატებით იარა.
დებიუტანტობას არც ბოლქვაძე შეუშინდა და ოთხიდან სამ შეხვედრაში იმარჯვა, ფინალში კი არ უჭიდავია აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელ მესამე პრიზიორ რუჰინ მიხაილოვთან. აღსანიშნავია, რომ მიხაილოვმა ევროპაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა მურთაზ ჩაბრავას მოუგო.
ბოლქვაძე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ლატვიელი ვლადისლავ ლებედევსი ძირითად დროში საერთო ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ორ პერიოდში იმარჯვა ნახევარფინალშიც ირანელ განბარი პარჰამთან, დამატებითი დრო კი მესამე წრეში დასჭირდა ხორვატ ფილიპ საჩიჩთან - 2:0; 0;1; 1:0.
კანდელაკი ფინალამდე სამი მოგებით მივიდა, გზად კი ირანელი იმან ფარიაბი, გერმანელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი მუჰამედ ეტკა სევერი და უკრაინელი ბორის რეზნიჩენკო ჩამოიცილა.
ამათგან ყველაზე მეტად ირანელთან გაუჭირდა, რომელსაც ორივე პერიოდი მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოუგო, სხვებს კი უფრო დამაჯერებლად აჯობა. აღსანიშნავია, რომ ის შარშან ევროპის პირველობაზე სხვა უკრაინელმა დაამარცხა, თუმცა ამჯერად უკრაინული ბარიერი წარმატებით დასძლია - 2:0; 3:0.
ჩვენებურს ფინალში თურქ ემრე სალაჰატინ მუიანთან მეტი აქტიურობა, მეტი შეტევა მართებდა. პირველ პერიოდში მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჩოქბჯენს ელოდებოდა და ეს შანსი წარმატებითაც გამოიყენა - დაატრიალა მეტოქე, მაგრამ მეორეში ილეთის მცდელობისას შეცდა და ორქულიანი გდება აჩუქა თურქს.
სამწუხაროდ, ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერც დამატებით დროში გაუწია. ვფიქრობ, მანაც და ზოგადად ჩვენმა მოჭიდავეებმა უნდა შეიგნონ, რომ ილეთის გაკეთება აუცილებელია; რომ არავინ არაფერს დაგითმობს, მეტოქის შეცდომის იმედზე ყოფნით ძიძგილაობა კი წყლის ნაყვაა. აუცილებელია, მოწინააღმდეგე წნეხში გყავდეს - ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.
გავაშელი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანია და ახლაც მესამე ადგილს დასჯერდა. მისთვის დაუძლეველი ზღუდე რუსთა მომავალი ფინალისტი მაირბეკ ადიგუნოვი აღმოჩნდა, თუმცა ორივე პერიოდი მხოლოდ 0:1 დათმო.
სამაგიეროდ, მანამდე იჭიდავა დამაჯერებლად - ინდოელ მანგეტ კუმარს ორ პერიოდში 3:0 მოუგო, ამერიკელ ჩანდლერ როჯერსს კი - 6:0; 7:2. ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც შეუჩერებელი იყო ყაზახ ჰუსეინ მუცოლგოვთან - 1:0; 3;2.
ჩხარტიშვილი მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორია, ახლა კი ბრინჯაომდე ერთი ხელის გაწვდენა დააკლდა - შარშანდელის მსგავსად, ძირითადში ამჯერადაც რუსთა მომავალ ჩემპიონთან, ოღონდ ამჯერად არა ბისლან ასაკალოვთან, არამედ მანსურ გუბაევთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი ყირგიზ ატაბეკ აზისბეკოვს დაუთმო.
ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრები - ირაკლი შავაძე (50), ლაშა ებილაშვილი (58) და სულხან ბუიძე (85) ადრევე გავარდნენ. ამათგან ყველაზე დასანანი შავაძის წაგებაა, რომელიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონია.
დავძენთ, რომ ყველასათვის ცნობილი პოლიტიკური მიზეზით სომხური გუნდები ბაქოში საერთოდ არ ჩასულან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"