FILA გლობალურ ცვლილებებს გვპირდება

AutoSharing Option
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) არ ისვენებს და ახალ გლობალურ ცვლილებებს გვპირდება.

თუმცა ჭიდაობის მამები არც აქამდე მალავდნენ, რომ ოლიმპიადის დასრულებას ელოდნენ და მერე განიხილავდნენ რეფორმებს. ნოემბრის შუა რიცხვებში FILA-ს კონგრესი გაიმართება და სწორედ იქ იმსჯელებენ ამ მოსალოდნელ გლობალურ ცვლილებებზე.

რეფორმები კი მართლაც მასშტაბური იგეგმება - წონითი კატეგორიების შეცვლა, სერიოზული ცვლილებები წესებში და სხვა... წონების შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი ოლიმპიადაზე ქალთა წონების რაოდენობის გაზრდაა. მოგეხსენებათ, თამაშებში ისინი მხოლოდ ოთხ წონით კატეგორიაში გამოდიან და სურთ, მათი წარმომადგენლობა გაზარდონ, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (SOK)
მუდამ ფრთხილად ეკიდება მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას და აშკარაა, ქალებს ვაჟთა შემცირების ხარჯზე თუ დაუმატებს ადგილებს.

SOK-ი მით უფრო არ იქნება მოწყალე ჭიდაობისადმი, რომელმაც არაერთხელ შეირცხვინა თავი არაობიექტურობით, კორუმპირებულობით და მოჭიდავეთა გაუგონარი ჩაგვრით.

ამას ჭიდაობის სანახაობრივი მხარის გაუარესებაც ემატება, თუმცა ამაზე ქვემოთ. ასეთ პირობებში FILA-ს გამოსავლად მართლაც ვაჟთა წონების შემცირება რჩება.

მოარული ხმებით, ამას წონების დამრგვალების ხარჯზე აპირებენ, ანუ რამდენიმე წონითი კატეგორია გაერთიანდება, თუმცა ჯერ კონკრეტულად არაფერი არაა ცნობილი და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

არც ისაა გამორიცხული, აღმასკომის წევრები არც დაეთანხმონ FILA-ს, თუმცა მის პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის ისე ჰყავს ხელში დაჭერილი მთელი სამყარო, ნაკლებადაა მოსალოდნელი, ამდენმა წევრმა გაუწიოს წინააღმდეგობა.

წესებში ცვლილებები სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებითაა განპირობებული. ამ მხრივ, ერთ-ერთ საკვანძო საკითხად საჭიდაო დროის პერიოდებად დაყოფა რჩება. განზრახულია, დარჩეს ორი პერიოდი, ანუ ამოვარდეს დამატებითი სეტი, ოღონდ ის ორიც არა 2-წუთიანი, არამედ 3-წუთიანი იქნება.

სავარაუდოდ, თუ პერიოდების მიხედვით ანგარიში 1:1 იქნება, ამ შემთხვევაში ქულები დაითვლება.

ვიმეორებთ, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, თუმცა საქმე თუ ქულებზე მიდგება, მაშინ პერიოდებიც რაღა საჭიროა?

თუმცა წონებისა არ იყოს, ჯერ ეს საკითხიც გაურკვეველია და აქაც ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია. ჩვენ კი ვიქონიოთ იმედი, რომ აღმასკომი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ჭიდაობას სანახაობას, სილამაზეს და აქედან გამომდინარე - ქომაგსაც დაუბრუნებს. მთავარია, ისეთი წესები შემოიღონ, რაც ადვილად აღსაქმელი და ყველასათვის გასაგები იქნება.

დღევანდელი ჭიდაობა დიდწილად მათემატიკურ გათვლებად იქცა, რაც აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს. ამასთან, ქომაგს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, როცა ერთი მონაწილე, მაგალითად, 7 ქულას აგროვებს, მეორე კი მხოლოდ - 2-ს, რატომ იგებს შეხვედრას ის 2-ქულიანი მხოლოდ იმიტომ, რომ სამიდან ორ პერიოდში იმარჯვა.

თანამედროვე წესებს სხვა ბევრი უცნაურობაც ახასიათებს, რაც პირდაპირ მოქმედებს ხარისხზე. სწორედ ამ თავისებურებებმა გადახარა ის ფიზიკური ძალის გაჯიბრებისკენ, როცა წარმატებისთვის ხშირად მხოლოდ ტანკივით მიწოლა და ძალით დაჯაბვნა სრულიად საკმარისია, ყოველგვარი ილეთისა და სილამაზის გარეშე. იმედია, მომავალში ასე აღარ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული